„სოხუმიდან გამოგზავნილი ლიმონი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ეზოში ჩავრგე... 44 წელია მას სურვილების ხეს“ ეძახიან“ - კაცი, რომელიც ნატო გელაშვილს ღმერთმა გამოუგზავნა

gelashvili

მერაბ მიხაელი ნატო გელაშვილმა წმინდა მიწაზე გაიცნო. ამბობს, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ, ეს კაცი, ღმერთმა გამოუგზავნა. მას ნათლია ეძახის, რადგან მან ნატო მდინარე იორდანეში განბანა. იერუსალიმში მოსალოცად ჩასულს, ნათლია მასპინძლობს. 

ნატო გელაშვილი: - ისრაელში ჩემს კონცერტზე მოვიდა ადამიანი, რომელიც თურმე მამაჩემს იცნობდა. საუბარში მამა და მისი მეგობრები მიხსენა. გავგიჟდი! თან იმ დროს მამა ახალი გარდაცვლილი მყავდა და ამ კაცმა ეს ტკივილი გადამატანინა. წმინდა მიწაზე ის ღმერთმა გამომიგზავნა... მე მას ნათლიას და მამას ვეძახი. და ახლა, როცა არც ჩემი მშობლები აღარ არიან და არც ჩემი ძმა, ეს ღირსეული კაცი ჩემი ოჯახის გაგრძელებაა. ანუ ისრაელში მე ოჯახი მყავს და სტუმრად მასთან ჩავდივარ. ორი თვე რომ გადის, მერაბი მირეკავს, მომენატრე, ნათლი, ბილეთი და გამოფრინდიო...

მერაბ მიხელაშვილი მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში დაიბადა და როგორც ამბობს, მეგრულთან ერთად შვიდ ენაზე საუბრობს. მოგვიანებით ოჯახი საცხოვრებლად დედაქალაქში ჩამოვიდა. მოსწავლე მერაბმა ორი წელი ბორჯომში გაატარა. სწორედ იქიდან სმენია ნატოს მამის შესახებ.

მერაბ მიხაელი: - ვიცოდი, რომ ნატოს მამა უაღრესად პატიოსანი ადამიანი იყო, სტუმართმოყვარე, ლაღი და წინდახედული ადამიანი. ყოველთვის მინდოდა ნატოს გაცნობა, მაგრამ უდროობის გამო ვერასდროს ვახერხებდი. თბილისში ცხოვრების დროს, 1994 წლიდან 2001 წლამდე, რესტორანი „არაგვის“ დირექტორი ვიყავი. სამაგიეროდ ისრაელში, თელ-ავივის რესტორანში პოეტმა ეკა ქურხულმა გამაცნო. მაშინ გამიჩნდა სურვილი, რომ მისთვის გიდობა გამეწია, მეჩვენებეინა წმინდა ადგილები. მე კავშირები მაქვს საქართველოს და იერუსალიმის პატრიარქებთან, ქრისტიანული ცოდნა იერუსალიმში შევიძინე. ერთადერთი ებრაელი ვარ, რომელიც ქრისტიანულ მოძღვრებას ვიღებ, ლოცვას, წესებს ვიზიარებ. ჩემთვის მართლმადიდებლობა და ქრისტიანული მოძღვრება ცხოვრებისეულია და თაყვანისცემას იმსახურებს. ბიბლია წაკითხული მაქვს. მიცნობენ, როგორც მერაბ იერუსალიმელს. 1974 წელს ერთ-ერთი ვარ, ვინც ბერძნებს დაკეტილი ჯვრის მონასტერი გავახსევინე. სოხუმიდან გამოგზავნილი ლიმონის ნაყოფი ჯვრის მონასტრის ეზოში ჩავრგე. დღემდე იქ არის, 44 წლის ხეა და „სურვილების ხედ“ არის ცნობილი. ყოველ წელიწადს ისხამს ნაყოფს. სურვილს იფიქრებენ, ლიმონს კრეფენ და მიაქვთ.

მერაბ მიხაელი იერუსალიმიდან 20 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ მოდიინში ცხოვრობს. მანამდე, წლების მანძილზე იერუსალიმში ცხოვრობდა. ორი შვილი და სამი შვილიშვილი ჰყავს.

მერაბ მიხაელი: - სასოფლოში ვსწავლობდი. აგრონომი ებრაელი არავის უნახავს, მაგრამ ფაქტია, ეს სასწავლებელი დავამთავრე.

ყველაფერი ღვთის ნებაა, რაც გადამხდენია. უფალი ყველაფრის ძალას მაძლევს. ყველაფერს გულით ვაკეთებ. ზემოდან არის. როდესაც ადამიანი იბადება, უნდა იცოდეს, რომ ჩვენთან არს ღმერთი! არის და იქნება. მამაზეციერის სახელს ვენაცვალე. რწმენით უნდა ვიცხოვროთ. რწმენაა ყველაფერი. ადამიანი წინ მიჰყავს ცხოვრებაში. ვისაც ჰგონია, ვინმეს მოტყუებით გამდიდრდება და იცხოვრებს, მწარედ ცდება. თუ მოინანიებს, უფალი დაეხმარება, თუ არადა, ჩიხში მოექცევა. უფალი მაძლევს წმინდა ადგილებზე მისვლის და სხვისთვის ამ ადგილების გაზიარების ძალას. მისი წყალობით ყველა ტკბილ ადამიანთან ერთად შემიძლია მოვიარო ადგილები, სადაც უფალმა ფეხი დადგა და მადლი დათესა. ამ მადლით აგრძელებს კაცობრიობა ცხოვრებას. ჩემი ნატო ძალიან მორწმუნეა, ღვთისშვილია და ეს მომწონს. მიხარია, რომ წილად მხვდა ბედნიერება მისი ნათლია ვყოფილიყავი. სამი დამრჩა და შვიდი ნათლული მეყოლება...

ჩემს ქვეყანას, ჩემს ქალაქს უნდა ვესტუმრო. ქართულ ქოთანში ამოლესილი ლობიოს და წიწმატის ფასი არაფერია (იცინის). როცა ჩამოვალ მცხეთა და სვეტიცხოველი უნდა მოვინახულო...