მქოლავენ, თუმცა მთელ ქალაქს აინტერესებს, როგორი ვიქნები წამყვანის ამპლუაში - ავთანდილი "ღამის პრაიმთაიმის" ექვსეულიდან

ავთანდილ ცქვიტინიძე

ავთანდილ ცქვიტინიძე ყველაზე დიდი მოულოდნელობაა იმ ვარსკვლავურ ექვსეულში, რომელიც სულ მალე მეგა თოქშოუ "ღამის პრაიმთაიმს" წაიყვანს. როგორც აღმოჩნდა, გადაცემის მთავარმა პროდიუსერმა, მაია სტეფნაძემ საჭირო დრო იყნოსა და ავთანდილის კანდიდატურა, ამ მეგა პროექტში, იმ მომენტში მოიაზრა, როცა ეს თავად დიზაინერს სურდა. საჭირო დროს ვახსენებ იმიტომ, რომ თურმე ცქვიტინიძე ბავშვობაში ამ პროფესიაზე ფიქრობდა. როგორც ის "პრაიმტაიმს" უყვება, პატარა ავთო მომავალი ფეშენ დიზინერისგან ინტერვიუებს იღებდა. 

ავთანდილ ცქვიტინიძე: - არ მოგატყუებ და გეტყვი, რომ წამყვანობასთან დაკავშირებით, წლებია ძალიან ხშირი შემოთავაზება მაქვს ხოლმე, რაზეც დროის უქონლობის გამო, ყოველთვის უარს ვამბობდი.

რაც მე ადამიანებს ვახსოვარ, ყოველთვის რესპონდენტის ამპლუაში ვიყავი. იმედია, დღემდე საინტერესო და კარგი რესპონდენტი ვარ.

მაგრამ როგორც წამყვანს, საკუთარ თავს ვიცნობ მხოლოდ მე. თან იმ ასაკიდან როდესაც ბავშვობაში, გურიაში, ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი პატარა ავთო ავთანდილისგან იღებდა ინტერვიუებს.

ავთანდილი შედგა, მაგრამ ჟურნალისტი ავთო ძალიან დამეკარგა და დამეჩაგრა. ამიტომ პანდემიის დროს გაკეთებული გადაფასებების შემდეგ, უკვე ველოდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ ნაბიჯსაც გადავდგამდი და... ზუსტად ამ დროს დამირეკა მაია სტეფნაძემ და თოქშოუს წამყვანობა შემომთავაზა.

 

VIDEO: „საიდუმლო აგენტები“ გამოჩდნენ - „ღამის პრაიმთაიმის“ ექვსეულის ახალმა პრომომ სოცქსელები ააფეთქა

მაია სერიოზული პროდიუსერია და  მე მას ვენდობი. ვუთხარი, მაია, მე ამ ნაბიჯზე წამოვალ, თუ ეს ჩემში ადრენალინს გამოიწვევს და მე თუნდაც ხუთი წუთით იმ პატარა ბავშვად ვიგრძნობ თავს, რომელსაც გული აუჩქარდება. ასეთ დროს დაგთანხმდები-მეთქი. მივედი, საცდელ ჩაწერაზე გული ამიჩქრდა და დავთანხმდი.

არც ერთ ჩემს მეგობარს, არც ერთ ჩემს ოჯახის წევრს ეს იდეა არ მოსწონს. მე ჯერ გადაწყვეტილება მივიღე და მერე ვაცნობე ყველას. როცა ქაოსში იქცევი ქაოსურად, მაშინ იჭერ ბალანსს. მე მხოლოდ ჩემი თავის მჯერა. 

პირველად მიწევს მუშაობა, როცა მე არ ვარ უფროსი. ვარ გუნდში, სადაც მე არ ვიღებ გადაწყვეტილებას და არ ვგეგმავ.

- და ეს კომფორტულია თუ პირიქით?

არ მომწონს! ბრძოლებში ვარ! ოღონდ არ ვიმჩნევ და ერთ მშვენიერ დღეს ამოვანთხევ ყველასთან (იცინის). ვნახოთ, რა იქნება. მე ისეთ რთულ პერიოდში შევდექი, როდესაც ძალიან ცოტა ადამიანი შედგა და გადარჩა. დაკარგული თაობის წარმომადგენელი ვარ. მე იმ დროს მჯეროდა საკუთარი თავის.

მოდი, ახლა ამ პატარა ავთოს დავუჯერებ. იქნებ არ არის ცუდი ბიჭი, არ ცდება, იქნებ გამოსდის. თუ ამ ყველაფრით ვერ ვიკაიფებ, გადაწყვეტილებაში თავისუფალი ვარ. ვნახოთ, შევეჯახო რეალობას. ვფიქრობ, რომ გავაგრძელებ.

თანაწამყვანებიდან ერთადერთი ბაჩო კოლელიშვილია, რომელსაც არ ვიცნობდი. "ბუნტარი" ტიპის ენერგეტიკა მოდის და ძალიან უხდება. ჩემი მეორე ხაზის მამაკაცი მისი ტიპაჟის არის და გადავწყვიტე, რომ მის ჩაცმულობაზე მე ვიზრუნო. სხვებს პერიოდულად ჩავაცმევ. 

ზურა ხაჩიძე ჩემი ახალგაზრდობის მეგობარი და მეჯვარეა, ანა ჩირაძე და მისი ქმარი ასევე ჩემი მეგობრები არიან და ვაფრენ მათზე. ნინო ჩხეიძესთან წლებია გადაკვეთა მაქვს და ვმეგობრობ. ნიკოლოზ ხაჩიძეს დიდ პატივს ვცემ. მე რომ გავიცანი, ასაკით პატარა იყო და თავიდანვე გულწრფელია. საერთოდ ჟურნალისტიკაში ამ მოცემულობით ყოფნა რთულია. ამ ბავშვმა ბევრი სტერეოტიპი დაარღვია. აი, ამიტომ ვაფასებ.

ამდენად, ახლა ვნახოთ, რას იზამს ავთო. გაგიმხელთ, წარდგენის დროს სიურპრიზი მექნება. 

მე მგონი, მთელ ქალაქს ის აინტერესებს, მე როგორი ვიქნები წამყვანის ამპლუაში. ყველა გაოგნებული და შეშფოთებულია. ვიფიქრე, გავერთობი-მეთქი, მაგრამ სერიოზულობა "ამკიდეს" და არ მომწონს. საახლობლოში არავინ არ მგულშემატკივრობს, არ მოსწონთ ჩემი ეს ახალი ამპლუა. გამოდის, რომ ამ ამბავში, მარტო მე ვარ ჩემი თავის გულშემატკივარი. ყველა მქოლავს.

- და ცოლი?

- ხათუნა იცით, როგორი ტიპია? იდეალურად მიცნობს და სცადეო, მეუბნება.

იცით რა, ჩემი პროფესიის გარდა, არც ერთ თემაზე აზრი არ გამომითქვამს. დიზაინერების შეფასებასაც არ ვაკეთებ მოდის კვირეულებზე. რახან ამ გადაცემას აქვს ასეთი კონცეფცია, რომ უნდა ვისაუბროთ, განხილოთ, ამაზე მივდივარ. კი არ გასწავლი და განგიკითხავ, ვერსიებს განვიხილავთ. გადაწყვეტილებას ხომ ჩვენ თვითონ ვიღებთ. მე ჩემს შვილს არ ვასწავლი ჭკუას, არათუ - სხვას. ჩემს თავს იმის უფლებას არ მივცემ, რომ ვიღაცას ჭკუა დავარიგო. მე ჩემს გამოცდილებაზე გესაუბრებით.  სასაუბრო კი ნამდვილად მაქვს. "ავთანდილი" ამბიციური და დაუჯერებელი პროექტია, ერთი უპატრონო ბავშვისგან, დახმარების გარეშე, რა შეიძლება შედგეს.

- შენი გურული იუმორითაც გაგვანებივრებ?

- მე სხვანაირად არ გამომივა. ჩვენ, ჩვენი ინდივიდულურობით ვართ საინტერესოები - ჩვენი სლენგით, შეცდომებით, ხედვებით. შეცდომებითა და იუმორის თვალსაზრისით, ტიკ-ტოკში ყველაზე ხშირად მე მოვხვდები (იცინის).