„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1727973944
"ნიკოლოზ, შენ სიგიჟესაც დაგაბრალებენ, მრუშობასაც, ხიბლში ყოფნასაც, მაგრამ ბერის ხვედრი ესაა და მოითმინეო. ტრუბაში გაგაძვრენენ, ნიკოლოზო" - ასე არიგებდა ღირსი მამა გაბრიელი ბერ ნიკოლოზ მაქარაშვილს, რომელმაც მის მორჩილებაში სამი წელი გააატარა.
მამა გაბრიელის ფოტოებში მის გვერდით მჯდომი შავ წვერიანი ახალგაზრდა ბერი, სწორედ მამა ნიკოლოზია, ერის კაცობაში ნარიმან მაქარაშვილი.
მოგვიანებით, ღირსი მამის კურთხევით, მისი სულიერი შვილები მამა ნიკოლოზს აბარებდნენ აღსარებას, რომელიც სვეტიცხოველში ატარებდა წირვა-ლოცვას.
თავის სულიერ შვილებთან კი, მამა გაბრიელი, ახალგაზრდა ბერზე სხვადასხვა, ურთიერთგამომრიცხავი კონტექსტით საუბრობდა.
"ბერებს შორის დირექტორი მე ვარ და ჩემს შემდეგ ნიკოლოზი იქნება. მას მხარზე ეშმაკი აზის. ბერი ნიკოლოზი ბოლო ჟამის უძლიერესი ბერია საქართველოსი. ის გაგიჟდა..."
"პრაიმტაიმთან" მამა გაბრიელის სულიერი შვილი, მალხაზ ჯინორია, ღირსი მამისა და ბერი ნიკოლოზის ურთიერთობაზე ჰყვება.
მალხაზ ჯინორია: - მამა გაბრიელი გვეუბნებოდა (მასთან სულ 30 კაცი დავდიოდით), თქვენზე ახლო ვინ მყავს, ჩვენ ერთი ოჯახი ვართო.
ოთხი წელი თითქმის 24 საათს მასთან ვატარებდი. სულ რაღაცებს ვეკითხებოდი, ვაწუხებდი, ამიტომ ერთხელ რომ დამინახა, თქვა - ხალხო, ეშმაკები მოვიშორე, ჯინორია ვერაო. სასწაული იუმორი ჰქონდა.
მამა გაბრიელი მამა ნიკოლოზზე ორგვარად საუბრობდა. ცუდსაც ამბობდა და კარგსაც.
ბერი ნიკოლოზი მონასტრიდან რომ წავიდა, მამა გაბრიელმა თქვა: ბერს რომ აგდებენ მონასტრიდან, მან უნდა ითხოვოს არ გააგდონ, უნდა ევედრებოდეს და თუ არ აბრუნებენ, უნდა ილოცოს; ეს კიდე კარდაკარ დადის, ეს როგორ შეიძლებაო?
ჩვენ მამა ნიკოლოზს ვეხმარებოდით და მამა გაბრიელმა გვითხრა, თქვენ ღუპავთ მას, თქვენ რომ არ ეხმარებოდეთ, მონასტერში მოვიდოდაო. მაგაზე დიდი დემონი მხარზე არავის აზის, დამიჯერეთ, გაგიჟდა, მაგრამ ბოლოს მართალ კაცად აღესრულებაო. მის სულიერ შვილს, მანანა ხორბალაძეს კი უთხრა, მამა ნიკოლოზის მსგავსი ბერი საქართველოს არ ეყოლება. მოვა დრო და როცა ივერის ღვთისმშობლის ხატი ათონის მთას დატოვებს, ხატს საქართველოში სწორედ ბერი ნიკოლოზი შემოუძღვებაო.
ცუდი და კარგი კონტექსტის შემთხვევაში, ორივეგან საბოლოოდ მაინც კარგს ამბობდა.
მამა გაბრიელის მრევლი, რახან ის დაყენებული იყო, მისივე კურთხევით, მოგვიანებით მამა ნიკოლოზს ვაბარებდით აღსარებას.
არ ვიცი, მამა ნიკოლოზმა დამიმალა, სალოსურად მითხრა თუ რატომ თქვა ასე: მე მამა გაბრიელის კურთხევას ვასრულებ, ამიტომ წავედი ტაძრიდან, ეს თქვენ გითხრათ, რომ ჩემით წავედიო.
მამა ნიკოლოზი 30 წლის ასაკში მოინათლა და მალევე გახდა მღვდელი. ჩემთან თქვა, მამა გაბრიელმა მითხრა, ასე უცებ რომ გახდი მღვდელი, ჯერ ის გზა გაიარე რაც მე, კარდაკარ იარე და მერე დაუბრუნდი ტაძარსო. აი, ამიტომ დავდივარ კარდაკარო. მოკლედ, ერთმა ღმერთმა იცის სიმართლე.
ერთხელ ბერმა ნიკოლოზმა მითხრა, თუ წმინდანი ხარ ცოდვილი უნდა და თუ ბრძენი ხარ სულელიო, თორემ ისე გამოგიყენებენ, როგორც არაფერიო.
წერს ორნაირად, კარგსაც და ცუდსაც. ღმერთზე და ადამიანზე ყველა თავისი სისასტიკის მიხედვით ფიქრობს და როგორც უნდა ისე იღებსო.
წმინდა მამები ამბობენ, ჯობია ეშმაკზე თქვა ანგელოზიაო, ვიდრე ანგელოზზე ეშმაკი, რადგან ეს უკვე სულიწმინდის გმობაა და მძიმე ცოდვააო. თუ მამა ნიკოლოზი თავს იფარავს და სალოსია, ვაი, მას ვინც მას განიკითხავს.
მოკლედ, მე თუ მკითხავთ, ვინ არის ბერი ნიკოლოზი - სალოსი, დიდი მამა თუ თვითმარქვია, გეტყოდით, 99 პროცენტით დიდი მამაა. წინასწარმეტყველებიდან ნამდვილად ვიცი, რომ ბოლოს მართალი აღმოჩნდება. მას მამა გაბრიელი გამოიყვანს.
ამდენად, მამა ნიკოლოზს ღმერთი მიხედავს, ჩვენ არ უნდა განვიკითხოთ. ხიბლშია თუ დიდი მამაა, ორივე შემთხვევაში, კარგი მდგომარეობა აქვს. ჩვენ ყველას სიფრთხილე გვმართებს. მამა გაბრიელიც გიჟი ეგონა ხალხს, თუმცა დღეს ის წმინდანია. სახიფათო თემაა. თუმცა, რაც მის კართან და მის სადარბაზოში ხდება, მიუღებელია, ეს ადამიანის გაკერპებაა.
ბერი ნიკოლოზის სასწაულებზე კი თეოლოგი ლაშა ცაიშვილი გვიყვება.
ლაშა ცაიშვილი: შვიდი წლის წინ, ბორჯომის ბაზარში ვიყავი ოჯახის წევრებთან ერთად. ბერი ნიკოლოზი რაღაცას ყიდულობდა, ჩვენკენ ზურგით იდგა. ცოლი მყავდა, თუმცა რაღაც პერიოდი, შვილი არ მეძლეოდა. და ჩემმა ოჯახის წევრმა, იქ, ბაზარში, გულში გაიფიქრა და ბერს მიმართა: მამა ნიკოლოზ, ლაშას შვილი ეყოლებაო? ბერი ნიკოლოზი ნახევრად შემობრუნდა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ისევ მეორედ გაიფიქრა, რომ უკეთ დარწმუნებულიყო. ბერი ისევ შემობრუნდა და თავი ორჯერ დაუქნია. დღეს მე ორი შვილი მყავს...
ოთხი წლის წინ დედა ავად იყო. საუკეთესო ექიმები მისი გადარჩენის ერთ პროცენტსაც არ გვაძლევდნენ. მივედი ბერი ნიკოლოზის სახლთან და ვილოცე, შევთხოვე დედის გადარჩენა. დავინახე, შუქი აანთო ორჯერ. ასე მაშინ აკეთებს, როდესაც აქ ახალმოსულის თხოვნა სასიკეთოდ დასრულდებაო, იქ თქვეს. დედა დღემდე კარგად გრძნობს თავს...
ვიცი ასეთი ფაქტი, რომ თურმე მამა გაბრიელს მამა ნიკოლოზმა შესჩივლა, დიდი მრევლი არ მეშვება, რა ვქნა, არ ვიციო. მამა გაბრიელს უპასუხებია, ნუ გეშინია, მე ჩამოგაშორებ ამ ხალხსო. და მასზე დაუწყია ლაპარაკი, მამა ნიკოლოზს ეშმაკი აზის მხარზე და თავი დაანებეთო.
მამა გაბრიელის სულიერი შვილისგან ვიცი, ღირსი მამის ნათქვამიც, მოვა დრო და მსოფლიოში ყველა ინატრებს, რომ ბერ ნიკოლოზს ხელზე ემთხვიოსო.
წმინდა მამები ამბობენ, როდესაც ადამიანი აღსარებას ამბობს მოძღვართან, ეშმაკს არც ეს და არც მღვდლის ნათქვამი არ ესმის, რომ წინააღმდეგობა არ გასწიოს მოძღვრის მიერ მოცემულ დარიგეგებში. წმინდანს კი შეუძლია აღსარების საიდუმლოს გაგება. მალხაზ ჯინორია კი ამბობს, ბერი ნიკოლოზი რომ ჩვეულებრივი ბერი არ არის, მაშინ დავრწმუნდი, როდესაც მან ჩემს ახლობელს აღსარებაში ნათქვამი ცოდვები, ზუსტი თანმიმდევრობით პირდაპირ ჩამოუთვალაო. ასე რომ, დასკვნები თავად გააკეთეთ...
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1727973944