პატრულ-ინსპექტორი ალექსი ბადალოვი ბრალს არ აღიარებს - ადვოკატის განცხადებით, ის შემთხვევის ადგილზე გამოძახების შემდეგ მივიდა

ნოდარ ცინცაძე

პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მონაწილე პატრულ-ინსპექტორი ალექსი ბადალოვი ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ნოდარ ცინცაძემ განაცხადა.

როგორც გორის რაიონულ სასამართლოსთან ადვოკატმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ბადალოვის ბრალეულობა არ იკვეთება.

სხდომა გორის რაიონულ სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ უნდა დაწყებულიყო, ის მოსამართლე ლევან დარბაიძეს დაეწერა, თუმცა, მან საქმის თვითაცილება განახორციელა. როგორც ირკვევა, ის ერთ-ერთი დაკავებულის ახლობელია.

ამ წუთებში, საქმის სხვა მოსამართლისთვის დაწერის პროცედურა მიმდინარეობს.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.