რატომ აქვს ბუდუ ზივზივაძეს ნაკრებში ცოტა სათამაშო დრო - ფეხბურთელის განმარტება
1728384973
თუ ჯერ კიდევ არ წვევიხართ მედეა კეიდიას "მადლიერების გამოფენას", დროა იჩქაროთ. გამოფენა თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში 5 იანვარს გაიხსნა და 25-მდე გასტანს.
"ღმერთი, რჯული, რაც კი რამ საუკეთესო გამაჩნია და გამაჩნდა, ახლა იქ, თუმანიშვილშია გამოფენილი და თქვენ და სრულიად სამყაროს გეძღვნებათ" , - წერს მხატვარი ფეისბუქზე.
ყოველგვარი მიწიერებისგან დაცლილი, უსაყვარლესი და კეთილი ანგელოზები, თეატრის კედლებიდან კეკლუცობენ და დამთვალიერებელს ნუსხავენ. მათ აქვთ მაგიური ძალა ჩვენთვის უცნობი სამყარო წარმოსახვით გაგვაცნონ.
მოკლედ, ეს უნდა დაათვალიეროთ.
გამოფენა ამ თეატრის სივრცეში მეორედ ეწყობა. ამჯერად კი, მხატვარმა "მადლიერების გამოფენაზე" სამი სიმბოლური პრიზი დააწესა - "წლის ქველმოქმედი", " წლის ჟურნალისტი" და "წლის პერსონა". სპეციალურად შექმნილი ჟიური გადაწყვეტილებას ფეისბუქზე გამოკითხვით მიიღებს. გამარჯვებულებს ყოველწლიურად გადაეცემათ მხატვრის თითო ანგელოზი...
"ვარ უსაზღვროდ ბედნიერი - მადლიერების დღე გამოვიდა. რაც გეგმაში მქონდა, იმ მინიმუმის გაკეთება შევძელი. პატარა საჩუქრები და სიხარულის განაწილება შევძელი. ეს არის კოდი - იყავი მადლიერი და იყავი კეთილი. ერთმანეთს მოვეფერეთ. ჩემი საყვარელი სასულიერო პირებიც მობრძანდნენ, დამაფასეს. გამაბედნიერეს. იყვნენ ანგელოზმოყვარეები, ანგელოზ ქომაგები. უსაზღვროდ ბედნიერი ვარ. ღმერთმა ქნას, წლის ბოლომდე შევასრულო ეს მისია.
მადლობა ჟურნალისტებს გვერდში დგომისა და გულშემატკივრობისთვის", - განუცხადა მედეა კეიდიამ "პრაიმტაიმს".
გამოფენის გახსნაზე დამთვალიერებლებს შორის იყვნენ სასულიერო პირები, ვისთვისაც მედეა კეიდია, თავისი ხედვით, ახლობელი და საინტერესოა.
ვაკის სამების დეკანოზი, იაკობ სირბილაძე: ქალბატონი მედეა ჩვენი ეკლესიის მრევლია. ერთხელ თავისი ნახატი მაჩუქა, თავისი ანგელოზი და ახლოს მაშინ გავიცანი. მერე ჩემს ოჯახს დაუახლოვდა.
ანგელოზებრივ სითბოსა და სიკეთეს ასხივებს მისი ანგელოზები. კეთილი და მართლა ანგელოზებრივი თვალებით იყურებიან. დიდი სიყვარული გადმოდის. მხატვარს თავისი ხედვა აქვს, როგორ გადმოსცეს, როგორი თვალები გაუკეთოს. ამ ადამიანს გადმოცემის ძალიან დიდი მადლი აქვს. მას თითქოს ღმერთი და ანგელოზი ეხმარება ხატვაში.
წარმატებას ვუსურვებ. ღმერთმა გაგახაროს. მადლობა ღმერთს, რომ ასეთ წიაღშია.
დეკანოზი ალექსი ადამაშვილი: სამი წლის წინ ჩემს შვილს აჩუქეს მედეას ერთი ნახატი. ვისია-მეთქი, დავინტერესდი. ამ ქალბატონთან მინდა ურთიერთობა-მეთქი, ვითხოვე. და გავიცანი. სიყვარულის, სიმშვიდის, მადლის, სიკეთის მატარებელი ადამიანია.
მისი ხედვა განსაკუთრებულია, ყოფა ამაღლებული და გრძნობა - ბედნიერი. მისი ანგელოზების შემხედვარე ასე ვართ. შეუძლებელია არ მოიხიბლო და იქიდან გამოსული სიკეთით არ აივსო. თითოეული თავისებურია. მე მაგალითად, ზოგიერთ ძვირად ღირებულ მხატვარს სახლში ვერ ჩამოვკიდებ. მედეას ნახატებში კი სხვა რამ დევს.
გამოფენის გახსნაზე მისულთ წილად ხვდათ მხატვრის ანგელოზების სახლში წაყვანის ბედნიერება. "მადლიერების გამოფენის" კონტექსტიც გამართლდა - ყველა ბედნიერი და მადლიერი ღიმილით იდგა ანგელოზებს შორის.
რამაზ იოსელიანს, რომელიც თეატრში სპექტაკლისთვის შემოქროლდა, მედეამ კედლიდან ჩამოხსნილი თავისი ანგელოზი უსახსოვრა.
"ვისვენებ მის ნახატებს რომ ვუყურებ. სულ ასეთი "ანგელოზჩიკები" უნდა გვიტრიალებდეს ირგვლივ", - უთხრა მსახიობმა "პრაიმტაიმს".
მარიამ თხილაიშვილი, გალერისტი: მე და მედეა ერთმანეთს ანგელოზებმა დაგვაკავშირა. ერთი წლის წინ დავაარსე არტ გალერეა "მონარი ნოველი", სადაც მხატვარმა ექსკლუზიურად მოგვცა მისი ოქროს ფონდი, ჩვენც საუკეთესო ნამუშევრებით წარვდექით. ჩემთვის მისი ნახატები უნიკალურია იმით, რომ არასდროს არ მეორდება. არც მედეასთან ურთიერთობა მბეზრდება და არც მის ნამუშევრებთან. ვულოცავ გამოფენას. საქართველოს კი კარგ წელს ვუსურვებ.