უკუჭო, 17 ნაოჭიანი, ბეგქონდარით - კიდევ რა სანელებელია მოხეურ ხინკალში

xinkali

16 ივლისს ყაზბეგსა და თუშეთში, მთის კვირეულის ფარგლებში, ხინკლის ფესტივალი იმართება. დამთვალიერებელი თვითონ შეძლებს ხინკლის მოხვევას, დაგემოვნებას, მოისმენს ამ კერძის ისტორიას, დატკბება შეუდარებელი ხედების ყურებით, მყინვარითა და გერგეტის, თუ თუშეთის შეუდარებელი მთებით.

გასტონომიული მუზეუმის დამფუძნებელი ესმა კუნჭულია ყაზბეგში ესწრება ფესტივალს, შეფი ლევან კობიაშვილი კი - თუშეთში. 

ესმა "პრაიმტაიმის" მკითხველს ყაზბეგურ, უფრო სწორედ - მოხეურ ხინკალზე უყვება. 

ესმა კუნჭულია: - რაც თავი მახსოვს არის დავა, ვის ეკუთვნის ხინკალი, ქართულია, მონღოლურია თუ რა წარმოშობა აქვს. მე ვამბობ, რომ ის ფორმა, რაც ჩვენსხინკალს აქვს, არის ქართული კერძი. მაგრამ საქართველოშიც სხვადასხვა ხინკალი გვაქვს. როგორც ენაში, ხინკალშიც სხვადასხვა დიალექტები გვაქვს. ყველა მთის რეგიონს თავისებური კერძი აქვს. არის გაუთავებელი დავა, როგორ შეიძლება ხინკალში ბეგქონდარა ან კვლიავი, ანდა ორივე ერთად და ა.შ. ყოველი მხარის ხინკალს - საკუთარი გემო, სუნი და მეხსიერება აქვს.

ხინკლის ჭამისას ნაოჭები სახისკენ უნდა მოაბრუნოთ - მზეს უყუროთო, აქ ამბობენ. თითქოს მზე გიცინისო.

მოხევე მაია ფიცხელაური ამბობს, რომ მოხეურ ხინკალს უნდა ჰქონოდა 17 ნაოჭი… რათა-მეთქი?

რათაო და 7+1 = 8, 8 კი, მზის რიცხვიაო. მზის ხინკალს, კუჭი არ ჰქონდაო… კუჭით კი არ სჭამდიო, ხელში პურივით გეჭირაო.

მოხევურ ხინკალში უნდა იყოს ბეგქონდარა და კვლიავი. 

სხვა ხინკლებისგან განსხვავებით, მოხეური საკმაოდ დიდია. თითქმის ორ კოვზ ფარშს უშვრება ქალბატონი მაია. აქ ცხვრის ხორცით ამზადებნენ. ალბათ, ალექსანდრე ყაზბეგი თავის რომანებში, ასეთ ხინკალზე საუბრობდა და მას მიირთმევდა. ასე მგონია. თანამედროვე დროში, თანაც ტურისტების გათვალისწინებით (ზოგი სტუმარი ღორის ხორცს იქნებ არ ჭამდეს) შერეული ან საქონლის ფარშისგან მზადდება...