„საეჭვიანო თუ მომეცა, მივხვდები... საახლობლოში ვიცი, როგორ „დაძვრება“ მეორე ნახევარი“ - სოფო ბედია

sopo bedia

„ის პირველივე შემხვედრს არასდროს ენდობა, ჯერ ადამიანი კარგად უნდა შეისწავლოს. ძნელია აზრი შეაცვლევინო. საიმედო, სტაბილური და მზრუნველი მეუღლეა, მაგრამ განსაკუთრებულ რომანტიკას მისგან ნუ ელით”, - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ხარის წელში დაბადებულ მერწყულს, ეს კი სოფო ბედიას ზოდიაქოს ნიშანია.

ჟურნალმა „გზამ“ მომღერალთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც სოფო თავის პირად ცხოვრებაზე გულწრფელად საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ასტროლოგიით დაინტერესებული ვარ, ამ მეცნიერების ძალიან მჯერა, ასტროლოგს პირადი რუკაც შევადგენინე.

- მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას პირად რუკას რამდენად ითვალისწინებ?

- რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ, ვიცი, რა დროა ჩემთვის სასიკეთო, რა უნდა გავაკეთო, რა არ უნდა გავაკეთო, თუმცა ფანატიკურად სულ ამ რუკაშიც არ ვიხედები.

- „ის იშვიათად გამოდის წონასწორობიდან, არ უყვარს წვრილმანებზე კინკლაობა, მაგრამ თუ გაბრაზდა, მისი რისხვა ძლიერია, არავის ინდობს”.

- ეს ძალიან იშვიათად ხდება. ვცდილობ, ჩემი ემოციები ყოველთვის გავაკონტროლო, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში ყოველთვის ყველაფრის “გატარებას” ხომ ვერ ვახერხებთ. როდესაც ადამიანს აჩვენებ სიკეთეს, ერთგულებას, პატივისცემას, ბოლომდე თან რომ ჰყვები და, უკან მეასედიც არ გიბრუნდება, ძალიან რთულია. თავიდან შეიძლება მოითმინო, მაგრამ ეს მდგომარეობა თანდათან იმდენად აუტანელი ხდება, მერე შეიძლება ერთი უმნიშვნელო სიტყვაც კი გახდეს ურთიერთობის დასრულების მიზეზი. ასეთ ადამიანებს ყოველთვის ვიშორებ, მათთან არც კონფლიქტში შევდივარ, არც რაიმეს ვუხსნი, დისტაციას ვიცავ და სულ ესაა ჩემი “დასჯის” მეთოდი. კარგად იყოს, ოღონდ თავისთვის იყოს.

- „მისთვის უმთავრესია ოჯახი”.

- ნამდვილად ასეა. ბოლო რამდენიმე წელია, მაქსიმალურად ვცდილობ, ოჯახთან დიდი დრო გავატარო. ზაფხულია, ბევრი კონცერტი ტარდება, მეც შემეძლო, დავკავებულიყავი, კონცერტები დამეგეგმა, ამის არანაირი პრობლემა არ მექნებოდა, მაგრამ გადავწყვიტე, რადგან მთელი წლის განმავლობაში დატვირთული რეჟიმი მაქვს, ზაფხული ჩემი ოჯახისთვის მიმეძღვნა. ახლა მარტვილში ვარ, სოფელში ჩემს შვილებთან, ოჯახთან ერთად და დროს ყველანი ბედნიერად ვატარებთ. ხანდახან გული კი მწყდება, ნეტავ, რაიმე დამეგეგმა-მეთქი, მაგრამ საბოლოოდ მაინც მივდივარ დასკვნამდე, რომ ოჯახი უმთავრესია. სექტემბრიდან ისეთი რეჟიმით მომიწევს მუშაობა, ვიცი, ჩემს შვილებთან ასეთი დოზით ვეღარ ვიქნები.

- „მასთან ურთიერთობისას ყოველგვარი მოულოდნელობისთვის მზად უნდა იყოთ. საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ გალაშქრება უყვარს”.

- საზოგადოებრივ აზრს კი არ ვებრძვი, ვწუხვარ, რომ ამ ბოლო დროს საზოგადოება ძალიან გაბოროტდა. ცდილობენ, კარგი არაფერი დაინახონ და ყურადღება ყოველთვის უარყოფითზე გაამახვილონ ან ძალიან შეგიცოდონ, თუმცა მერე იმ შეცოდებულსაც დიდხანს არ წყალობენ. ცინიზმმა იმატა, ვფიქრობ, ამ ადამიანებს არა აქვთ პირადი ცხოვრება, არარეალიზებულები, არასრულფასოვანნი არიან. ასეთები ყოველთვის სხვების ცხოვრებით ცხოვრობენ. დილა რომ თენდება, სოციალური ქსელის სქროლას იწყებენ. ადამიანი, რომელიც კარგად გამოიყურება, ოჯახთან ერთად ბედნიერია, წარმატებული, საქმიანი... ამას ვერ იტანენ. ადამიანებს კარგად ყოფნას, ბედნიერებას ვერ პატიობენ. ძალიან მინდა, დედამიწაზე ყველა ბედნიერი იყოს და სხვისი ცხოვრებით აღარავინ იცხოვროს.

- ეს საზოგადოება წლების წინ ასეთი არ იყო?

- როგორ არ იყო?! ახლა სოციალური ქსელების სახით გამოხატვის საშუალება მიეცათ. დროც შეიცვალა, ხალხი ძალიან “გაცივდა”. შრომა არ უყვართ. არ არსებობს - მშრომელი ადამიანი მიზანს თუ დაისახავს, აუცილებლად მიაღწევს.

- „მასთან რაიმეზე მოლაპარაკება ძნელია, არ უყვარს, როცა ვალდებულებებით ავიწროებენ. ძნელია, აზრი შეაცვლევინო”.

- ადამიანმა მარწუხებში არ უნდა მომაქციოს. კარგად მესმის, რა არის ჩემი ვალდებულება, არ შეგახსენებინებ, რადგან კარგად ვიცი, ამ ამბავში არ მეშლება არც ოჯახთან, არც - მეგობრებთან. დავალდებულება არ მიყვარს. რაც შეეხება აზრის შეცვლას, არგუმენტირებულ აზრს თუ მოვისმენ, როგორ არ შევიცვლი?! გააჩნია, ის ადამიანი რამდენად კომპეტენტურია, რამდენად მცოდნეა.

- დღევანდელ საზოგადოებაში სნობიზმი რა დოზითაა?

- ძალიან დიდი დოზითაა. მინახავს, როგორ ეტენება ერთი მეორეს და მინახავს, იგივე ადამიანი ზურგს უკან მასზე რას ლაპარაკობს. ეს ხომ იმის ნიშანია, რომ მერე ჩემზეც იმავეს იტყვის, პირში “ეთხლიშებიან” და ზურგს უკან ცუდს ლაპარაკობენ, ასეთი ურთიერთობა არ შემიძლია და რა ვქნა?! ასეთებისთვის პასუხის გაცემაც არ ღირს. ვიცი, რომ არ არის სანდო ადამიანი, ამიტომ ვერ მივიღებ. შეგხვდები, გეტყვი “სალამს”, “ნახვამდის” და - ღმერთმა კარგად გამყოფოს!

- „ეჭვიანი არ არის”.

- არ ვარ, მაგრამ საეჭვიანო თუ მომეცა, მივხვდები. ეჭვით ცხოვრება დიდი მარაზმია. სანაცნობოში, საახლობლოში ვიცი, როგორ „დაძვრება” მეორე ნახევარი; დასდევენ, ხელში ფაქტები უჭირავთ და არის ერთი ამბავი. რას იბრძვი, გაუშვი და შენც კარგად იყავი!..

ჟურნალი "გზა"