"ცხოვრების ხანგრძლივობას ვაბრალებ იმას, რომ..." - ნახეთ საუკუნეს მიღწეული ლეგენდარული ქალბატონების რჩევები

nani

როგორ უნდა ვიცხოვროთ ხანგრძლივად, თანაც ჯანმრთელობის შენარჩუნებით, საღი აზროვნებითა და კეკლუცობის ხალისით. ამისთვის საუკუნეს მიღწეული ადამიანების რჩევა ნამდვილად გასათვალისწინებელია.

სამი ქალბატონი შევარჩიე, სამივე თავის საქმეში წარმატებული და ნომერ პირველი; რეჟისორი, მომღერალი და მათემატიკოსი - პროფესიებიც რადიკალურად სხვადასხვა და საინტერესო.

ქალბატონები - ლანა, ნანი და ლამარა დღემდე მუშაობენ, საყვარელი საქმე არ მიუტოვებიათ. პირიქით, თანამედროვეობას ფეხშეწყობილად მიყვებიან, არიან პროგრესულად მოაზროვნე, რაც, ალბათ, ტვინს დაბერებაში ხელს უშლის. მაინც იქამდე მივდივართ, რომ სიბერე შინაგანი მდგომარეობაა. თუ გადაწყვეტთ, რომ არ უნდა დაბერდეთ, ასეც იქნება.

ლანა ღოღობერიძემ ორი წლის წინ, 92 წლის ასაკში, ფილმი "ოქროს ძაფი" გადაიღო. არაჩვეულებრივ ფორმაშია. დაფრინავს კინოფესტივალებზე. კორტებზე კვირაში ორჯერ თამაშობს. ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის საიდუმლო სპორტი და სწორი კვებაა.

ლანა ღოღობერიძე: - სწორი და ცოტა კვება. ადამიანს ბევრად ნაკლები სჭირდება, ვიდრე ქართველები ვართ მიჩვეული. ბევრი ბოსტნეული და ხილი უნდა მიირთვათ. საერთოდ აღარ მიყვარს ხორცი. თითქმის არ ვჭამ.

ახალგაზრდობაში, 50-იან წლებში, მოთხილამურე  და სწრაფად დაშვებაში საქართველოს ჩემპიონიც ვიყავი. ხან პირველ ადგილზე გავდიოდი, ხან – მეორეზე. ჩემი ქმარი, ლადო მესხიშვილი საქართველოში ამ სპორტის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. ერთად ავდიოდით ბაკურიანში და კოხტა გორადან ვეშვებოდით… ჩემთვის თხილამურებზე სრიალი, ჩოგბურთი და ცურვა მნიშვნელოვანი სპორტის სახეობებია. ზაფხულობით ძალიან ბევრს ვცურავდი. მე და ლადო ერთად ძალიან შორს მივცურავდით. მიყვარს ცურვა.

თანამედროვეობას მიჰყვება, პოზიტიურ განწყობას ინარჩუნებს, სუნთქვით ვარჯიშებს აკეთებს და მცირე ულუფებით იკვებება ჩვენი მეორე ლეგენდა - ნანი ბრეგვაძე, რომელიც მალე 86 წლის გახდება.

ნანი ბრეგვაძე: - ასაკს ვერ ვგრძნობ. ადრე ვდგები, ცოტას გავივარჯიშებ. იოგის სუნთქვითი ვარჯიშით ვსუნთქავ. დიეტა არც ვიცი, რა არის. ორგანიზმი გვკარნახობს როდის, რა ვჭამოთ. მე ცოტა მაკმაყოფილებს. ცოტას ვიკვებები. ვარ სულ ფორმაში. სახლში თვალებს ვიღებავ და ოდნავ პომადას ვისვამ. პომადა რომ არ წავისვა, ჩამქრალი ვარ. ვმოძრაობ...

იმედით ვცხოვრობ. არავითარ შემთხვევაში არ ვკარგავ იმედს. ვცდილობ მივყვე დროებას. უბრალოდ პოზიტივი და პოზიტიური განწყობა. აბა, რა! არ უნდა იყო ბოღმისგან დამხრჩვალი, თავი უნდა გაათავისუფლოთ ნეგატივისგან. ცხოვრებაში ეძებეთ თქვენზე უკეთესი და თქვენც კარგად იქნებით. უკან კი არ უნდა დაბრუნდე, წინ უნდა იყურო და კარგი დაინახო. კარგის დანახვით შენც კარგი გემატება.

93 წლის ბლოგერის, მათემატიკოსის - ლამარა აბჟანდაძის ჯანმრთელობის საიდუმლოება შრომაში, მოძრაობასა და ტვინის ვარჯიშშია.

ლამარა აბჟანდაძე: - ბავშვობიდან ვშრომობ. მეოთხე კლასიდან ვეხმარებოდი დედას, თოხითაც მიმუშავია. ბავშვობა თერჯოლაში, სოფელ სიმონეთში გავატარე. ნახევრად მშივრები ვმუშაობდით. ამის თქმის სულაც არ მრცხვენია. სტუდენტობაც სიღარიბეში გავიდა... რომ ვაკვირდები, ბევრი საკვები უფრო მავნეა ადამიანისთვის, ვიდრე ნახევრად მშიერი ყოფნა. 

ძალიან ცოტა საჭმელს ვჭამ. ჩემები ხუმრობენ, ჩიტივით კენკავო. დილით ჩაიზე ერთი ნაჭერი პური ყველით, ხან თაფლითა და კარაქით. სულ ესაა. მერე სადილზე აუცილებლად წვნიანი. პური შეზღუდულად. უმეტესად ბოსტნეული. ვახშამი ექვს საათს არ შორდება. ისიც მსუბუქად. მე ექვსი საათის შემდეგ, რა ხანია არ მიჭამია. ჯერჯერობით, არაფერი მტკივა და აწი რა უნდა მეტკინოს.

მიყვარს ხილი. წყალს ვსვამ განუსაზღვრელი რაოდენობით, დღისითაც და ღამითაც. ყავას უკოფეინოს გეახლებით, რძით.

მთელი ცხოვრება შრომაში გავატარე. ავის და კარგის შეცნობა აუცილებელია. ცუდი არავისთვის არ უნდა გინდოდეს. ბევრი რამ მოსწავლეებისგან ვისწავლე. მათ მივაჩნდი, როგორც მათი თანატოლი. 

გონებას სულ ვავარჯიშებ. ახლაც გადაშლილი მაქვს მათემატიკის წიგნები და გამომყავს ამოცანები. გონება ნათელი გაქვს მაშინ, თუ კითხულობ, აზროვნებ, ზეპირად იმახსოვრებ რაღაცებს.

დავდივარ ფეხით. ვუვლი ყვავილებს. ვიწრო აივანი მაქვს, მაგრამ მაინც ვახერხებ, რომ ქოთნის ყვავილების ბაღი მქონდეს. თაროები მაქვს გაკეთებული და მაქვს ნაირ-ნაირი პეტუნიები, ჰოლანდიური ვარდები, წიწაკები, იები…

მიყვარს კომპიუტერთან ჯდომა და სიახლეების გაცნობა. არც ერთ ახალ ამბავს არ ვუშვებ გაუცნობელს და წაუკითხავს. ვკითხულობ წიგნებს…

მე მაინც ჩემი ცხოვრების ხანგრძლივობას ვაბრალებ იმას, რომ არასდროს დამირღვევია კვების რეჟიმი და სულ მოძრაობაში ვარ. 

ჩემი რჩევა ახალგაზრდებს: ერიდეთ საღამოს ჭამას. ღამე ორგანიზმმა, კუჭ-ნაწლავმა უნდა დაისვენოს. საუკეთესოა ექვსი საათის შემდეგ არ ჭამოთ.