1728589908
"მადლიანი საქმე გააკეთა, დისშვილები გაზარდა. მთელი ცხოვრება მათ შესწირა" - ნანული სარაჯიშვილი იუბილარია
ნანული სარაჯიშვილი 13 იანვარს 75 წლის გახდა. იუბილარს ჩვენი მილოცვა გაუხარდა, თან დააყოლა, რეზო ამაშუკელის დაკრძალვაზე ვარო.
განსაცდელებით სავსე დროება გვიდგას. სიკვდილს შეჩვეულ-შეგუებულები, ამ თემას ჩვეულებრივ ვიღებთ. აგერ, საკუთარ დაბადების დღეზეც გვიწევს "უარის თქმა" და ახლობლისა თუ საზოგადო მოღვაწის უკანასკნელ გზაზე გაცილებაში ვმონაწილეობთ.
არადა, იყო დრო, ტკბილი დრო, იქ, მეოცე საუკუნეში რომ ჩარჩა, როდესაც ადამიანებს ერთად ყოფნის და სიყვარულის გაზიარების მეტი, არა უნდოდათ რა...
იყო ასეთი განუმეორებელი სამეგობრო, რომელშიც შედიოდნენ: გია ფერაძე, ზეიკო ბოცვაძე, ნანული სარაჯიშვილი, ასმათ ტყაბლაძე, ამირან ბუაძე, გია ავალიშვილი, ილიკო ფერაძე...
სულ ერთად იყვნენ, თბილისურ ბომონდურ თავყრილობებს კი, თავისი ატამანი ჰყავდა და ის გია ფერაძე გახლდათ; "შანტრაბის" ერთპიროვნული ლიდერი და სულისჩამდგმელი. გია იყო ამ სამეგობროს თავგადასავლების მთავარი გმირი.
ხშირად იკრიბებოდნენ ზეიკოსთან, ვერაზე. იყო ხორხოცი, სიმღერა, მინი სპექტაკლები... 13 იანვარს კი იცოდნენ, რომ ნანულის დაბადების დღე უნდა აღენიშნათ.
ასმათ ტყაბლაძე: - მე და ნანული ინსტიტუტიდან ვმეგობრობთ. 56 წელია ვიცნობთ ერთმანეთს. არც თეატრში და არც შემოქმედებითად, არ გადავკვეთილვართ. ეს მოხდა მხოლოდ ფილმ "გარიგება 2"-ში. მისი გმირი მარო, ქალებს რომ ათხოვებს, ერთ-ერთი გასათხოვი ქალის როლში ვარ.
ჩვენი სამეგობროს მამოძრავებელი ღერძი გია ფერაძე იყო. გიას ისეთი იუმორი ჰქონდა, ცუდ ხასიათზე რომ ვიყავი, მას ვეძებდი, რომ გუნება გამოეკეთებინა ჩემთვის. მაშინვე მოგიყვანდა ხასიათზე.
ნანულის დაბადების დღეზე, 13 იანვარს, ბევრჯერ შევკრებილვართ. ბელინსკზე რომ ცხოვრობდა, დედა უშლიდა სუფრას. თავს მოვიყრიდით იუბილარ ნანულისთან და აღვნიშნავდით.
ზოგჯერ მეგობრები აღუნიშნავნენ ხოლმე დაბადების დღეს. მახსოვს, ერთი-ორჯერ, გოგი ხარაბაძემ გადაუხადა.
ჩვენი სამეგობროს კიდევ ერთი დიდი გული იყო ზეინაბ ბოცვაძე. მასთან სახლში ძალიან ხშირად ვიკრიბებოდით. სტუმრის მოყვარული და არაჩვეულებრივი მასპინძელი იყო. თბილი ზეიკო თავის ნიჭიერებას, მეგობრებშიც ავლენდა. შეგვკრებდა მე, ნანულის, გია და ილიკო ფერაძეებს, ამირან ბუაძეს, გიზო ნიკოლაშივილს, გია ავალიშვილს... ჩვენც დავურეკვდით, ზეიკო, მოვდივართ-მეთქი და რაც ჰქონდა სახლში, ღვინო იყო, ყველი თუ პური, გამოჰქონდა და იყო ხორხოცი, სითბო, ერთმანეთის ქება-დიდება და კარგი ურთიერთობა...
ერთხელ მე და ნანული, ჩემთან, ერთად შევხვდით ახალ წელს. გია ფერაძე და ამირან ბუაძემ დაიგვიანეს. შამპანურის გახსნა არც ერთმა არ ვიცოდით. ფანჯარაში გავყავით ბოთლი და ნახევარი გადაიღვარა. გია მერე გვიან მოვიდა...
ეეჰ, გემრიელი გასახსენებელი იყო...
ვულოცავ ნანულის!
იუბილარს დაბადების დღეს ულოცავს ზეიკო ბოცვაძის და, ცისანა ბოცვაძეც.
ცისანა ბოცვაძე: ჩემი ზეიკო და ნანული ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ. ერთმანეთს პატივს სცემდნენ და აფასებდნენ. ერთად ბევრი თავგადასავალი ჰქონდათ.
ძალიან კარგი ადამიანია ნანული. მან მადლიანი საქმე გააკეთა, დისშვილები გაზარდა და ფეხზე დააყენა. მთელი თავისი ცხოვრება მათ შესწირა.
ზეინაბის მსგავსად, ნანულიც ხალხში მხიარული და მომლხენია. გვერდში უდგას მეგობრებს. სხვას უქმნის ბედნიერებას. ზეინაბიც ასეთი იყო: გარედან ჩანდა, რომ თითქოს ცხოვრება დალხენილი ჰქონდა. სხვას ასიამოვნებდა, დღესასწაულს უქმნიდა. ასეც უნდა იყოს. გულში რაც გაქვს, შენი ტვირთი შენთვის უნდა დაიტოვო და შენ ატარო. ნანულიც ასეთია. სხვისი გულშემატკივარი და მხარდამჭერია. ამიტომ ჰყავს ამდენი მეგობარი და ყველას უყვარს. სხვას უქმნის დღესასწაულს.
ვულოცავ!
გასული წლის 7 ოქტომბერს, ვარსკვლავთა ხეივანში, ნანული სარაჯიშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. რაც მაშინ მსახიობმა მარინა კახიანმა მეგობარზე თქვა, იგივე გაიმეორა ახლაც.
მარინა კახიანი: - ნანული ვარსკვლავია ბავშვობიდან და თაობები გავიზარდეთ მისი "მანანას" სიყვარულით. ეს ფილმი რომ საეტაპო ყოფილიყო, აქტუალური აღარ იქნებოდა. მანანა კი დღემდე საყვარელი კინოგმირია. ჰოლივუდში რომ გადაეღოთ, ნანული ოსკაროსანი იქნებოდა.
მეოთხე კურსზე ვიყავი, როდესაც ამ ფანტასტიკურ რუსთაველის თეატრში მოვხვდი და მას შემდეგ, ნანულიმ, თითქოს თავის ფრთის ქვეშ მომაქცია. მოვდივართ ერთად და უამრავი რამ გამოვიარეთ - წარმატებები, გასტროლები, სიხარული, ტკივილებიც... ამის გარეშე ადამიანის ცხოვრება არ არსებობს.
საოცარი მეგობრობა იცის. თავის საქმეს გადადებს და დაგეხმარება. ეს დღეს იშვიათი ხილია. ეგ კი არა, ისეთი სიყვარული იცის, ეჭვიანობაშიც კი გადასდის.
არ შეცვლილა. ახლაც ისეთივე ინტერესიანია, როგორიც 30 წლის წინ იყო, ახლაც ძველებურად მოუსვენარი და დაუდგრომელია. აქვს საოცარი მეხსიერება. ყველაფერი ახსოვს. ერთად გაგვიცვნია ადამიანი, მე ვერ მიცვნია, მას ახსოვს და მისი ოჯახიც კი მოუკითხავს. მინდა ასეთი სიცოცლხით სავსე იყოს დიდხანს.
ბედნიერებას და წარმატებას ვუსურვებ. ეჭვი არ მეპარება, დადგება მომენტი, კიდევ მნიშვნელოვან როლს შექმნის.