ქოლესტერინის ანალიზს მილიონობით ადამიანს შესაძლოა არასწორად უკეთებდნენ - ახალი კვლევა
1783609545
ადვოკატი ვახტანგ მაჭავარიანი მოქალაქეებს მშენებარე ბინის შეძენისას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ხელშეკრულების იურიდიული შემოწმებისა და სამშენებლო კომპანიის დოკუმენტაციის გადამოწმების გარეშე გადახდილმა თანხამ შესაძლოა მყიდველი სერიოზული ფინანსური ზარალის წინაშე დააყენოს.
„ამ თემაზე რამდენჯერაც უნდა ვისაუბრო, ვხედავ, რომ გამეორება აუცილებელია. თუ თქვენ ახლა, ამწუთას, მშენებარე ბინის შეძენას აპირებთ, ან ვინმე ახლობელი გყავთ, ვინც ამ ნაბიჯის გადადგმას გეგმავს, გააჩერეთ ყველაფერი და მოისმინეთ, თუ არ გინდათ, რომ ერთ დღესაც, თქვენი წლობით ნაგროვები ფული ჰაერში გაფრინდეს და უმძიმეს რეალობაში აღმოჩნდეთ.
ქალბატონი დამიკავშირდა ამერიკიდან, ნათესავმა სამშენებლო კომპანია ურჩია, რომელიც აპარტამენტებს აშენებდა, მან ხელშეკრულებას თვალი გადაავლო, რა თქმა უნდა, იურისტთან არ გადაამოწმა, ერთი თვის წინ 75 ათასი დოლარი გადაიხადა და აღმოჩნდა, რომ მშენებლობას სერიოზული პრობლემები აქვს.
მშენებლობის ნებართვის ვადა გასულია და ვერ ახერხებენ გაგრძელებას. ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება სრულად კაბალურად არის შედგენილი და მშენებლების მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის თითქმის არავითარი პასუხისმგებლობა არ არის განსაზღვრული. სხვა კიდევ ბევრი პრობლემაა, რაზეც ახლა ვერ ვისაუბრებ.
ხალხო, ამხელა თანხას იხდით და რას აწერთ ხელს, თვითონაც არ იცით! პირველ რიგში, გირჩევთ, რომ იპოვოთ კვალიფიციური იურისტი, ხოლო თუ მაინც დამოუკიდებლად გინდათ გაარკვიოთ, რა ხდება იმ ობიექტზე, რომელიც გაინტერესებთ, გეტყვით კონკრეტულ პუნქტებს, რომელსაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება:
გადაამოწმეთ საჯარო რეესტრის ამონაწერი და დარწმუნდით, ასაშენებელი ობიექტი ნამდვილად გამყიდველს ეკუთვნის.
მიაქციეთ ყურადღება, როდის განახლდა ამონაწერი, რაც მოგცემთ საშუალებას, დაინახოთ დღეისათვის ვის საკუთრებას წარმოადგენს კონკრეტული ობიექტი, აქვს თუ არა ქონების გასხვისების უფლება, რა შეზღუდვები და ვალდებულებები გააჩნია.
იმ შემთხვევაში, თუ გაშლაა გაკეთებული, ე.ი ასაშენებელი კორპუსი განაწილებულია ბინების მიხედვით, ამონაწერი განაახლეთ თქვენივე ბინის საკადასტრო კოდით, გაარკვიეთ, როგორ ფინანსდება და დაზღვეულია თუ არა მშენებლობა. დარწმუნდით, რომ მშენებლობის ნებართვა შესაბამისი დროით არის გაცემული, მშენებლობა კანონიერია და სამშენებლო დარღვევებისთვის შეჩერება არ ემუქრება. ეს ადვილია. შეხვალთ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე, შეიყვანთ საკადასტრო კოდს და მშენებლობის შესახებ თავად ნახავთ ყველაფერს. გამყიდველი თუ იურიდიული პირია, მაგ. შპს, შეამოწმეთ მისი ამონაწერი. ნახეთ, ვინ არიან მეწილეები და მდგომარეობა აქვთ. მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით, რომ მშენებლობა პერსპექტიულია, დგება ბინის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების გაფორმების დრო. ხელშეკრულება დაცვის მთავარი მექანიზმია და ამომწურავად უნდა პასუხობდეს თქვენს ინტერესებს. ყურადღება მიაქციეთ ყველა ნიუანსს, რადგან ეს დავის წარმოქმნის შემთხვევაში გადამწყვეტი იქნება. მიზანშეწონილია, შესაძენი ობიექტის საფასური გადაიხადოთ გრაფიკის მიხედვით და ეს გრაფიკი მშენებლობის გრაფიკის დაუკავშიროთ. განსაზღვრეთ, რომ თანხის გადახდა მშენებლობის დინამიკიდან გამომდინარე განხორციელდება. აშენების გრაფიკის დარღვევისა და შეუსრულებელი ვალდებულებებისთვის განსაზღვრეთ პირგასამტეხლო და ჯარიმა. ასევე, ბოლოს, თუ დარწმუნებული ხართ, რომ პირობებს თქვენვე არ დაარღვევთ, შეთანხმებაში მიუთითეთ, რომ დავის შემთხვევაში საქმეს საარბიტრაჟო სასამართლო განიხილავს, რათა დაზოგოთ დრო, რესურსი და რაც მთავარია, ნერვები“, - განმარტა ადვოკატმა.