1783576728
„ყინული ეპიდემიოლოგიური აფეთქებების ერთ-ერთი ხშირი წყაროა...“ - მაია ბუწაშვილის საგანგებო გაფრთხილება
ინფექციების რისკი განსაკუთრებით იზრდება. ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი გადაცემაში „კოტcast“ საუბრობს იმ საფრთხეებზე, რომლებიც ყოველდღიურ ჩვევებს შეიძლება ახლდეს - მათ შორის, ყინულის გამოყენებასა და დიდი ხნით ადრე მომზადებული საკვების მიღებას.
ექიმის განცხადებით, ყინული შესაძლოა ეპიდაფეთქებების ერთ-ერთი წყარო გახდეს, რადგან მომხმარებელმა ხშირად არ იცის, რა წყლით არის ის დამზადებული და რამდენად დაცულია მისი მომზადებისა და შენახვის პირობები.
„ყინული ეპიდემიოლოგიური აფეთქებების ერთ-ერთი ხშირი წყაროა. ამიტომ ჯობია, ყინულს მოვერიდოთ. როდესაც სასმელს ვუკვეთავთ ან ვყიდულობთ, უმჯობესია მაცივრიდან გამოღებული მთლიანი ბოთლი ან დახურული ჭურჭელი ავირჩიოთ, რადგან არავინ იცის, რა წყლისგან არის ყინული დამზადებული“,- განაცხადა მაია ბუწაშვილმა.
ინფექციონისტმა ყურადღება გაამახვილა ზაფხულში სალათების მიღების რისკზეც. მისი თქმით, განსაკუთრებით საეჭვოა დიდი ხნით ადრე მომზადებული კერძები, რადგან მაღალი ტემპერატურის პირობებში მიკროორგანიზმები სწრაფად მრავლდებიან.
„ზაფხულში, მათ შორის რესტორნებშიც კი, უმჯობესია უპირატესობა ახლად მომზადებულ საკვებს მივანიჭოთ. ჯობს საკვები მაღალ ტემპერატურაზე იყოს მომზადებული, ვიდრე სალათები მივირთვათ, რადგან სალათები ხშირად ინფექციების გავრცელების განსაკუთრებული წყარო ხდება“,- აღნიშნა ექიმმა.











