1732276666
„ნიკოს სტუმრობაზე მეგონა ბედნიერების ტორნადომ ჩამოიქროლა...“ - რას წერდა ნიკო კვარაცხელიას და ერთი წლის წინ
ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალური ქსელის მეშვეობით მოქალაქეებს უზიარებს მისი შვილის, კატერინა კვარაცხელიას მიერ ნიკოს შესახებ დაწერილ პოსტს.
როგორც ნიკო კვარაცხელიას დედა წერს, ამ პოსტს კიდევ ერთხელ უზიარებს საზოგადოებას, ვინაიდან მათი ტკივილი, მისივე სიტყვებით, უსამართლობის გრძნობასთან ერთად უფრო გაძლიერდა.
„დღეს fb-მა შემახსენა შარშანდელი გაზიარებული პოსტი, გვერდი ვერ ავუარე, რადგან მას მერე ჩვენთვის ტკივილი უსამართლობის გრძნობასთან ერთად უფრო გაძლიერდა ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე უნდა იყოს თანაბრად დაცული.
ნიკო იყო ჩემი გმირი!
„ნიკომ მასწავლა, რომ ცხოვრება არ არის წყევლა, ის არის საჩუქრად მიღებული შანსი, რომლითაც რაღაც დიდებულს შევქმნი.
ნიკოს ყოველ სტუმრობაზე ასე მეგონა, სახლში ბედნიერების დიდებულმა ტორნადომ ჩამოიქროლა, ის გაუთავებლად გვიზიარებდა თავის იდეებსა და ახალ ინტერესებს.
ხშირად დავცინოდი, იმიტომ რომ ყოველ მოსვლაზე, ახალი აკვიატება ჰქონდა, პატარაობიდან ასეთი იყო: რაღაცას მიაგნებდა
— აპლიკაციას, წიგნს, ბრენდს, ნახატს, ნებისმიერ რამეს (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) — დიდხანს იკვლევდა და გაუთავებლად ლაპარაკობდა, სანამ შენც თავისებურად არ დაგაინტერესებდა.
მოყოლის მართლაც გასაოცარი ნიჭი ჰქონდა, თითქოს ჰიპნოზს გიკეთებდა: ეს გახლდათ მისი ერთ-ერთი დიდებული თვისება, რომლისაც ყოველთვის მშურდა. ლაპარაკი ბევრს შეუძლია, არც ინტერესების გაზიარება ეშლებათ, მაგრამ ნიკოს შეეძლო მსმენელისთვის თავის გონებამდე მისასვლელი ბილიკი გაეკვალა და ნება დაერთო, ყველაფერი თავისი თვალით დაენახათ; იმ ადამიანის თვალით, რომელიც შეყვარებული იყო სიცოცხლესა და სწავლაზე. ჰოდა, მართლა მაინტერესებს, რამ აიძულა ვიღაც, მთელი სისასტიკით დაეხალა ჩემი ძმისთვის ათი ტყვია ნიკოს ოპტიმიზმი ხომ არ იყო? ან ოჯახის სიყვარული? თავდადებული შრომა? უბრალოდ, მაინტერესებს, რა იყო ასეთი უპატიებელი, რომ ვიღაცამ ჩემი 22 წლის ძმის სიცოცხლე მოსაცილებელ წინაღობად დაინახა მხოლოდ უფრო მეტიც, ეყო უნამუსობა, გაიქცა, დაიმალა და იზეიმა. ცხოვრებაში ბევრ უსამართლობას შევჯახებივარ, თუმცა ეს შემთხვევა ენით აღუწერელია. და, როცა ჩემი 10 წლის ძმა მეკითხება, ეს რატომ მოხდაო? დაღლილი თვალებიდან ცრემლები რომ სდის, რა ვუპასუხო? როგორ უნდა აუხსნა ასეთი რაღაც ბავშვს, რომელიც ბედნიერი ელოდა შინ დაბრუნებასა და ძმასთან შეხვედრა, ვისთან ერთადაც ატარებდა თითქმის მთელ თავისუფალ დროს. რა ვუთხრა, რომ გონება გაუნათდეს? როგორ ავუხსნა, რომ ვიღაცამ რამდენიმე თვე ჩემი ძმის სიცოცხლესთან გამოსალმების მომზადებასა და დაგეგმვაში გაატარა, თანაც ჩვენი სახლის წინ, ქუჩაზე, სადაც ღამით მარტო ვსეირნობდი, ქუჩაზე, სადაც ჩემი უმცროსი დედ-მამიშვილები მრავალჯერ გასულან ნიკოსთან სტუმრად, ქუჩაზე, რომელსაც სკოლისაკენ მიმავლები დედაჩემის მანქანით გავდიოდით. დღეს ეს ქუჩა ჩემი ძმის მკვლელების აუხსნელად სასტიკი ცოდვებით არის დასვრილი.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემს კითხვებს პასუხი შეიძლება არასდროს გაეცეს, ერთადერთი ეს ფიქრი მამშვიდებს, რომ ჩემი ძმა ახლა უკეთეს ადგილას არის; შორს, ამ სიბინძურისგან ჰოდა, მაღლა იფრინე, ნიკო იმედი მაქვს, მალე შევხვდებით. როგორც აღმოჩნდა, უშენოდ სიცოცხლე არაფერია, მხოლოდ ტანჯვა და აგონია.
კატერინა კვარაცხელია”, – აღნიშნულია პოსტში, რომელსაც ნიკო კვარაცხელიას დედა აზიარებს და პოსტს თან ურთავს ნიკოს და კატერინას ფოტოს.