ინფორმაცია დაგროვებითი პენსიის შესახებ - ვის შეუძლია თანხის გატანა
1787688084
11 ქვეყანაში ჩატარებულმა საერთაშორისო კლინიკურმა კვლევამ პრეპარატ „ამივანტამაბის“ (Amivantamab) მიმართ დიდი ინტერესი გამოიწვია. კვლევის შედეგების მიხედვით, 15 პაციენტში სიმსივნის სრული გაქრობა დაფიქსირდა.
გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, პრეპარატი თავისა და კისრის სიმსივნის მქონე 102 პაციენტზე გამოცადეს, რომელთა დაავადებაც მკურნალობის არსებული მეთოდების მიმართ უკვე რეზისტენტული იყო. კვლევის ფარგლებში 43 პაციენტს სიმსივნე ან მნიშვნელოვნად შეუმცირდა, ან სრულად გაუქრა. მათგან 28 შემთხვევაში სიმსივნის მკვეთრი შემცირება აღინიშნა, ხოლო 15 პაციენტში დაავადების ნიშნები სრულად გაქრა. მსგავსი შედეგები დაფიქსირდა ფილტვის კიბოს მქონე პაციენტებშიც.
ლონდონის კიბოს კვლევის ინსტიტუტის პროფესორის, Kevin Harrington შეფასებით, ეს არის „უპრეცედენტოდ ძლიერი პასუხი“ იმ პაციენტებში, რომელთა დაავადებაც ქიმიოთერაპიისა და იმუნოთერაპიის მიმართ მდგრადი გახდა.
„ამ მკურნალობას პოტენციურად შეუძლია ყოველწლიურად ათასობით პაციენტს მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს“, - აცხადებს მეცნიერი.
კვლევის მონაცემების მიხედვით, პაციენტებმა, რომლებმაც პრეპარატი მიიღეს, მკურნალობის დაწყებიდან საშუალოდ 12.5 თვე იცოცხლეს, მიუხედავად იმისა, რომ მათი დაავადების პროგნოზი თავდაპირველად არასახარბიელო იყო. ლონდონის კიბოს კვლევის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის, Kristian Helin თქმით, მიღებული შედეგები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ახალი თერაპიული მიდგომების განვითარებამ შესაძლოა ონკოლოგიაში მნიშვნელოვანი პროგრესი უზრუნველყოს.
„ამივანტამაბი“ სიმსივნეზე ერთდროულად რამდენიმე მექანიზმით მოქმედებს. პრეპარატი ბლოკავს ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორს (EGFR) — ცილას, რომელიც სიმსივნის ზრდას უწყობს ხელს. ამავდროულად, ის ზემოქმედებს MET-სიგნალურ გზაზე, რომელსაც კიბოს უჯრედები ხშირად იყენებენ მკურნალობის ეფექტის თავიდან ასაცილებლად. გარდა ამისა, თერაპია ხელს უწყობს იმუნური სისტემის გააქტიურებას, რათა ორგანიზმმა სიმსივნურ უჯრედებთან ბრძოლა უფრო ეფექტურად შეძლოს.
ამ ეტაპზე პრეპარატი მსოფლიოს მასშტაბით თითქმის 60 კლინიკურ კვლევაში ფასდება. მისი პოტენციალი ძირითადად ფილტვის, კოლორექტული, ტვინისა და კუჭის კიბოს მკურნალობის მიმართულებით იკვლევა. მედიკამენტი კანქვეშა ინიექციის სახით შეჰყავთ, რაც თერაპიის ჩატარებას უფრო სწრაფსა და პაციენტისთვის კომფორტულს ხდის.