1746733863
რატომ არ სტუმრობდა "ფარულ კონვერტს" ნატო გელაშვილი და რამ შეაწყვეტინა გადაცემის ყურება ავტორ-შემსრულებელს

ნატო გელაშვილის "ფარულმა კონვერტმა" მაყურებლის მოწონება დაიმსახურა, რაც გადაცემის მაღალ რეიტინგში აისახა. "ვისიამოვნეთ", "ძალიან კარგი გადაცემა იყო", " ამეტირა. რა გადასარევია" - წერს მაყურებელი...
ნატომ ფეისბუქზე საჯარო მადლობა გადაუხადა "ფარული კონვერტის" შემოქმედებით ჯგუფს, რასაც გადაცემის წამყვანი და მამოძრავებელი, ია ფარულავა გამოეხმაურა.
"დიდი მადლობა, რომ გვენდე, მოხვედი და ადვილად მოირგე ჩვენი ფორმატი" - პოსტს აკომენტრებს ია.
ბუნებრივია, მაყურებელმა არ იცის, რომ ნატომ არაერთხელ შეიკავა თავი გადაცემის სტუმრობისგან. თუ რა მიზეზით ამბობდა ის უარს, ნახეთ, ამ პატარა ინტერვიუში.
ნატო გელაშვილი: "ფარული კონვერტი" იმ დროს მეპატიჟებოდა გადაცემაში, როდესაც სახლიდან საერთოდ არ გავდიოდი. დეპრესიული პერიოდი მედგა. მეორე მიზეზი ის არის, რომ ადრე სკანდალური ფორმატის იყო შოუ, ყვითელი თემებით. მე ეს სიყვითლე არ მომწონს. არ ვცნობ. მსგავსი სტილი - ინტრიგა და ჭორაობა, ჩემი არ არის. როცა უკვე გადაცემა გაფერადდა და უფრო ცხოვრებისეული გახდა, მოსვლაც გადავწყვიტე. თორემ ძველ ფორმატში ჩემი ხილვა, გამორიცხული იყო. არ ვარ სკანდალური. რესპონდენტის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე გაკეთებული გადაცემა, საყურებლად ყველაზე მეტად მომწონს, ვიდრე სკანდალური და ჩასაფრებული პოზიციის.
ჩემი სტუმრობა იმ გუნდმაც განაპირობა, რომელიც ამ გადაცემაზე მუშაობს; "ფარულ კონვერტს" პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული სტაფი ჰყავს, ყველას პატივს ვცემ ცალკ-ცალკე, როგორც პიროვნებას და პროფესიონალს.
გადაცემის ჩაწერაზე ძალიან ვისიამოვნე. დისკომფორტი არ შემქმნია. კარგად მიდის ჩაწერა.
შემდეგ უკვე ყურების დროს ვისიამოვნე. არაფერს შევუწუხებივარ და არც არაფერი მეზედმეტა.
გამოგიტყდებით, ყურების დროს განცდები მქონდა. რომ არ დაგიმალოთ, ერთი-ორჯერ ავდექი. განვიცადე, ყურება ვერ შევძელი. მერე გადავახვიე და ისე ვნახე.
მშობლები და ძმა ჩემი ცხოვრების ის ნაწილია, სადაც არავის ვახედებ. მყუდრო, შენი ადგილი რომ გაქვს სახლში და არავინ რომ არ გინდა ნახოს, აი, ასეთი. ყურებისას ყველაფერი გამიახლდა, მეტკინა და განვიცადე.
ზოგადად, ძალიან ვისიამოვნე და მადლობას ვუხდი "ფარული კონვერტის" მთელ შემოქმედებით გუნდს. პროფესიონალების გუნდს ყველგან ვაფასებ.
ზედმეტობების გარეშე, იმ დონის გადაცემა შედგა, ვფიქრობ, მისი ნახით, მაყურებელი მართლა ისიამოვნებდა. ზარები არ გაჩერებულა. ღამის სამ საათამდე ტელეფონზე "ვეკიდე" და ქებას ვისმენდი. ნათლი, გიყურეო, ისრაელიდან მერაბ მიხაელმა დამირეკა. ჭოხოებმაც ისიამოვნეს. მე მგონი, ოჯახური ჩანაწერი შედგა, რომელსაც შევინახავ და წლების შემდეგ ვუყურებ. "ფარულს კონვერტს" დიდი მადლობა.