„სანამ მამა ნეოფიტე სასულიერო ცხოვრების გზას დაადგებოდა, მის ოჯახში ორი ტრაგედია დატრიალდა“ - ვინ არის მოძღვარი, რომელიც საფრანგეთიდან დღეს ჩამოასვენეს

შაბათს, ყინწვისის მონასტრის სასულიერო პირს, მამა ნეოფიტე დაშნიანს, უკანასკნელ გზაზე გააცილებენ. მის სახელს ბევრი ეკლესია - მონასტრის მშენებლობა და რესტავრაცია უკავშირდება. მამა ნეოფიტეს, რუის-ურბნისის ეპარქიაში „ხევისბერის“ ტიტულიც ჰქონდა მინიჭებული. კიდევ არაერთი მიზეზია იმისა, (ვინც არ იცნობდა) რომ აუცილებლად უნდა იცნობდეთ სასულიერო პირს, რომელსაც ბევრი კეთილი საქმე უკავშირდება...

მომღერალს და ახლა უკვე გადაცემა „ღამის პრაიმ თაიმის“ ერთ-ერთ წამყვანს ზურა ხაჩიძეს, მამა ნეოფიტესთან მეგობრობა აკავშირებდა. ზურამ „პრაიმტაიმთან“ სასულიერო პირის გაცნობა და მასთან ურთიერთობა გაიხსენა.

„მამა ნეოფიტე, ჩემი ოჯახისთვის ძალიან ახლობელი ადამიანი იყო. ის, მე და ხათუნას მამა ნაომიმ გაგვაცნო, სწორედ მან მოიყვანა ჩვენთან სახლში და ასე დავმეგობრდით. მაშინ გავიცანით, როცა ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი იყო, ხათუნას ჯანმრთელობის მდგომარეობას ვგულისხმობ.

ხშირად დავდიოდით ყინწვისში და ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა მამა ნეოფიტესთან. საუკეთესო ადამიანი გახლდათ. ბოლოს მამაო მაშინ ვნახე, სანამ თურქეთში ხათუნას ანალიზებზე წავიდოდით.“- ამბობს ზურა ხაჩიძე.

ასე გამოემშვიდობა მეგობარს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

„ფრონტელი მეგობარივით ახლობლად მიმაჩნდა. მე და მამა ნეოფიტე 2008 წლის 15 აგვისტოს, შინდისის ბრძოლაში გადარჩენილი ჩვენი დაჭრილი ჯარისკაცების გამოსაყვანად, ვიყავით შესულები იქ. სულ რამდენიმე საათი გავატარეთ ერთად რუსული ჯარის მიერ რამდენიმე დღის წინ ოკუპირებულ სოფლებში, და ეს ბიჭები გამოვიყვანეთ, 5 დაჭრილი ჯარისკაცი. შეიძლება მთელ ცხოვრებად ღირდეს ეგ რამდენიმე საათი. ერთი ვაჟკაცი დააკლდა საქართველოს. ღმერთმა აცხონოს.“ - წერს სოციალურ ქსელში მამა ანდრია ჯაღმაიძე.

 

საერო ცხოვრებიდან სასულიერო პირობამდე - ვინ იყო და როდის გადაწყვიტა ნუგზარ დაშნიანმა სასულიერო პირობა

 

სანამ მამა ნეოფიტე სასულიერო ცხოვრების გზას დაადგებოდა, მათ ოჯახში ორი ტრაგედია დატრიალდა. 1984 წელს მამა ნეოფიტეს უფროსი ძმა გარდაიცვალა. სწორედ ამის შემდეგ, მათმა დედამ, ნინო დაშნიანმა სულიერი სიმშვიდე რუის-ურბნისის მონასტერში პოვა. თავი უფალს მიუძღვნა და სიცოცხლეც იქ დაასრულა. სქიმონაზონი სწორედ ამავე მონასტრის ეზოშია დასაფლავებული.

სულ ოთხი დედმამიშვილი იყვნენ, მამა ნეოფიტეს უფროსი ძმა და ტყუპი და-ძმა ჰყავდა. უფროსი ძმის გარდაცვალებიდან რამდენიმე წელში, მისი მეორე ძმა, ტყუპისცალი, 33 წლის ასაკში ზღვაზე გარდაიცვალა. სწორედ ამ განსაცდელის შემდეგ გადაწყვიტა საერო ცხოვრებიდან წასვლა და დედის მსგავსად ნუგზარ დაშნიანმაც თავი უფალს მიუძღვნა. „პრაიმტაიმი“ მისი ბავშვობის მეგობარს, ქეთი მეტრეველს ესაუბრა.

„მამა ნეოფიტე, საერო ცხოვრებაში კი ნუგზარ დაშნიანი შეძლებული ოჯახის შვილი იყო. თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ოთხი დედმამიშვილი იყვნენ, მამაოს უფროსი ძმა ჰყავდა და უმცროსი ტყუპი და-ძმა. უფროსი შვილის, ნიკოლოზის გარდაცვალება დედამ ძალიან განიცადა და სულიერი შვება რუის-ურბნისის მონასტერში პოვა. როცა დედა ნინომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდი იყო და ხალხს ძალიან უკვირდა მისი ეს გადაწყვეტილება. იმასაც კი ამბობდნენ, შვილები როგორ დატოვაო. დედაო ტაძრის წინამძღვარი გახდა და უამრავი ადამიანი დააახლოვა ღმერთთან და ეკლესიასთან. ბევრი შვილმკვდარი დედა მიდიოდა მასთან სანუგეშოდ.

პირველი შვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე წელში უმცროსი ბიჭი, ტყუპისცალი კვარიათში გარდაეცვალა. დიდ ტალღებში მოჰყვა, როგორღაც თავი დააღწია და გამოვიდა შტორმიდან, მაგრამ სანაპიროზე გამოსულს გულმა უმტყუნა. მან ცურვა ძალიან კარგად იცოდა, გულის მანკით იყო დაბადებული და ამის გამო ბავშვობიდან ცურვაზე დაჰყავდათ. სწორედ ამ ტრაგედიის შემდეგ მამა ნეოფიტემ 43 წლის ასაკში მიიღო გადაწყვეტილება, დატოვა ორი შვილი, მეუღლე და ძამას ხეობაში წავიდა. მერე ამ ხეობის „ხევისბერი“ გახდა და ადგილობრივებს ეხმარებოდა. მათთვის სარეცხის მანქანებს და ათას რამეს ყიდულობდა. ძალიან კეთილი და თავმდაბალი ადამიანი იყო...“- ამბობს ქეთი მეტრეველი.

დაახლოებით ორი წლის წინ, მამა ნეოფიტეს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, ექიმებმა თირკმლის გადანერგვის რეკომენდაცია მისცეს. როდესაც ოპერაცია აუცილებელი გახდა, მისი დონორი, ყინწვისის მონასტრის სასულიერო პირი, მამა ალექსი ნიკოლიშვილი გახდა.

„როგორც ჩანს თირკმლის ტრანსპლანტაცია გამოსავალი არ აღმოჩნდა. მას შემდეგ მკურნალობდა. ბოლო რამდენიმე თვე საფრანგეთში იმყოფებოდა, იქ იტარებდა ქიმიოთერაპიის კურსს. სამწუხაროდ რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა და დღეს ჩამოასვენეს საქართველოში...

ხვალ, 22 აპრილს მამაოს ყინწვისის მონასტერში გადაასვენებენ და შაბათს დაკრძალავენ.“ - ამბობს ქეთი მეტრეველი.

შეგახსენებთ, ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირი, მამა ნეოფიტე, საფრანგეთიდან დღეს ჩამოასვენეს.