ოქტომბერში ამ ზოდიაქოს ნიშნების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება
1728128105
"დიდი ბოროტებაა ძვირის თქმა. როგორც ხომალდის პატარა საჭეს მიჰყავს გემი, საითაც სურს, ასევე ენა უძღვის ადამიანს სიკეთისა ან ბოროტებისკენ,- ამ სიტყვებს არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველის სწვალებანში ვკითხულობთ, სადაც განკითხვის შესახებ საუბრობს.
ძმის განკითხვისთვის დიდი ცოდვით დავისჯით საკუთარ თავს. როდესაც ვფარავთ ძმას, ჩვენც დაგვიფარავს ღმერთი დიდი ცოდვებისაგან, როცა ვააშკარავებთ მას, ღვთის მადლს განვდევნით ჩვენგან - უფალი ჩვენს იმავე ცოდვებში ჩავარდნას დაუშვებს, რათა ვისწავლოთ, რომ უძლურები ვართ და ღვთის მადლი გვფარავს. ვინც იცავს ენას, ის თავის სულს დიდი ცოდვებისა და დაცემისაგან იცავს.
განკითხვისა და ძვირის თქმის ძირითადი მიზეზი ამპარტავნება და ეგოიზმია, რადგან ადამიანს საკუთარი თავი სხვებზე უკეთესი ჰგონია. ამიტომ ძალზე სასარგებლოა თავი ყველაზე მცირედ ჩავთვალოთ, რათა ძმა მივიჩნიოთ უკეთესად და ღვთის შეწევნით, შევძლოთ ამ ბოროტებისგან თავის დახსნა.
ფრთხილად იყავი, შვილო, არავინ განიკითხო. რადგან ღმერთი მოყვასის განმკითხავის დაცემას დაუშვებს, რომ უძლური ძმის თანაგრძნობა ისწავლოს. ყველა ჩვენგანს განამტკიცებს ღვთის მოწყალება და თუ ამპარტავნება მოგვეძალება, ღმერთი აღიღებს მადლს და სხვებზე უარესები გავხდებით.
სხვა რამეა, განიკითხავდე და სხვა - გებრძოდეს განკითხვა. განკითხვა საშინელი ვნებაა, ხოლო განკითხვასთან ბრძოლა და მისი წინააღდგომა გვირგვინის მონიჭების მიზეზი ხდება.
ნუ განიკითხავთ ერთმანეთს, რადგან სახარების რჯულს გადადიხართ და „ყოველმან სჯულისა გარადამავლმან და ურჩმან მიიღო სასჯელი კუალადგებისაი“ (ებრ. 2, 2). „შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ სხვისა მონასა?“ (რომ. 14, 4). არ იცით, რომ ვინც განიკითხავს, ამპარტავნებისგანაა შეცდომილი და რომ „ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს“ (ლუკა 14, 11) უფლის მიერ, როცა ის განსაცდელში აღმოჩნდება?
ერთმა მეორის უძლურებები უნდა მოითმინოს. ვინ არის სრულყოფილი? ვის შეუძლია დაიქადოს, რომ გული შეუბილწავად აქვს დაცული? მაშასადამე, ყველანი სნეულები ვართ და ვინც ძმას განიკითხავს, ვერ გრძნობს, რომ თავადაც ავადაა, რადგან ავადმყოფი ავადმყოფს არ განიკითხავს.
განკითხვა მნიშვნელოვანი ცოდვაა, ისევე, როგორც მნიშვნელოვანია მოყვასის უძლურების მოუთმენლობა.
გიყვარდეთ, მოითმინეთ, თვალი დახუჭეთ სხვის შეცდომებზე, ნუ განრისხდებით, ნუ აენთებით ბრაზით, ერთმანეთს შეუნდეთ, ქრისტეს რომ მიემსგავსოთ და სასუფეველში მის სიახლოვეს ყოფნის ღირსი გახდეთ.
მოერიდეთ, შვილებო, განკითხვას. ის ძალიან დიდი ცოდვაა. როცა განვიკითხავთ და გვძულს ადამიანები, ღმერთი ძალიან დამწუხრებულია. მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე ვიზრუნოთ, ისინი გვტკიოდეს, საკუთარი თავი განვიკითხოთ და მაშინ ვპოვებთ ღვთის წყალობასა და მადლს.
ერთმანეთი გიყვარდეთ და ეგოიზმის გამო ნუ გამწარდებით. სიმდაბლე საიმედო მეგზურია. იგი არ აძლევს მდაბალს საშუალებას, შეეჯახოს დაუდევრობის წყალქვეშა ქვებს და დაიმსხვრეს ამ შეჯახებისას, არამედ, როგორც ნათელი მეგზური, შეუცდომლად მიუძღვის უსაფრთხოებისაკენ!
ეგოიზმი ბოროტებათა შორის უდიდესი ბოროტებაა. ურჩი გულისსიტყვების მეშვეობით იგი ყველა შეცდომას თვალსაჩინოს ხდის. გეშინოდეთ მისი და შეეცადეთ გათავისუფლდეთ მისგან, რადგან, რაც უფრო დიდხანს რჩება ჩვენში თავის ნებაზე მიშვებული, მით მეტ ჭრილობას გვაყენებს შესაბამისი ტკივილებით.
გევედრებით, ნუ განიკითხავთ ერთმანეთს, რადგან ეს სიამაყეა. ძმის მიერ ძმის შეცდომის გამართლება სიმდაბლისა და სიყვარულის მოწმობაა. ის ძმა, რომელიც ამას აკეთებს, ღვთისგან დიდ მადლს ჰპოვებს; მან კი, ვინც განიკითხავს და აბრკოლებს მოყვასს, უნდა იცოდეს, რომ არათუ მადლს ვერ ჰპოვებს, არამედ რაც აქვს, იმასაც დაკარგავს, რათა ტანჯვით ისწავლოს სიმდაბლის გაკვეთილი.
ყველაზე მეტად შინაგანი - გულისსიტყვათამიერი განკითხვისა გეშინოდეთ. და ეს იმიტომ, რომ სხვისთვის საცნაური არ ხდება სიტყვის მეშვეობით, და მსმენელის მიერ მისი გამოსწორების შესაძლებლობა არ არსებობს. ერიდეთ, ვამბობ, შინაგან განკითხვას, რომელიც შეუმჩნევლად მომაკვდინებელ დამნაშავედ გვაქცევს, გვწყვეტს ღვთაებრივი მადლის ცხოვრებას და უმწარეს სასმელს - სულიერ სიკვდილს გვთავაზობს.
განკითხვის შესახებ წმინდა სახარება და მამები ბევრს გვეუბნებიან. უმჯობესია სიმაღლიდან დაცემა, ვიდრე ენისაგან.
სხვადასხვა სწავლებანი
ძილი სიკვდილის ხატია. ჩვენ გვძინავს და არ ვიცით, სად ვიმყოფებით ამ დროს, ვერ ვგრძნობთ დროს, და კვლავ აღვდგებით, ვუბრუნდებით გაცნობიერებულ ცხოვრებას. მადლობა შევწიროთ ღმერთს იმისთვის, რომ კვლავ ღირს-გვყო გვეხილა დღის ნათელი, ვევედროთ ცოდვათა მიტევებისთვის.
საღამოთიც, ძილის წინ, კვლავ მუხლი მოვიყაროთ და შევწიროთ ღმერთს ჩვენი ლოცვები. ხოლო დღის განმავლობაში, ან საღამოს, გადავშალოთ ახალი აღთქმა და ერთი თავი მაინც წავიკითხოთ.
ჩვენ აუცილებლად გვჭირდება გულმოდგინება ცხონებისათვის. დაუშვებელია დაუდევრობა, ჩვენ ხომ არ ვიცით, ხვალ ცოცხლები ვიქნებით თუ არა. ჩვენ არ გვაქვს ძალაუფლება თვით დროის უმცირეს წამზეც კი. ყველაფერი არამდგრადი, ცვალებადია: ჩვენი ცხოვრება, ცხოვრება ჩვენი მშობლებისა, შვილებისა, ნათესავებისა, ჯანმრთელობა, ფინანსები − ყოველივე, რაც გაგვაჩნია, არასაიმედოა და ნებისმიერ მომენტში შეიძლება ყველაფერი დავკარგოთ.
საერთოდ, საჭიროა ენის გაკონტროლება: როდის რა ვთქვათ, − ჩვენ ხომ სულიერებაში დაბალ საფეხურზე ვართ და ამიტომ მუდმივად შეცდომები მოგვდის. ამბობენ: უმჯობესია წვეტიან ქვებზე დაცემა, ვიდრე ბასრი ენისგან დაზარალება. და მართლაც: ჯობია დაეცე ქვაზე, თავი გაიტეხო, ან ფეხი მოიტეხო; ფეხებიც და თავიც სხეულის ნაწილებია და მათი განკურნება შესაძლებელია. მაგრამ ენა! ენის საშუალებით საშინელი საქმეები აღესრულება: ერთადერთი სიტყვით ადამიანი შეიძლება თვითმკვლელობამდეც კი მიიყვანო! ადამიანი განკითხვითა და დამცირებით შეიძლება სასოწარკვეთილებაში ჩააგდო, და ერთი სიტყვით შეიძლება ცოდვის გზაზეც დააყენო. შემდეგ კი თავს ვიმართლებთ: მე ხომ მხოლოდ ვთქვი. შეხედეთ, როგორი შედეგებია!
ხშირად ხდება ქალებთანაც, რომლებიც აბორტის გაკეთებას აპირებენ. ისინი რჩევის საკითხავად მიდიან მეგობრებთან, მეგობრები კი ეუბნებიან: რატომღა უნდა გააჩინო, ისედაც რამდენი შვილი გყავს. ქალს უკვე სანახევროდ გადაწყვეტილი ჰქონდა, მეორე ნახევარი კი მეგობარმა დაუმატა. და ისიც მიდის და აბორტს იკეთებს − მკვლელობას სჩადის. უეჭველია, ამ მკვლელობისთვის ნახევარი პასუხისმგებლობა იმ მეგობარზეა.
თუკი ისე მოხდა, რომ ვიღაცა გამხილებს, სამართლიანად ან უპატივცემულობით, თავი მოთოკე, დათრგუნე შინაგანი აღშფოთება, ბაგეები დაიხშე, გულში ლოცვა დაიწყე და იხილავ, რომ მხეცი იქვე გააფრთხობს სულს!
ჩვენ ჩვენი უფლისგან, იესოსგან, უმნიშვნელოვანესი მცნება მივიღეთ − გვიყვარდეს ერთმანეთი. და ეშმაკმა მისცა მცნება თავის მსმენელებს − სძულდეთ ერთმანეთი. მაშასადამე, ვის მცნებასაც ვიმარხავთ, მისი მოწაფეები და მორჩილები ვართ.
ვინ არის არქიმანდრიტი ფილოთეველი?
დიდი თანამედროვე მოღვაწე, ფილოთეოს მონასტრის პროიღუმენი ბერი ეფრემი, რომელიც არიზონელის სახელითაა ცნობილი საბერძნეთში დაიბადა. 19 წლის ასაკში ათონის მთაზე გაემგზავრა. მან ააღორძინა ათონის ფილოთეოს მონასტერი და ამის შემდეგ, მოკლე დროში ამერიკის კონტინენტზე 19 მონასტერი დააარსა, რომლებიც სულიერ ოაზისად იქცნენ ღვთის მადლს მოწყურებული ამერიკელებისთვის. მამა ეფრემის ამჟამინდელი მუდმივი საცხოვრებელი გახლავთ მის მიერ დაარსებული წმ. ანტონი დიდის სახელობის მონასტერი(არიზონა, აშშ) სადაც ის ლოცულობს თავისი სულიერი შვილებისა და მთელი მსოფლიოსთვის.
საგამომცემლო სახლმა ”წმინდა მთა”-მ გამოსცა მამა ეფრემის ქადაგებებისა და საუბრების უნიკალური კრებული, რომელსაც ”ხსნის ხელოვნება” ეწოდა. ეს წიგნი მამა ეფრემის დაახლოებით 60 წლიანი მონაზვნური ცხოცრებისა და უმდიდრესი სულიერი გამოცდილების კვინტესენციად იქცა. მისი დარიგებები ნამდვილი გამოცდილებითი ღვთისმეტყველებაა. ის არ თეორეტიკოსობს და ფილოსოფოსობს, არამედ საუბრობს იმაზე, თუ რა აღმოაჩნა, მიიღო და ისწავლა მისი მოუკლებელი ღვაწლისა და სულიერი ბრძოლის შედეგად.
წიგნში შესული ქადაგებების და საუბრების უმრავლესობა მიმართულია ერში მცხოვრები ადამიანებისკენ...
რატომ ჰქვია მას არიზონელი?
წმ. ანტონი დიდის მონასტერი 1995 წელს, უწყლო და მშრალ უდაბნოში დაარსდა, რომელიც არიზონის დედაქალაქ ფენიქსიდან არც ისე შორს მდებარეობს.
მონასტრის გარშემო მამა ეფრემმა 1200 ჰექტარი მიწა შეიძინა სადაც გაშენდა ვენახი და 3000-მდე ფორთოხლის, ლიმონისა და გრეიფრუტის ხეები და ფინიკის პალმები დაირგო. მცენარეები რომ არ გამხმარიყო აუცილებელი გახდა წლის მოძიება, რომელიც მიწისქვეშა ძიებების შედეგად სასწაულებრივი გზით აღმოაჩინეს. მამა ეფრემს წმ. ანტონი დიდი გამოეცხადა, რომელმაც მიუთითა, თუ სად უნდა გაებურღათ. 980 მეტრის სიღრმეში წყალი აღმოჩნა, რომელიც საკმარისი აღმოჩნდა ამ ადგილის ოაზისად ქცევაში. მიუხედავად იმისა, რომ არიზონაში ზაფხულში ტემპერატურა 40-45 გრადუსს აღწევს, მონასტრის ბაღში 2000-ზე მეტი სახეობის მცენარეა. საძმომ სამონასტრო ტერიტორიაზე შადრევნები, ლამაზი ბილიკები და ლამპიონები გააკეთა.
ამ საოცარი ბაღისა და დიდებული ტაძრების ხილვისას რთული დასაჯერებელია, რომ აქ ოდესღაც მხოლოდ 6 ათონელი ბერი ცხოვრობდა, რომ ოდესღაც აქ არ იყო არც წყალი, არც გზა და არც ელექტრობა. თავდაპირველად მამა ეფრემისა და მისი მოწაფეების საცხოვრებელი 4 ტრაილერი გახლდათ. ბერებს შხამიან გველებსა და საშიშ გარეულ ცხოველებს შორის უწევდათ ცხოვრება და შრომა. ამ ადგილას მონასტრის აშენების გადაწყვეტილების გამო ადგილობრივმა მცხოვრებლემა მამა ეფრემი გიჟად ჩათვალეს. მართლმადიდებლებიც კი ეჭვობდნენ მის წარმატებაში.
გავიდა დრო და ტრაილერების ადგილას ტაძრები და კაპიტალური ნაგებობები გაჩნდნენ და საძმოს რიცხვი შვიდიდან 45-მდე გაიზარდა. მონასტრის მთავარი ტაძარები წმინდა ანტონი დიდისა და წმინდა ნექტარიოს ეგინელის სახელობისაა. კიდევ ექვსი ტაძარი არის წმ. სერაფიმე საროველის, ელია წინასწარმეტყველის, დიდმოწამე პანტელეიმონის, დიდმოწამე გიორგის, დიდმოწამე დიმიტრის, წმინდა ნიკოლოზისა და წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის.
ათონის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სკიტის წინამძღვრი მამა ეფრემი ამბობდა: ”ბერი ეფრემი უპრეცედენტო და უმძიმესი განსაცდელებისა და თავდასხმების მსხვერპლი გახდა” მიუხედავად ამერიკული ტელე არხებისა და პრესის მუდმივი შეურაცხმყოფელი რეპორტაჟებისა, მან ხელები არ ჩამოყარა და განაგრძო თავისი მისიონერული მსახურება. ეფრემ ფილოთეველი – ცოცხალი მაგალითია დიდი მოღვაწისა, რომელმაც თავისი ცხოვრებით დაამტკიცა წმინდა სერაფიმე საროველის სიტყვები: ”ცხონდი და შენს გარშემო ათასობით გადარჩებიან”.