საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1732477853
ამ ქვეყნიდან ისევე უჩუმრად წავიდა, როგორადაც იცხოვრა. ან შობის წინა დღეს სიკვდილი, რა სევდიანია...
როგორც ლაურა რეხვიაშილი გვიყვება, თითქმის ისეთივე იყო, როგორადაც გიორგი შენგელაიამ თავის დაუვიწყარ კინოჰიტში დაინახა და ყარაულაშვილი ქეთოს როლი მისცა.
"სიცილს მიშლიდა. შენ ნუ იცინი, "ტი სკრომნაია" - მეუბნებოდა შენგელაიაო", - თავის ინტერვიუში იხსენებდა მსახიობი ციალა გურგენიძე.
იყო მუსკომედიის თეატრის მსახიობი. პოპულარობა კი ორმა ფილმმა მოუტანა - "სიყვარული ყველას უნდა" და "კუჩხი ბედინერი".
რამდენიმე თვის წინ "სიყვარული ყველას უნდას" ქეთოს პარტნიორი, ხირხალას როლის შემსრულებელი, ამირან ქადეიშვილიც გარდაიცვალა. ხინკლის ეპიზოდი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სცენაა ამ ფილმში. უყურებ და ხინკლის ჭამაც გინდება, დალევაც, სიმღერაც... გემრიელი სცენაა. არ გინდა დასრულდეს.
როგორც მაშინ, ხირხალა გავიხსენეთ, მე და ქალბატონმა ლაურა რეხვიაშვილმა - ბაბულამ, ახლა ქალბატონ ციალაზე ვისაუბრეთ.
ლაურა რეხვიაშვილი: - ამ ფილმის შემდეგ ჩვენ ერთმანეთი არ გვინახავს. როდესაც ურთიერთობაში ითესება ინტერესი, მერე ის აღმოცენდება და ნაყოფს ისხამს. ურთიერთობა მეგობრობაში გადადის. არც ხირხალასთან და არც ციალასთან ურთიერთობას ჰქონია ჩემთვის გაგრძელება. სხვადასხვა ტიპები ვიყავით. არსად არ გადავკვეთილვართ. ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობაც იყო. ამასობაში მთელმა ცხოვრებამ გაიარა. თუმცა მოგიყვებით იმას, რაც ამ ფილმის გადაღებიდან მახსოვს.
ციალა იყო ნიჭიერი და ძალიან მოკრძალებული ადამიანი. გათხოვილი არ ყოფილა და მახსოვს, ყვებოდა, როგორ აიყვანა შვილი. ამბობდა, რომ დაიჯერა, რომ თვითონ გააჩინა ქალიშვილი. დედობით ბედნიერი იყო. აი, ეს მახსოვს.
მისი ნიჭიერების და შესაძლებლობების ადამიანები "იტრიპაჩებდნენ". ციალა მიმქრალი იყო. მორიდებული და თავმდაბალი. ქეთოს როლი მასზე იყო მორგებული. როგორც ჩემი ბაბულა ამბობს, თავისი თავის უბედური, გაუბედავი იყო.
იყო თბილი და მზრუნველი ქალი.
გადაღების დროს, შესვენება რომ გვქონდა, ციალას ოთახში გვიყვარდა შესვლა. ყველას უვლიდა.
რა უნდა დაგჭირვებოდა, რომ მას არ ჰქონოდა.
იმ დროს, ასეთ ადამიანს იყენებ, კარგი გაგებით. მერე ნერვები გეშლება, რომ ყოფითი რამეების გამო არ ეურთიერთობო.
- მის ერთ ძველ ინტერვიუში წავიკითხე, "სიყვარული ყველას უნდას" გადაღების დროს, ქალბატონ ციალას, სახლისთვის ტყემალი მოუდუღებია...
- ჰო, ასეთ რამეს აკეთებდა. ან მოგშივდებოდა, ან დასველდებოდი, ან რამე დაგჭირდებოდა, ციალასთან უნდა შესულიყავი... დედური მზრუნველობა ჰქონდა. ძალიან უბრალო და თავმდაბალი ადამიანი იყო...
ჩემს მეხსიერებას ასეთი შემორჩა.