ღვთისმშობლის აქამდე უცნობი ხატი “დინიუსი”, რომელსაც შუბლზე ნახვრეტი აქვს – ახალი აღმოჩენა ქრისტიანულ სამყაროში

ხატი

ეგეოსის ზღვაში მდებარე ბერძნულ კუნძულ ევიაზე ჭადრებითა და კვიპაროსებით გარშემორტყმულ მდელოზე აღმოაჩენთ პანაგია დინიუსის პატარა ეკლესიას. ამ ადგილის ისტორია ოსმალების ბატონობის გვიანდელ პერიოდს უკავშირდება, ის კეფალესის ოლქის სიახლოვეს მდებარეობს, რომელიც დიდ ინტერესს იწვევს არქეოლოგიური თვალსაზრისით.

ადგილობრივ მცხოვრებთა მონათხრობის თანახმად, ერთხელ მწყემსმა, რომელიც ამ ადგილებში მწყემსავდა თავის საქონელს, ბუჩქებში ნათება შენიშნა. როდესაც ახლოს მივიდა, დაინახა ხატი. ამჟამად ამ ადგილას ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაა, სადაც დასვენებულია სასწაულმოქმედი ხატი – “ღვთისმშობელი დინიუსი.”

ლეგენდა მოგვითხრობს, რომ თურქეთის ოკუპაციის დროს ოსმალეთის არმიის თურქი ჯარისკაცი ბერძენს მისდევდა მოსაკლავად. ბერძენმა ჯარისკაცმა ეკლესიაში მოასწრო შესვლა და სამფეხა სადგამზე დასვენებული ღვთისმშობლის დიდი ხატის უკან დაიმალა. რა თქმა უნდა, იგი მაინც ჩანდა, მისი თავი ხატის უკან, ზუსტად ღვთისმშობლის თავის გასწვრივ იყო.

ცოტა ხანში თურქიც შევიდა ტაძარში და შეამჩნია ღვთისმშობლის ხატის უკან დამალული ბერძენი ჯარისკაცი. რა თქმა უნდა, თურქზე ეკლესიის გარემოს მადლმა არ იმოქმედა, წმინდანთა სახეების სინათლემ ის სრულიად გულგრილი დატოვა, ვერც ღვთისმშობლის წმინდა სახემ გააღვიძა მასში რაიმე ადამიანური გრძნობა.

მან ბერძენს დაუძახა: „რას იმალები მაგ ხის ფანერის უკან, საბრალოვ, გგონია, რომ ვეღარ მოგკლავ?“

„დიდია ღვთისმშობლის, ზეციური დედოფლის მადლი “, – უპასუხა ბერძენმა. – „ამიტომ ამ რთულ დროს მას მივმართავ, დამეხმაროს და დამიცვას“.

თურქმა მაშინვე ამოიღო პისტოლეტი და თავში ესროლა ბერძენს, თუმცა მოხდა სასწაული – ტყვია ხატზე ღვთისმშობლის შუბლს მოხვდა, მაგრამ ვერ გახვრიტა, ხატმა ის აისხლიტა, უკან გააბრუნა, თავში მოხვდა თურქ ჯარისკაცს და იგი განგმირული დაეცა. ასე გადაარჩინა ბერძენი ჯარისკაცი ღვთისმშობელმა.

ამიტომ ეწოდა ღვთისმშობლის ამ ხატს „დინიუსი“ (რაც თურქულად „დაბრუნებას“ ნიშნავს). ხატს შუბლზე ტყვიისგან დატოვებული კვალი დღესაც აქვს.