დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
რატომ ხდება პატარა ბავშვების გარდაცვალება, რატომ უშვებს ამას უფალი - ეს ის აქტუალური კითხვებია, რომელიც საზოგადოების მხრიდან ხშირად ისმება როგორც სინანულით, ასევე რისხვით. მამა შალვა კეკელია ქადაგებაზე შვილმკვდარი მშობლების მოვალეობაზე საუბრობს და ამას განმარტავს.
„ამ კვირაში ძალიან მძიმე უბედურება მოხდა ჩვენს ქვეყანაში. პატარა კიტა, კონსტანტინე, 2 წლის ბავშვი წავიდა ზეცაში, ღმერთთან. ოჯახისთვის ძალიან მძიმე და მწარეა.
ასევე, 3 წლის მართამ დაგვტოვა და ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან.
წირვაზე ვხედავ, რომ ნიკოლოზი და თეკლა მოვიდნენ, ღვთის მსახურებას დაესწრნენ. გიორგობასაც ტაძარში იყვნენ, წირვაზე დადგნენ და წმინდა ზიარება მიიღეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, საოცარი ნაბიჯი. დღეს რამდენ ადამიანს წირვაზე წამოსვლა დაეზარა და რატომ - წვიმა არის და არ წამოვიდა. ადამიანები ამხელა ტკივილს ატარებენ და წირვაზე მოვიდნენ. ამას აკეთებენ ერთი რამის გამო, მათ იციან, რომ ის შვილი, რომელიც ღმერთმა აჩუქა, საკუთარ წიაღში წაიყვანა. ერთადერთი ადგილი, სადაც ისინი საკუთარ შვილს შეხვდებიან და მასთან ურთიერთობას მოახერხებენ, არის ეკლესიის წიაღი. ღვთის მადლით, მათ ეს ყველაფერი გაიაზრეს და გაითავისეს. მინდა მადლობა გადავუხადო მათ, რომ ღვთისმსახურებაზე მოვიდნენ და წირვას დაესწრნენ.
ძალიან ბევრი ადამიანი კითხვას სვამს, მეც მეკითხებიან, რატომ ხდება ასეთი რაღაცები ამ ქვეყანაზე, რატომ იღუპებიან ბავშვები, რატომ მიდიან ამ ქვეყნიდან ცოტა ადრე, რატომ ხედავენ მშობლები ამ ტკივილს.
ძალიან ხშირად ამბობენ, რომ ადამიანი მთელი ცხოვრება სიკეთეს აკეთებს, ყველას ეხმარებოდა, ყველას პატრონობდა, ყველასთვის ხელი ჰქონდა გაწვდილი, არ არსებობდა ადამიანი, რომელსაც არ ეხმარებოდა, რატომ დაეშვა მის ცხოვრებაში ასეთი რამე, ამხელა უბედურება ასეთმა კარგმა ოჯახმა რატომ ნახა - ყველა კითხვას აქვს პასუხი.
პირველ რიგში, ასეთმა ადამიანებმა საკუთარ თავში უნდა ნახონ პასუხი. ჩვენ თუ ამ ლოგიკით გავყევით, წარმოიდგინეთ, წმინდა გაბრიელ ქიქოძე, რომლის ქადაგებებითაც მე ვცხოვრობ, 5 შვილი და მეუღლე დაეღუპა. ვერაზე, პანტელემონის ტაძარში საკურთხევლის მხარეს არის დაკრძალული მისი 5 შვილი და მეუღლე.
ნუთუ რამე დააშავა გაბრიელ ქიქოძემ, რომელიც იყო საოცრად განათლებული, შეყვარებული ღმერთზე, შეყვარებული საკუთარ ერზე, არასდროს არავისთვის ბოროტება არ გაუკეთებია, მთელი ცხოვრება სიკეთეს აკეთებდა, ყველას ეხმარებოდა და ასეთ ადამიანს ერთ დღეს 5 შვილი და მეუღლე დაეღუპა.
ისე მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილა, გასვენების შემდეგ ასეთმა დიდმა მამამ სახლიდან გამოსვლა ვერ შეძლო და გამოიკეტა. მასთან მისი მოძღვარი, ისიც ასევე წმინდანი, ალექსანდრე ოქროპირიძე მივიდა და უთხრა წმინდა გაბრიელს: მამაო, რას აკეთებ, შენ უნდა იყო მაგალითი ყველასთვის. პირიქით, შენი შვილების სახით დაგევალა, რომ უფრო მეტად იმოღვაწეო და ღვთის წინაშე უფრო მეტი საქმე აკეთო. იმ წამსვე მოვიდა გონს. რაჭაში, იმერეთში, თუ რამე ტაძარია აშენებული, პირადად მისგანაა. დღე და ღამე მოღვაწეობდა, ერთი წამითაც მისი ცხოვრება არ გაჩერებულა.
ბოლოს, როცა ამ ქვეყნიდან მიდიოდა, მისი მეუღლისა და შვილების სახელებს გაუჩერებლად ამბობდა. ისინი ხვდებოდნენ და მათთან შესახვედრად ემზადებოდა. მამა სერაფიმეს უწერია, შენთან განშორება ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ვიცი, რომ შენი შეხვედრის სიხარული, ამ ტკივილს, რომელიც მე ახლა მივიღე გარდაცვალების დროს, ამ ყველაფერს გადაფარავს. ისე უნდა იცხოვრო, რომ იქ მოხვედრა მოახერხო, სადაც შენი შვილი მოხვდა.
დედა ღვთისმშობელიც შვილმკვდარი დედაა. ნუთუ უსამართლო იყო ღმერთი, რომ საკუთარ დედას ამხელა ტკივილი განაცდევინა. ღმერთი, რომელმაც სამყარო შექმნა, თითოეული ჩვენგანი არარსებობიდან არსებობაში შემოჰყავს. ნუთუ, ამ ღმერთს არ შეეძლო, საკუთარი დედა ამ ტკივილისთვის აერიდებინა და ეს დედას არ განეცადა.
გარდაცვალებით ადამიანის ნამდვილი ცხოვრება იწყება. ნიკოლოზთან (წულუკიძე) ვიყავი და იქ ვსაუბრობდით, ხშირად უთქვამთ ჩემთვის, მამაო, შენ ძალიან გინდა სამოთხეში მოხვედრა. არა, სამოთხეში მოხვედრა არ მინდა, ჯოჯოხეთში მოხვედრა არ მინდა. ამ ყველაფერს სამოთხის გამო კი არ ვაკეთებ, ჯოჯოხეთში, იმ სიბილწეში და სიმყრალეში ყოფნა არ მინდა.“ - განაცხადა მოძღვარმა ქადაგებაზე.