გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
,,პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,საშინელი ტრაგედია მოხდა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. ვუსამძიმრებ თითოეულ თქვენგანს. შეძრული და დამწუხრებულნი ვართ. გუდაურში სამაშველო ვერტმფრენის კატასტროფამ ჩემთვის 1993 წლის სექტემბრის ტრაგედია გააცოცხლა. სოხუმი დაეცა. ათასობით დევნილი ფეხით მოდის ჭუბერის გზაზე.
სოფელ ჭუბერიდან საკენისკენ ვერტმფერნი უნდა გაფრენილიყო, რომელიც მგზავრებით (დევნილები- ჯარისკაცები) და ფქვილის ტომრებით დაიტვირთა. მგზავრებს შორის ჩვენი ოპერატორი გრიშკა დოგოპოლოვი იყო, რომელიც მასალას “საღამო მშვიდობისას” სპეციალური გამოშვებისთვის იღებდა. არასდროს დამავიწყდება მისი სახე. ფანჯარასთან იჯდა, ფქვილის ტომარაზე. მუხლებზე კამერა ედო. ციოდა და ნიკაპი ქურთუკის საყელოში ჰქონდა დამალული. დევნილების რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ ყველას ერთი ვერტმფრენი ვერ დაიტევდა. ფეხის დასადგამი ადგილიც აღარ იყო დარჩენილი. ჯერ საკენში ფქვილი უნდა დაეტოვებინათ და მერე უნდა გაფრენილიყვნენ კოპიტნარში.
ვეტენები ამ ვერტმფრენის შესასვლელში, თითქმის შევედი. მიხარია, საკენში კიდევ ერთხელ ავალ და ახალ კადრებს, ახალ დოკუმენტურ მასალას გადავიღებ და უცბად… კარებში ალეკო ჯაფარიძე მაჩერებს, ადგილობრივი… კარგზე კარგი კაცი. “ვერ ხედავ, აქ შენი ადგილი არაა, ჩადი, ჩადიიიი, სიცოცხლე არ გინდა?!”,- ხელით მიბიძგა და კარს ჩამომაშორა. დაიწყო ბზრიალი ვერტმფრენის პროპელერმა, ქარია, მტვერია, ხმაურია… თან, ბრაზი მახრჩობს, რომ ვერტმფრენში ვერ მოვხვდი და თან, იმედი მაქვს, სხვა მოფრინდება…
ამ ფიქრებსა და ბრაზში ვარ, მოჭუტული თვალებიდან ცაში აფრენილ ვერტმფრენს ვუყურებ და სულ რაღაც წუთებში ეს ვერტმფრენი კლდეს ეჯახება… ისეთი შემზარავი ხმაა. მერე- ცეცხლი. მერე- შავი კვამლი. მერე… ყველა მგზავრის და ჯარისკაცის სახე მაქვს თვალებში. ალეკოს სახე. გრიშკას სახე. “სიცოცხლე არ გინდა? უნდა იცოცხლო, პატარა ხარ”,- ალეკოს ხმა… ვდგავარ მინდორში, ჭუბერში. ვუყურებ შავ კვამლს. ბებო მომენატრა უცბად. მაინც და მაინც ბებო მომენატრა.
ღმერთმა სამოთხეში დაამკვიდროს დღეს გარდაცვლილთა სულები! ღმერთმა სამოთხეში დაამკვიდროს მათი სულები, ვინც ჭუბერში ვერტმფრენის აფეთქებისას დაიღუპა",- წერს ინაშვილი.