ოჯახი 67 წლის კაცს ეძებს - მისი კვალი 2 იანვარს მახათას მთის მიმდებარედ იკარგება

dakarguli kaci

67 წლის ჯუმბერ თამაზაშვილს უკვე 11 დღეა ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, ის ბოლოს ორთაჭალაში, სამარშრუტო ტაქსის გაჩერებაზე ნახა ნაცნობმა.

უკვე ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რის მიხედვითაც ჯუმბერ თამაზაშვილი, ორთაჭალიდან ტაქსით ვაზისუბნის მიმართულებით გადაადგილდება.

სამართალდამცველებმა ის ტაქსის მძღოლი უკვე გამოჰკითხეს, რომელმაც კახეთიდან ჩამოსული მგზავრი მახათას მიმდებარე ტერიტორიაზე მიიყვანა.

„პრაიმტაიმი“ დაკარგულის დას, მერი თამაზაშვილს ესაუბრა.

„ჩემი ძმა 67 წლისაა. ბოლო პერიოდში მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები დაეწყო. ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირში ვცხოვრობთ.  2 იანვარს გავიდა სახლიდან, ვიფიქრე ბირჟაზე მიდის-მეთქი, მაგრამ რომ დაღამდა და აღარ მოვიდა, მაშინ დავიწყეთ ძებნა.

როგორც გავიგეთ, დაახლოებით შუადღის 2 საათზე წამოვიდა სამარშრუტო ტაქსით თბილისის მიმართულებით. ორთაჭალაში, ნაცნობმა ნახა მაგრამ რას იფიქრებდა, რომ თვითონაც არ იცოდა სად მიდიოდა.

პოლიციამ გვითხრა, რომ ამოიღეს ვიდეო კამერის ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც ორთაჭალაში აჩერებს ტაქსის, მიდის ვაზისუბნის მიმართულებით და ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება. პოლიციამ გამოკითხა ტაქსის მძღოლი, რომელიც ამბობს, რომ კლიენტი, მახათას მთის მიმდებარედ ჩამოვიდა. სამწუხაროდ იქ ვიდეო კამერები არ აყენია და ვეღარ გავიგეთ სად წავიდა.

თბილისში ბევრი ნათესავი გვყავს, მაგრამ არსად მისულა. არც ფული ჰქონდა თან და არც ტელეფონი. აცვია ყავისფერი ქურთული და ნაცრისფერი შარვალი. ახურავს ჯინსის ქუდი. თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია აქვს, იქნებ შეგვეხმიანოს. ძალიან მინდა ოჯახს უვნებელი დაუბრუნდეს“, - ამბობს მერი თამაზაშვილი.