„თითქოს, მამაჩემის ხელით მოხდა მკვლელობა... არანაირად, მამაჩემს დედაჩემი ძალიან უყვარდა...“ - ვიკი ბარბაქაძემ დუმილი დაარღვია

ვიკი

ვიქტორია ვიკი ბარბაქაძე, რომელიც საზოგადოებამ რეალითი შოუ „პრაიმ ჰაუსიდან“ გაიცნო, დუმილს არღვევს და წლების წინ, ოჯახში მომხდარ ტრაგედიაზე „ნანუკას შოუში“ საუბრობს.

ვიკი იხსენებს რთულ ბავშვობას და დედის ბუნდოვან გარდაცვალებას.

„დედა, ძირითადად, თბილისში იყო, მასთან ხშირი შეხება არ მქონია. მუშაობდა, ბებიაჩემს რომ მიხმარებოდა და ბავშვები უზრუნველყოფილი ვყოფილიყავით. დედაჩემის დედას დედას ვეძახდი. ბებოსთან უფრო ახლო ურთიერთობა მქონდა. 

მე პირველი ქორწინებიდან უფროსი შვილი ვარ. დედა მეორედ გათხოვდა, მყავს და, რომელიც  გათხოვილია  2 შვილი ჰყავს. 

დედაჩემი რომ გარდაიცვალა, მე მამის მხარეს ვიყავი, ჩემი და - დედის. დედის გარდაცვალების შემდეგ, ბებიაჩემს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა ჰქონდა და ეგონა, წამი წამზე აღარ იქნებოდა. მე შევსწრებივარ მის ტკივილებს და ეს ბევრად უფრო მტკივნეული იყო, ვიდრე ის, რომ დედა ჩემს გვერდით არ იყო. არ ეგონა, რომ იცოცხლებდა და ჩემი 5 წლის და ახლობელზე გააშვილა იმ პირობით, რომ მასთან სულ გვექნებოდა ურთიერთობა და მოგვიანებით გაიგებდა, რომ მისი ოჯახი ვიყავით. შეთანხმება ეს იყო და სულ გვქონდა კომუნიკაცია. როცა მან გაიგო, რომ ჩემი და იყო, უბედნიერესი იყო... დიდ ასაკში მოუწია ამის გაგება... 

მე მამის მხარეს გავიზარდე... არაფერი მოუკლიათ. 2 შვილი ჰყავდათ და მესამე მე ვიყავი... ისე მზრდიდა, როგორც მათ. მათი ძალიან მადლიერი ვარ...“ - იხსენებს ვიკი.

„მამაჩემი 15 წლამდე არ იყო... დაჭერილი იყო... ერთ-ერთი მიზეზი, რამაც უფრო დამარწმუნა, რომ უნდა მესაუბრა - ვიღაცებს არასწორი ინფორმაცია აქვთ ამაზე, რომ თითქოს, მამაჩემის ხელით რაღაც მოხდა... არანაირად, მამაჩემს დედაჩემი ძალიან უყვარდა, დედაჩემსაც უყვარდა, უბრალოდ რაღაც წინააღმდეგობები იყო და მოხდა ასე...

დედა მამას რომ გაშორდა და მეორედ დაოჯახდა, პრობლემებიც დაიწყო... მეორე ქმარი ნარკოდამოკიდებული იყო და ძალიან ტოქსიკური ურთიერთობა ჰქონდათ. რამდენიმე შემთხვევას მეც შევესწარი - ნივთების სროლა, ყვირილი, წივილი, იქ ორი ბავშვი ვიყავით... დედას წამლისთვის თანხას სთხოვდა, არ მუშაობდა... ორსულს ემუქრებოდა, არასდროს ასვენებდა...

ერთხელ, ღამით დედა ჩემთან ერთად კარდაკარ დადიოდა, რომ ქუჩაში არ დაგვეძინა და თავი შეგვეფარებინა... მისგან სულ მიდიოდა. თბილისში ბინებს ხშირად იცვლიდა. ვისთანაც მეგობრობდა, აღმოჩნდა, რომ ის გოგო ამ ბიჭის ნათესავი იყო და ადგილსამყოფლის შესახებ აწვდიდა ინფორმაციას... პოლიციაშიც მივიდა რამდენჯერმე, საჩივარსაც წერდა...

ბოლოს ასეთი რამ მოხდა - მივიდა დედასთან, მოსთხოვა ფული და დაემუქრა, რომ ჩემს დას წაიყვანდა და სიგარეტით დაწვავდა. ყოფილა ასეთი შემთხვევა, სიგარეტის ნამწვავები ჰქონდა ბავშვს... ამაზე, დედაჩემს სამზარეულოს დანა აუღია თავდაცვის მიზნით და ჩაურტყამს. გონს რომ მოვიდა, ადგა, ჩემი და მეზობელთან დატოვა და ეს კაცი საავადმყოფოში წაიყვანა.  პოლიციას თავად ჩაბარდა, ჩემი ქმარი მოვკალი და დამიჭირეთო... არ იყო მკვდარი... მათ უთხრეს, ვერ დაგიჭერთ, ბევრი საჩივარია შენგან შემოსული, ვიცით, რომ ძალადობს და ეს თავდაცვის მიზნით არისო... 

პატრულმა დედაჩემის მშობლებს დაურეკა, ჩამოდით, წაიყვანეთო... დედას გადადებული თანხა ჰქონდა, ბინა უნდოდა... ეს შეიძლება, მის ბოლო სურვილად ჩავთვალოთ. ახლა ხომ მაინც დამანებებს თავსო, ეგონა, ის კვდებოდა... შვება იგრძნო და უნდოდა, თავისთან ვყოლოდი“, - ამბობს რეალითი შოუს ყოფილი მონაწილე.

ვიქტორია იმ საბედისწერო დღესაც იხსენებს, როცა დედა დაკარგა...

„როცა დედა მშობლებს შეხვდა, საღამოს გარდაცვლილი ნახეს... საბოლოოდ, ასე შეჯერდა: დედაჩემმა დალია წამლები და თავი მოიკლა, მაგრამ დაქალი, რომელიც იქ იყო, ასე ჰყვება: თქვენ რომ წახვედით, გავიდა აფთიაქში, იყიდა, მაშინვე დალია და ეს ყველაფერი ღიმილით მითხრაო. თუ გითხრა, მაშინ, რატომ არ რეკავ სასწრაფოში?! სასწრაფო რომ მივიდა, დედა ახალი გარდაცვლილი არ იყო...

მას აღენიშნებოდა ძალადობა, კბილები ჰქონდა ჩამტვრეული, ჰქონდა სილურჯეები... იმ გოგოს რომ უთხრეს ჩემებმა, ასე არ ჰქონდაო, კი, როგორ არა, იქამდე სცემა იმანო... ბებიაჩემმა და პაპაჩემმა რომ ნახეს, ყველაფერი სხვანაირად იყო...

ბებიაჩემს მეორე ვერსია ჰქონდა: როდესაც ბიჭის დედამ იმ გოგოსგან გაიგო ამბავი, ვიღაცებთან ერთად მიუვარდა, აცემინა დედა, შეიძლება, წამლები მაგათაც ძალით დაალევინესო... 2001 წელს, ბებოს არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ექსპერტიზა გაეკეთებინა... თან, მაშინ ასეთი დრო იყო, ფულს შენს სიმართლეში გადაიხდიდი... ამ ყველაფერს იმ გოგოს ბავშვი შეესწრო, რომელიც შემდეგ გააქრეს... სასამართლოშიც სხვანაირი ვერსია თქვა და მერე თქვა, რომ ემუქრებოდნენ...

არ ვიცი, ეს ადამიანები ახლა სად არიან... მქონდა მცდელობა რამე გამერკვია, მაგრამ ვერ ვცნობ, კარგად არ მახსოვს ისინი... სავარაუდოდ, ისიი ხვდებიან ვინც ვარ, მცნობენ სახელით და გვარით...“ - ამბობს ვიკი ბარბაქაძე.