პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა ისტორიული პროექტის დაწყების შესახებ, რომლის მიხედვითაც, უახლოეს 3-4 წელიწადში ქვეყანაში მთელი საჯარო ინფრასტრუქტურის აღდგენა მოხდება.
მომდევნო პროექტზე, რომელზეც „პრაიმტაიმი“ ვრცელ ინფორმაციას გაგაცნობთ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სუბსიდიის პროგრამაა.
პრემიერის განცხადებით, ფერმერებს ყოველ 1 ჰექტარ მიწაზე დაერიცხებათ 300 ლარი (ქულების სახით) და ამით 300 000-მდე ფერმერი ისარგებლებს.
„წელს ძალიან რთული წელია მსოფლიოში, არაერთი გამოწვევა არსებობს. ჯერ იყო პანდემია, ახლა დამანგრეველი ომი. ბუნებრივია, ყველგან გაუარესდა მდგომარეობა, ინფლაცია, ფასების ზრდა და ასე შემდეგ. ქვეყანაში სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა რომ შევინარჩუნოთ, რა თქმა უნდა, უნდა დავეხმაროთ მოსახლეობას, მოქალაქეებს, ფერმერებს. გადავწყვიტეთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა დავიწყოთ.
პროგრამის დამტკიცების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროული და ეფექტური განხორციელების ხელშეწყობა. სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება ერთ ჰექტარზე 300 ლარით. სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰექტრიდან 1.25 ჰექტრამდე ჩათვლით მიწის მესაკუთრეები, თანამესაკუთრეები. ბენეფიციარს შეეძლება მიიღოს ეს სუბსიდია, მათ სპეციალურ აგრობარათზე დაერიცხებათ აღნიშნული დახმარება, სუბსიდია და შეუძლიათ გამოიყენონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო საქონლის შესასყიდად. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იქნება, ეს შეეხება 300 ათასამდე ფერმერს. პროექტის ბიუჯეტი 35 მლნ ლარს შეადგენს. ვფიქრობთ, ეს დადებით გავლენას მოახდენს წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებაზე.
ამას გარდა, იცით, რომ ვეხმარებით მსხვილ ფერმერებს, მათ ვუფინანსებთ საბრუნავი სახსრებისთვის აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთს 9%-ის ოდენობით, ასევე ერთწლოვანი კულტურის მოყვანის ხელშეწყობისთვის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 22 მარტიდან დღემდე 20 მლნ ლარს ღირებულების სესხებია გაცემული. ამ მიმართულებით ფერმერების მხარდაჭერას გავაგრძელებთ“. - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ვის, როდის და სად დაერიცხება ქულები
ქულები აგრობარათებზე ირიცხება. ქულების დარიცხვა და ამით სარგებლობა იმავე პრინციპით მოხდება, როგორც წინა წლებში იყო.
პროგრამაში კვლავ „ლიბერთი ბანკი“ იქნება ჩართული. ქულები დაერიცხებათ აგრობარათის მფლობელებს. ხოლო ისინი, ვისაც აგრობარათი არ აქვთ, მაგრამ აქვთ შესაბამისი მიწის ნაკვეთი, 26 აპრილიდან შეძლებენ ბანკში ბარათის აღებას.
სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰექტრიდან 1.25 ჰექტრამდე ჩათვლით მიწის მესაკუთრეები, თანამესაკუთრეები.
როდის დაიწყება ქულების დარიცხვა
აგრობარათებზე ქულების დარიცხვა მომდევნო კვირიდან [26 აპრილიდან] დაიწყება და განაღდება წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.
ბარათით სარგებლობის ვადა
აგრობარათებზე დარიცხული ქულებით სარგებლობის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი.
რის შეძენას შეძლებენ ფერმერები
ბარათზე დარიცხული ქულების გამოყენება შესაძლებელი იქნება შემდეგი საქონლის შესაძენად: სასუქები და მცენარეთა დაცვის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; მცენარეთა მოვლის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; სათესლე და სარგავი მასალები.
„პრაიმტაიმი“ სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი ხანიშვილს მეტი დეტალის გასაგებად დაუკავშირდა.
„ფერმერების წახალისების პროგრამას სახელმწიფო მაშინ მიმართავს, როდესაც სურს, რომ სისტემური პროგრამების პარალელურად მცირე ფერმერებს დამატებით მიეხმაროს.
ჩვენ დღეს საქართველოში კიდევ ერთი სისტემური პროგრამა ავამოქმედეთ, რომელიც კრედიტზე 5-დან 100 000-ლარამდე მსხვილი ფერმერების ხელმისაწვდომობას ეხება, ბანკები რა პროცენტითაც შეუძლიათ, 18%-ით გასცემენ კრედიტს, საიდანაც წლიურ 9%-ს ჩვენ ვაფინანსებთ. თუმცა, ყურადღების მიღმა რომ არ დარჩენილიყვნენ ხელმისაწვდომობა გავზარდეთ იმ წვრილი ფერმერებისთვის, რომლებიც ფლობენ 0.25-დან 1,25-მდე მიწის ნაკვეთს, ჰექტარზე გადაანგარიშებით 300 ლარით ვეხმარებით.
როგორც გასულ წელს, კოვიდთან დაკავშირებით ანალოგიური პროგრამა გვქონდა, მაშინ ამ ბარათზე 200 ლარი იყო დარიცხული. ახლა იმ ბარათის გააქტიურება ისევ შესაძლებელია, ხოლო, ვისაც აღნიშნული აგრობარათი არ აქვს, „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში შეძლებენ აღებას. ბარათები ადგილზეა, ამ თვალსაზრისით პრობლემა არ იქნება. ვვარაუდობთ, რომ 300 000 ფერმერი მაინც ისარგებლებს ამ პროგრამით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვეხმარებით მცირე ფერმერებს. ეს არის არსებული სიტუაციაზე მთავრობის პასუხი. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ის ძირითადი პროექტი, რომელიც 5-დან 100 000-ლარამდე კრედიტის აღების საშუალებას იძლევა. “ - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.