რა ინფორმაციის გაცემა ეკრძალება კრედიტორს მოვალის პრობლემურ სესხებზე

kreditinfo

მოქალაქეების უმრავლესობა, რომლებიც საკრედიტო ორგანიზაციებიდან სესხებს იღებენ, ჩივის, რომ ხშირად ყოველდღიური შანტაჟისა და მუქარის მსხვერპლნი ხდებიან, რადგან ე.წ. ამომღები კომპანიები პრობლემური სესხის დაბრუნებას კანონდარღვევებით ცდილობენ. მათი თქმით, არის შემთხვევები, როდესაც კრედიტორები მოვალის ოჯახის წევრებს, მის ახლობლებსა და მასთან ერთად მცხოვრებ პირებს აწვდიან მოვალის სესხების შესახებ ინფორმაციას.

როგორ ხდება პრობლემური სესხების ამოღება, ამის შესახებ ვებგვერდი myadvokat.ge-ი რამდენიმე განმარტებას აკეთებს. ამასთან, ვებგვერდი პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატის ინფორმაციას რეკომენდაციის სახით ავრცელებს.

არის შემთხვევები, როდესაც კრედიტორები მოვალის ოჯახის წევრებს, მის ახლობლებსა და მასთან ერთად მცხოვრებ პირებს აწვდიან მოვალის სესხების შესახებ ინფორმაციას.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2017 წლის ანგარიშის თანახმად, 2017 წელს ინსპექტორის აპარატმა პრობლემური სესხების შესახებ ინფორმაციის მესამე პირებისთვის უკანონოდ გამჟღავნების და მათთან უკანონოდ დაკავშირების 17 ფაქტი გამოავლინა; კომპანიები დაჯარიმდნენ 13 შემთხვევაში. 4 ფაქტზე ჯარიმის დაკისრება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო არ მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ფიზიკური პირის ფინანსურ დავალიანებასთან დაკავშირებული ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შემცველია და მისი მესამე პირ(ებ)ისთვის გამჟღავნება დასაშვებია მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში.