1746644378
„პოპკორნის ფილტვები" - ელექტრო სიგარეტების ახალი საფრთხე და ექსპერტების გაფრთხილება

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ყურადღება ამერიკაში დაფიქსირებულმა შემთხვევამ მიიქცია. შეერთებულ შტატებში მცხოვრები თინეიჯერი იშვიათი, თუმცა ძალიან სერიოზული დაავადებით დაინფიცირდა, რომელსაც „პოპკორნის ფილტვებს“ უწოდებენ.
სამედიცინო გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ მოზარდის შემთხვევაში აღნიშნული დაავადება 3 წლის განმავლობაში, სწორედ ელექტრო სიგარეტის ე.წ. „ვეიპის“ გამოყენებამ გამოიწვია.
აღნიშნული დაავადების შესახებ ჩვენი სტუმარი ოდნავ მოგვიანებით უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგვაწვდის - თუმცა, მანამდე ჩვენს მაყურებელს მოკლედ ვეტყვი, რომ „პოპკორნის ფილტვები“ იგივე ბრონქიოლიტის ობლიტერანსი, სასუნთქი გზების ანთებას იწვევს, რასაც შემდგომ სუნთქვის გაძნელება, ხველა, დაღლილობა და ქოშინი მოსდევს.
ტერმინი „პოპკორნის ფილტვები“ - პირველად 2000-იან წლებში დამკვიდრდა - როცა პოპკორნის ქარხანაში მომუშავე რამდენიმე ადამიანს ქიმიური ნივთიერების, დიაცეტილის ჩასუნთქვის შედეგად, ფილტვების დაზიანება აღენიშნათ.
დიაცეტილი არომატული ნივთიერება, რომელსაც სხვადასხვა პროდუქტებისთვის არომატის მისაცემად ხშირად იყენებენ. მაგალითად სწორედ ეს ნივთიერება აძლევს პოპკორნს, მსუყე, ე.წ. კარაქიან არომატს. დაავადების სახელწოდებაც სწორედ აქედან მომდინარეობს. თუმცა, ჰაერში აეროზოლის სახით მოხვედრისას, ასევე გახურებისას დიაცეტილი ტოქსიკურ ნივთიერებად გარდაიქმნება - მისი შესუნთქვა ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშია.
თუმცა, სამედიცინოს სფეროს წარმომადგენლების თქმით, საკვების შემთხვევაში ქიმიური ნივთიერებები ღვიძლის ფილტრაციას გადიან და სისხლში მხოლოდ ამის შემდეგ ხვდებიან - მაგრამ ელექტროსიგარეტის მოხმარებისას ქიმიკატების კონცერტაცია პირდაპირ ფილტვებში ხვდება და ძირითად ორგანოებზე მის გავრცელებას მხოლოდ წამები სჭირდება.
ელექტრო სიგარეტებისთვის სხვადასხვა არომატის მისაცემად (მაგ: ნაყინის, მანგოს, ტკბილეულის და.ა.შ) მწარმოებლები დიდი რაოდენობით არომატულ სითხეებს იყენებენ.
სამედიცინო ექსპერტების შეფასებით, დღესდღეობით ელექტროსიგარეტებში 180-ზე მეტ არომატულ ნივთიერებას ვხვდებით. დიაცეტილის გარდა, ხშირად იყენებენ აცეტოინსა და პენტანდიონს, რომლებიც ასევე მავნე ნივთიერებებია.