"რას არ გადავიხდი, ეს ანგელოზი რომ დამიბრუნდეს" - მხატვარი მედეა კეიდია თავის ნახატს ეძებს

მედეა

"ანგელოზების მხატვარი" - ასე იცნობენ მედეა კეიდიას, რომლის ანგელოზები სულ სხვა განწყობაზე გაყენებს და "სხვა" ენერგიით გმუხტავს. მისი უსაყვარლესი ფრთოსნები ბევრს აქვს სახლში. ამბობენ, რომ თან ის დადებითი აურაც მიაქვთ, რასაც ხატვისას იძენენო... კი არ ამბობენ, ნამდვილად ასეა. მხატვარმა, რომელიც დილას საგალობლით იწყებს და ციურ არსებებს ხილულად შეიგრძნობს, თავის ანგელოზთა ქომაგებში ჩამრიცხა და ორი ანგელოზი მისახსოვრა. ანგელოზებს თან სიკეთე მოჰყვათ... დიდი პოზიტივი და სიხარული. ამ სიხარულის შეგრძნება თუ გსურთ, მალე ამის შესაძლებლობა გექნებათ.

5-დან 22 იანვრის ჩათვლით მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრი, მედეა კეიდიას გამოფენას მეორედ უმასპინძლებს. როგორც მხატვარი თავის ფეისბუქ გვერდზე წერს, გამოფენაზე სიურპრიზების მოწყობას გეგმავს... 

"ანგელოზების გადაფრენა" თეატრში, პირველად 2014 წელს იყო. მას შემდეგ, ისევე როგორც მანამდე, მხატვარმა არაერთ ჯგუფურ და საქველმოქმედო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

საშობაოდ კი თქვენ გექნებათ ბედნიერება მხატვრის ძველი და ახალი ანგელოზები იხილოთ და იმ კოსმიურ ენერგეტიკას ეზიაროთ, რასაც მისი ნახატები ატარებენ. 

მედეა კეიდია: - პანდემიის დროინდელი ის იზოლაცია, ჩემთვის რომ ვიჯექი, ვხატავდი და ნირვანაში ვიყავი, ძალიან მსიამოვნებდა. მსურველი მოდიოდა, ნახატს ყიდულობდა და მიდიოდა. ეს იყო იდეალური ყოფა.

მაგრამ როცა კოსმოსი რაღაცას გთავაზობს, უარი არ უნდა თქვა. ამიტომაც დავთანხმდი ახლა ამ შემოთავაზებულ გამოფენას. თორემ ეს ჩემთვის დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვაა - იმ პერიოდში ვერ დავხატავ, მშვიდადაც ვერ ვიქნები... სამაგიეროდ, კომპენსირება მოჰყვება აჟიოტაჟით, ფეიერვერკით, ენერგეტიკით, რაც შემდეგ წლები მყოფნის. 

2003 წელს ბიენალეზე სხვადასხვა ტიპის ნახატები წავიღე. ასაკის მიუხედავად, ყველა ანგელოზმა მოხიბლა. ფლორენციის შემდეგ გერმანიასა და საფრანგეთში მიმიწვიეს. იქაც ყველას ანგელოზები მოსწონდა. 2005 წელს საქართველოში რომ ჩამოვედი, აქ ჩაშავებული, ნაცრისფერი და ჩაყავისფერებული იყო ყველაფერი. დავჯექი მაგიდასთან, ჯერ მაგიდა მოვხატე და ვიფიქრე, რაღა უცხოელები გავახარო, ჩემს ქართველებს გავახარებ-მეთქი და უკვე მიზნობრივად დავიწყე ანგელოზების ხატვა. მეგობრები, მეზობლები ნახულობდნენ ნახატებს. ერთს სალონი ჰქონდა, დაკიდა ჩემი ნახატი, იქ ნახეს და მოეწონათ. ასე ნელ-ნელა დაიწყო ნამუშევრების გაყიდვა.

ჩემი ერთ-ერთი პირველი ანგელოზი ისე მინდა უკან გამოვისყიდო, მაგრამ არ ვიცი სად არის, ვინ იყიდა. არაერთხელ გავაკეთე განცხადება, ვიყიდი-მეთქი. რას არ გადავიხდი ეს ანგელოზი რომ დამიბრუნდეს. მაგრამ სად არის? ბედად მისი ფოტო შემომრჩა. 

იმდენი ანგელოზია ჩემგან გაფრენილი, უამრავი. ციფრის წარმოდგენაც არ მაქვს.

ხშირად საჩუქრად უცხოეთში აგზავნიდნენ. ახლა ფეისბუქით მიკვეთენ და იძენენ.

ანგელოზებამდე, ხან რისი ხატვა მინდებოდა, ხან - რისი. ერთი პერიოდი სულ ყვავილებს ვხატავდი და ვყიდდი.

ანგელოზის გარდა, ჩემი სულის ამოძახილია ბალერინა. როცა ცუდად ვარ, ბალერინას დავხატავ და კარგად ვხდები.

ყველაზე კარგად მაშინ იხატება, როდესაც ტაძრიდან ნაზიარები მოვდივარ სახლში. ანგელოზები გუნდებად მოფრინდებიან... და მე ვახატავ.

ხატვა იმდენად ბედნიერს მხდის, სხვა დანარჩენი არაფერი მაინტერესებს. თვითონ პროცესია ბედნიერება.

ანგელოზებს თვალებს რომ ავუხელ, ეს მომენტია ენით აუწერელი. ეს პროცესი ახლახან დავაფიქსირე. აქამდე ჯერ თვალებს ვხატავდი და შემდეგ ვმოსავდი. მივხვდი, რომ ყველაზე მთავარი მაინც თვალია. ის თვალი აცოცხლებს ნახატს, საიდანაც მოდის ენერგეტიკა და გაკეთებინებს. როგორც ადამიანში. თვალს რომ აუხელ იმხელა ბედნიერებაა, ძნელია გადმოსცე.

დილა საგალობლებით იწყება. მიყვარს "შენ გიგალობ, შენ გაკურთხებ..." თან საგალობელს ვუსმენ, თან ფეისბუქზე ვკონტაქტობ ანგელოზთმოყვარეებთან. რაც კი გამოფენები გამიკეთებია, სულ ფეისბუქის მეშვეობით. ასე თითის გაუნძრევლად გამოდის საქმე და ამან ისე გამაზარმაცა, თითს აღარ ვატოკებ.