„ქვეყანაში, სადაც ახალ წელს ორჯერ ვზეიმობთ...“ - რას პასუხობს „სირცხვილია“ სალომე ზურაბიშვილს

სირცხვილია

ქვეყანაში, სადაც ახალ წელს ორჯერ ვზეიმობთ, არაფერი დაშავდება, თუ ევროინტეგრაციისადმი ერთგულებასაც ორჯერ აღვნიშნავთ, - ასე პასუხობს მოძრაობა „სირცხვილია“ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს.

„ერთ კვირაზე მეტია, სამოქალაქო საზოგადოება ემზადება 20 ივნისის შეკრებისთვის, რომლის მიზანიცაა გააერთიანოს ქართველი ხალხი მიუხედავად მათი პოლიტიკური, იდეოლოგიური თუ სხვა განსხვავებებისა. ისტორიული გადაწყვეტილების წინ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ ევროპელ პარტნიორებს უნდა აჩვენოს, რომ ევროინტეგრაცია ერთ-ერთი ისეთი იშვიათი საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში პოლარიზაცია არ არსებობს.

წინააღმდეგობრივია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ევროინტეგრაციისთვის კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს, ამავდროულად ალტერნატიულ აქციას ნიშნავს და 20 ივნისის შეკრების ორგანიზატორებს ღონისძიების გაუქმებას სთავაზობს. არა და არასოდეს!

ჩვენ ვიღებთ პრეზიდენტის მოწვევას 16 ივნისის აქციაზე და ვთავაზობთ, მანაც მიიღოს სამოქალაქო საზოგადოების თვითორგანიზებულ ჯგუფთა მოწვევა და დაესწროს შეკრებას „შინ ევროპისკენ”, რომელიც 20 ივნისს, 20 საათზე პარლამენტთან დაიწყება და ევროპის მოედანზე დასრულდება.

ქვეყანაში, სადაც ახალ წელს ორჯერ ვზეიმობთ, არაფერი დაშავდება, თუ ევროინტეგრაციისადმი ერთგულებასაც ორჯერ აღვნიშნავთ, “ - აღნიშნულია „სირცვილიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკოსებსა და საზოგადოებას 16 ივნისს ევროპის მოედანზე ეპატიჟება. მისი თქმით, 1-საათიან შეკრებაზე არ იქნება პოლიტიკური განცხადებები, შესაძლოა, ისმოდეს მხოლოდ მუსიკა. აქციის მიზანია, ქვეყანამ ევროპას დაანახვოს ერთიანობა, საკუთარი მომავლის ხედვის თვალსაზრისით.