1783576728
დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ
22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
მძიმე დანაშაულში ბრალდებულ ძმებ კაკულიებს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდებათ.
ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმების, კაკულიებისა და საერთაშორისო ძებნაში მყოფ ბუსა ჟვანიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა აგვისტოში ჩატარდება.
ადვოკატის დავით კუტალაძის განაცხადებით, ეს სტანდარტული პროცედურაა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე, მაშინ, როცა კონკრეტულ ადამიანს ბრალად ედება 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. აღნიშნულში განსაკუთრებული არაფერია და ვფიქრობ, რამე განსხვავებული შედეგის მოლოდინი არც ერთ მხარეს არ გააჩნია, არც ბრალდების და არც დაცვის მხარეს.
ცნობისთვის, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც 2021 წელს მოქმედი რედაქციით, სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გურამ და დავით კაკულიები მსჯავრდებულები არიან და პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს იხდიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. კერძოდ კი, ძმებ კაკულიებს 2022 წელს, არაყიშვილის ქუჩაზე, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით ერთი პირის დაჭრის ფაქტზე 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.
ბუსა ჟვანიაზე კი საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
რაც შეეხება ნიკო კვარაცხელიას, ის 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. ნიკო კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.










