1731519914
სანამ თქვენს ეზოში გადმოსული მეზობლის ხის ტოტიდან, ბალს მოწყვეტდეთ, ეს წაიკითხეთ
იურისტი ვახტანგ მაჭავარიანი ვიდეოთი გვიხსნის, თუ ვის ეკუთვნის მეზობლის ეზოში ჩავარდნილი ხილის, მაგალითად, ბლის ნაყოფი?
იურისტი გვაცნობს კანონს, რომლის მიხედვით, ნაყოფი მიწაზე დავარდნამდე მის მფლობელს ეკუთვნის. დავარდნასაც გააჩნია. ეს უნდა მოხდეს ბუნებრივი გზით. მოკლედ, სანამ მეზობლის ეზოში გაზრდილ, მაგრამ თქვენს ეზოში დამწიფებულ ბლის ნაყოფს მოწყვეტდეთ, გაიგეთ, კანონს ხომ არ არღვევთ?
ვახტანგ მაჭავარიანი: ბავშვობა იმერეთში, ხარაგაულის რაიონის სოფელ ლეშაში მაქვს გატარებული. ერთხელ შევესწარი კამათს, თუ ვის ეკუთვნოდა მეზობლის ეზოდან გადმოსული ტოტებ დახუნძლული ბალი? წესით, შენს ტერიტორიაზე და მაცდუნებლად გიმზერს ნაყოფი. ერთხელ ბლის პატრონს ჩამოუკრიფეს ბაზარში გასაყიდი პროდუქტი და მეზობლებს შორის კონფლიქტი დაიწყო. ბლის მესაკუთრე ანაზღაურებას ითხოვს. აქეთ მეზობელი კი იმუქრება, რომ მის ტერიტორიაზე გადმოსულ ტოტებს მოჭრის თუ ის ბალი მას არ ეკუთვნის. ხშირია ასეთი შემთხვევა და საინტერესოა, კანონი რას გვეუბნება.
სამეზობლო სამართალი, სამოქალაქო კოდექსში, ცალკე თავად არის გამოყოფილი. ამ კონკრეტულ შემთხვევას 178-ე მუხლი არეგულირებს.
სანამ ნაყოფი ხეზეა, ის ხის მესაკუთრეს ეკუთვნის. ნაყოფი მიწაზე უნდა დავარდეს, რომ ხის მესაკუთრემ მფლობელობა დაკარგოს და მიწის მესაკუთრეს (მეზობელს) რომ ეს უფლება გაუჩნდეს. თან საინტერესოა, რომ ნაყოფის ცვენა ბუნებრივი ფაქტორებით უნდა მოხდეს - დამწიფებით ან უმნიშვნელო ამინდის ცვლილებით. თუ ხეს პატრონი ბერტყავს, ან თავსხმა წვიმამ ნაყოფი მიწაზე ჩამოიტანა, მაშინ ცხადია, მიწის მესაკუთრეს (მეზობელს, რომლის ეზოშიც ტოტებია გადასული) ვერ მიეცემა ნაყოფის მითვისების უფლება. თუმცა მიწის მესაკუთრეს ტოტების მოჭრა შეუძლია. არა მარტო ტოტების, შეუძლია მიაყოლოს ფესვები, რომელიც მის მხარესაა გადასული. მაგრამ იმის ახსნა მოუწევს, თუ რაში უშლიდა ხელს ეს ფესვები. თუ მისი მიწის ნაყოფიერებას ხელს უშლიდა მეზობლიდან შემოსული ფესვები, ან ტოტები უბნელებენ სარკმელს, გასაგებია. მაგრამ თუ მარტო იმისთვის ჭრის, რომ ბავშვები თავს ვერ იკავებენ ხილის ჭამისგან, მაშინ ზიანის ანაზღაურება მოუწევს და მეზობელთანაც გაიფუჭებს ურთიერთობას. ამიტომ ამ საქმეს შეთანხმება სჭირდება.
ასევე დაგაინტერესებთ: „საცივზე გაგიჟდა, ისე მოეწონა. ერთი ქვაბი შეჭამა!“ - პაატა ბურჭულაძე "პრაიმტაიმთან" პავაროტისთან მეგობრობას იხსენებს
ხილი, რომელიც მარხვაში ხორცს ცვლის და წონაშიც გვაკლებინებს - ის უნიკალურია!