პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კინოლოგ ზურაბ შენგელიას 50-ზე მეტი ოთხფეხა მეგობარი ჰყავს და ასევე, სხვა მრავალ მიუსაფარ ძაღლს უვლის. ცოტა ხსნის წინ კი, მიწის ნაკვეთი შეიძინა, სადაც მათთვის თავშესაფრის გაკეთებას სრულიად უსასყიდლოდ გეგმავს.
როგორც ის „პრაიმთაიმთან“ საუბრისას ამბობს, მათ მოვლაში შვილები ეხმარებიან.
„პირველი ჯიშიანი ძაღლი 2013 წელს ვიყიდე, გერმანული ნაგაზი. შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობის ოცნება ავიხდინე. მას მერე დაიწყო ეს ისტორია... ახლა, უკვე 50-ზე მეტი ძაღლი მყავს. როცა ვხედავ, რომ კონკრეტული ადამიანი ვერ უვლის, ვცდილობ დახმარება შევთავაზო. ერთი-ერთი ძლიერი ორგანიზაციის ეზოში ჰყავდათ დაბმული ძაღლი. ისიც წამოვიყვანე. მოვუარე. პასპორტი გავუკეთე. თვეები დამჭირდა, რომ მომესულიერებინა. ფეხზე დამეყენებინა. ჯიშიანი ძაღლებიც მყავს. ვცდილობ ეს სიყვარული თითოეულ მათგანს გავუნაწილო. სამი შვილი მყავს. სამივე ჩართულია ამ ყველაფერში. ძალიან რთულია მათი მოვლა. დიდი პასუხისმგებლობაა. თითოეულ მათგანს ხომ საკუთარი ისტორია აქვს,“ - ამბობს ზურაბ შენგელია.
ის ასევე, ჩვენთან საუბრისას ერთ ემოციურ ისტორიას იხსენებს:
„გამოფენაზე ვიყავით. მოვლილი, პატრონიანი ძაღლები შედიოდნენ და გამოდიოდნენ. ამ ყველაფერს, ორი დღის განმავლობაში ნაღვლიანი თვალებით ერთ მიუსაფარი ძაღლი უყურებდა. ალბათ, ფიქრობდა, რომ მასაც შეეძლო მწვანე მოედანზე გავლა და ექსპერტების წინაშე გამოსვლა. სწორედ ეს ძაღლი წამოვიყვანე, გავასუფთავე. იმ მოედანზე შევიყვანე და ისე შემართებით დაიწყო სიარული, თითქოს მთელი ცხოვრება გამოფენებზე დადიოდა. კისერიც მოიმარჯვა. ყველაფერს სიყვარულის თვალებით შეხედა. ექსპერტების წინაშეც კარგად გაიარა. ასე ოცნება ახდენილები გამოვედით გარეთ. ისევ ძლიერ ჩავიკარი გულში და დავემშვიდობე. წავიდა. რამდენიმეჯერ უკან გამომხედა და თითქოს მადლობას მიხდიდა მისი ახდენილი ოცნების გამო. ბედნიერი იყო ისიც და მეც, მცირედით, მაგრამ მაინც ვაჩუქეთ ერთმანეთს ბედნიერი წამები...“
„თითოეული ძაღლი შვილივით მყავს. მათ ძალიან დიდ დროს ვუთმობ. ამ ყველაფერს დიდი თანხები სჭირდება. ჯერჯერობით ყველაფერს ჩემით ვაკეთებ. ვცდილობ, თითოეულს ყურადღება არ მოვაკლო. ჩემი შვილებიც ამ ყველაფერში ჩართულები არიან. 11 წლის გოგო მყავს. უკვე 8 მშობიარობა აქვს მიღებული. გამოფენებზეც ჩართულია. ვცდილობ, ცხოველების მიმართ სწორი მიდგომა ჰქონდეთ. ყოველთვის თან მაქვს საჭირო ნივთები. ყოფილა შემთხვევა, რომ გზაზე მიპოვია ძაღლი, რომელსაც მანქანამ დაარტყა და მიატოვა. ნაკერები კი, ჩემით დამიდია.
ცოტა ხნის წინ, ბანკის, მეგობრების საშუალებით გლდანში დიდი ნაკვეთი ავიღე. დაახლოებით, 3000 კვადრატულია. თუ შევძელი, მინდა, რომ პატარა თავშესაფარი გავაკეთო და მათ კარგი პირობები შევუქმნა. მე თვითონ კი, ნაქირავებში ვცხოვრობ. ვშრომობ იმისთვის, რომ ოთხფეხა მეგობრებიც კარგად იყვნენ. არ ვჩერდები, სანამ შემიძლია, ასე იქნება,“ - ამბობს ზურაბ შენგელია „პრაიმთაიმთან“ საუბრისას.