დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
"ყოველი ტრაგედიისას, ისევ იწყება სუპერ პუმების თემა. არაა ეს VIP შვეულმფრენი აღჭურვილი სამაშველო საქმიანობისთვის. როცა მაშინდელი ერთპიროვნული მმართველი თავისი ხუშტურებისთვის ძვირად ღირებული ტყავის სალონით უკვეთდა შვეულმფრენს, ვინმემ გააკრიტიკეთ, სამაშველო ვერსია რატომ არ იყიდეო? განა ჟიგულია, ამოიღო „ნოლტრის“ ძრავი და „ნოლშესტის“ ჩააყენო, სადმე, ორღობის „გარაჟში“?", - ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
იგი გუშინ გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება.
„მერამდენე ტრაგედია ხდება და იგივე პრობლემაზე მიწევს წერა. ისევ ჩასაფრებული სვავები...
ადამიანი, ერი თავის სახეს გაჭირვებისას აჩვენებს. ნუთუ არ შეიძლება ტრაგედიის დღეებში, გლოვის დღეს, დაღუპულთა დაკრძალვამდე ყველამ თავი შეიკავოს პოპულიზმისგან, ნიშნის მოგებისგან, პოლიტიკური ქულების დაწერისგან?! ნუთუ არ შეიძლება, ცნობილი ადამიანი სანამ რაიმეს დაწერ ან იტყვი, გაიარო კონსულტაცია და მერე დაწერო, წარმოთქვა... დაწერენ და მერე უწევთ წაშლა, ჩასწორება. ნათქვამს ხომ ვეღარ გაასწორებ?!
გუშინ ერთ ტვ-ს უარი ვუთხარი, მიზეზი ავუხსენი, მეორეს არ გამოვეხმაურე, თუმცა მათთან კიდევ სხვა პრობლემებია...
ხომ უნდა ვიფიქროთ, რომ გვისმენენ, ოჯახები, თანამებრძოლები, კოლეგები და განიცდიან, როცა იწყება არაკვალიფიციური განხილვები?! რამდენჯერ უნდა გითხრათ სპეციალისტებმა, რომ დღეს რეალურ მიზეზს ვერავინ გეტყვით?! დღეს, ამ დღეებში მედია ამ ტრაგედიას უნდა აშუქებდეთ როგორც ფაქტს, ნიუსს რომ ეძახით. თუ გსურთ ფაქტის, ტრაგედიის ჟურნალისტური გამოძიება, უნდა გამოყოთ ჟურნალისტი, რომელიც იმუშავებს შსს-თან, ასევე ჟურნალისტური მეთოდებით მოიძიებს მასალებს და გონივრულ ვადებში თავის დასკვნებს გააკეთებს, რომელიც შეიძლება დაემთხვეს, ან არ დაემთხვეს ოფიციალურ ვერსიას. ესაა წესი და ადამიანობა. ყველაფერი დანარჩენი არის არაადამიანობა.
რაც შეეხება შვეულმფრენების ტიპებს. არ შევუდგები მი-8-ს დახასიათებას და რატომ გვაქვს ამ ტიპის შვეულმფრენები. ათასჯერ დავწერე. სხვათა შორის, ყველაზე მრავალრიცხოვანი შვეულმფრენია. უბრალოდ, მარტივად, მი-8 (მი-17) გააჩნია პოლონეთს, ჩეხეთსა და ნატოს წევრი აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს. რჩება კითხვა?
ყოველი ტრაგედიისას, ისევ იწყება სუპერ პუმების თემა. არაა ეს VIP შვეულმფრენი აღჭურვილი სამაშველო საქმიანობისთვის. როცა მაშინდელი ერთპიროვნული მმართველი თავისი ხუშტურებისთვის ძვირად ღირებული ტყავის სალონით უკვეთდა შვეულმფრენს, ვინმემ გააკრიტიკეთ, სამაშველო ვერსია რატომ არ იყიდეო? განა ჟიგულია, ამოიღო „ნოლტრის“ ძრავი და „ნოლშესტის“ ჩააყენო, სადმე, ორღობის „გარაჟში“?
თუ გაწუხებთ ავიაციის ან სხვა სფეროების განვითარების პრობლემები, ვისაუბროთ გლოვის დღეების მერე და ვისაც გინდათ, იმას ავუწვათ ყურები. ოღონდ თქვენ ხომ კრიტიკა მხოლოდ ერთი პოლიტიკური სუბიექტის სასარგებლოდ გაინტერესებთ?! ამიტომაც არ გვაქვს ჯანსაღი დებატების თუ დებატების ჯანსაღი გარემო. პირველად ვწერ?
რაც შეეხება შესაძლო ვერსიებს. საიდან მოგაქვთ გაუმართავი შვეულმფრენის ვერსია? წარმოდგენა გაქვთ საავიაციო საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის მუშაობაზე? ესაუბრეთ ვინმეს? რაც არ უნდა დაინახოთ ეკრანზე, იმ ვიდეოში, რომელიც ვრცელდება, რეალურად შეიძლება იყოს როგორც ტექნიკური მიზეზი, ისე ადამიანური ფაქტორი, ასევე კლიმატური. ხეობებში სწრაფად იცვლება ქარის მიმართულება, რაც გარკვეულ სიტუაციაში, შესაძლოა, კრიტიკული აღმოჩნდეს და შვეულმფრენის ტიპს არ ჰქონდეს მნიშვნელობა. ნებისმიერი გამოცდილი მფრინავი ან საავიაციო ინჟინერი, იმავეს დაგიდასტურებთ.
გამოძიებას მოუწევს შვეულმფრენის ნამსხვრევების, ფრაგმენტების შესწავლა, მ.შ. ვიდეო ფირების ექსპერტიზის ჩატარება და სხვა. საავიაციო გამოძიებაში უამრავი ადამიანი მონაწილეობს. მოქმედებენ კონკრეტული რეგულაციების საფუძველზე და დაადგენენ იმ მიზეზს, რაც იყო რეალურად.
გუშინ სხვა პოსტი უნდა დამედო, მიმდინარე მოვლენებზე, მაგრამ არაა ამის განწყობა. პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს, ყველა უწყების ავიატორებს, მაშველებს, ავიაციის მედიკოსებს, რადგან ყველა ერთი დიდი ოჯახის წევრები არიან, ყველას ერთად უომია და უფრენია და არ მეგულება ვინმე, ვისაც ამ ადამიანებზე მეტად სტკიოდეს“, - წერს ამირან სალუქვაძე.
მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, გუდაურთან, 29 ივლისს ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფორმაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი კი გარდაცვლილია.
საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.