საკუთარი სახლიდან გატაცებული 23 წლის ბიჭი - ფულის გამო სცემეს, აწამეს, გააშიშვლეს და ვიდეო გადაუღეს - რას ჰყვებიან მარნეულში გამომძალველთა დაჯგუფებაზე

დაკავება

ჩანაწერი, რომელსაც "კურიერი P.S." სრულად არ ასაჯაროებს, 23 წლის მამაკაცის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ასახავს. მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოში, მას ბანქოში წაგებული ფულის, 20 000 ლარის მიტანას სთხოვდნენ. თანხის ნაწილი - 6 500 დოლარი და 2 800 ლარი მუქარითა და ფიზიკური ძალადობით გამოსძალეს, თუმცა სამმა თანასოფლელმა მას დამატებით კიდევ 10 000 ლარი დააკისრა, უარის შემდეგ კი სახლიდან ავტომობილით გაიტაცეს, დაუსახლებელ ადგილას მიიყვანეს და არაადამიანურად გაუსწორდნენ. გამომძალველებმა მამაკაცი გააშიშვლეს, დააჩოქეს და ვიდეო გადაუღეს.

ალი მამედოვი, ნურლან აბდულაევი და ეშგან გოროდალოვი - სამივე გამომძალველი პოლიციამ უკვე დააკავა. ბრალდებულების ახლობლები კამერებთან არ ჩნდებიან. საუბარზე მხოლოდ ეშგან გოროდალოვის დედა დაგვთანხმდა, რომელიც საკუთარ შვილს უდანაშაულოდ მიიჩნევს და დაზარალებულის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

23 წლის მამაკაცის მიმართ ჩადენილ დანაშაულს თვითმხილველებიც ჰყავს. ადგილობრივებმა ნახეს, თუ როგორ გაიტაცეს სახლიდან დაზარალებული. პირად საუბრებში ამბობენ იმასაც, რომ სამივე ბრალდებული წარსულში სხვადასხვა ძალადობრივი დანაშაულისთვის სასჯელს უკვე იხდიდა.

სამივე დაკავებული ახლა დუმილის უფლებას იყენებს. საქმეში არსებული მტკიცებულებების, მათ შორის არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრების მიუხედავად, ბრალს არცერთი არ აღიარებს. საქმის დეტალებზე არ საუბრობს ადვოკატიც.

პროკურორი "კურიერი P.S.-თან" განმარტავს, თუ როგორ მიიყვანეს თვითმკვლელობამდე თანასოფლელებმა 23 წლის მამაკაცი. რომ არა დედის დროული ჩარევა, ყველაფერი შესაძლოა ფატალურად დასრულებულიყო. ახლა დაზარალებული გამოძიებასთანაც თანამშრომლობს და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. გამოძიების პროცესში გაირკვა, რომ ბრალდებულების მხრიდან ეს ფულის გამოძალვის პირველი შემთხვევა არ ყოფილა.

გამოძალვა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შექმნა და შენახვა - ამ ბრალდებებით, სოფელ სადახლოში მცხოვრებ სამ მამაკაცს ციხეში მრავალი წლის გატარება მოუწევს. მარნეულის სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.