მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
საქართველოში პირველი მარტიდან სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებული დასაქმების პროგრამა ამოქმედდა.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი სამუშაოები სპეციალურად სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნება. ამ სამუშაოების შესრულება კი ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე ადამიანს შეეძლება.
„პროგრამით სარგებლობის უფლება ექნებათ 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე მყოფ სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებს, რომლებსაც არ აქვთ მინიჭებული შშმ სტატუსი ან არ აქვთ ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები“.
„პრაიმთაიმი“ დაინტერესდა კონკრეტულად რომელ სფეროში შეძლებენ დასაქმებას სოციალურად დაუცველები და ამჟამად სულ რამდენ პირს გაუფორმდა ხელშეკრულება.
როგორც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში განგვიცხადეს, ამ ეტაპზე ყველაზე მაღალია თბილისში, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.
„საზოგადოებრივი სამუშაოების ქვეპროგრამის ფარგლებში ვაკანსიები წარმოდგენილია:
👉 მეეზოვის პოზიციაზე;
👉 დამლაგებლის პოზიციაზე;
👉 გამწვანების სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე;
👉 რეინჯერის დამხმარის პოზიციაზე;
👉 ამინდზე დამკვირვებლის პოზიციაზე და სხვა.
„საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ პორტალზე 22 000-მდე ვაკანსიაა დარეგისტრირებული. წლის ბოლომდე კი გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობა 50 000-მდე გაიზრდება. ამ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში ხელშეკრულება უკვე გაფორმდა 4 601 პირთან, “- განუცხადეს „პრაიმთაიმს“ სააგენტოში.
საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვის ნაცვლად, ბენეფიციარს, დასაქმება შრომის ბაზარზე არსებულ სხვა ვაკანსიებზეც შეუძლია. სოციალურად დაუცველი პირი, დასაქმების პროგრამაში იმ შემთხვევაშიც ჩაერთვება, თუ არაფორმალურადაა დასაქმებული. ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში, სოციალური შემწეობის მიმღები პირის სტატუსი არ გადამოწმდება.
თუ სოციალურად დაუცველ პირს დასაქმება არ სურს, მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სტატუსის განსაზღვრა ყოველწლიური გადამოწმების შედეგების საფუძველზე მოხდება. თუმცა მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ნებისმიერ დროს შეეძლება.
პროგრამაში ჩართვის მსურველებს, დამატებითი ინფორმაციისთვის, სამინისტროს ცხელ ხაზზე - 15 05 დაკავშირება შეუძლიათ.