ჰქონდათ თუ არა ძმებ კაკულიებს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან კავშირი - საჯაროვდება საქმის ფიგურანტი ძმების დედის ჩვენება

niko kvaracxelia

ჰქონდათ თუ არა დავით და გუგა კაკულიებს 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან კავშირი - საქმის ფიგურანტი ძმების დედა საჯაროდ დასმულ კითხვებს არ პასუხობს. ამ საკითხზე ეკა გოგლიძემ ჩვენებაში ისაუბრა, რომელიც „კურიერმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა. კაკულიების დედა ადასტურებს კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მსჯავრდადებულის, გიორგი კავილაძისა და მისი შვილების მეგობრობას.

,,გიორგი კავილაძეს ბავშვობიდან ვიცნობ. ჩემი შვილების საქართველოდან წასვლის შემდეგ ყურადღებას იჩენდა ჩემი ოჯახის მიმართ და გვთავაზობდა დახმარებას. ნიკოლოზ კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ გავიგე ტელევიზიიდან, საიდანაც, ასევე, გავიგე, რომ ფაქტზე დააკავეს ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე. ჩემთვის უცნობია, იცნობდნენ თუ არა ჩემი შვილები ნიკოლოზ კვარაცხელიას", - ჰყვება ჩვენებაში ეკა გოგლიძე.

ეკა გოგლიძე მედიაში გავრცელებულ ვერსიასაც გამორიცხავს, რომლის მიხედვით ძმებმა კაკულიებმა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა მამის გამო, შურისძიების მოტივით დაუკვეთეს.

ეს ჩვენება კაკულიების დედამ ძმების დაკავებამდე მისცა. ამის შემდეგ, დათა და გუგა კაკულიები არაყიშვილის ქუჩაზე სერგო ქურთიაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ნაქირავებ ბინაში აიყვანეს. კურიერმა მოიპოვა ჩატარებული ჩხრეკის ოქმიც, რომლის მიხედვით ძმების სახლიდან იარაღთან ერთად, კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე უკვე მსჯავრდადებული ირაკლი ბიბილეიშვილის პირადობის მოწმობაც ამოიღეს.

როგორ აღმოჩნდა კაკულიების სახლში ნიკო კვარაცხელიას საქმის ფიგურანტის დოკუმენტი - ადვოკატი და პროკურორი დეტალებზე არ საუბრობენ. დღეს, სასამართლოში ძმებისთვის წარდგენილი ბრალდების საქმეზე მორიგი სხდომა ჩატარდა. ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ძმების წინააღმდეგ ჩვენება, მათ დაკავებაში მონაწილე დეტექტივმა მისცა.

ძმები უკვე წარდგენილ ბრალდებებთან ერთად, ნიკო კვარაცხელიას საქმესთან შემხებლობასაც უარყოფენ. დანაშაულთან მათ კავშირში დარწმუნებულია ნიკო კვარაცხელიას ოჯახი.

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეს უკვე სამი მსჯავრდადებული ჰყავს - გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე, რომლებმაც 22 წლის ახალგაზრდა თბილისის ცენტრში მოკლეს. კიდევ ერთი მსჯავრდადებული ირაკლი ბიბილეიშვილია. ის საპატიმროში სწორედ მკვლელების მფარველობის გამო აღმოჩნდა. გაფართოვდება თუ არა ბრალდებულთა წრე - პროკურორი არაფერს გამორიცხავს.

დადგება თუ არა დავით და გუგა კაკულიების პასუხისმგებლობის საკითხი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზეც - პასუხს მოკლულის ოჯახი გამოძიებისგან ელოდება. უკვე წარდგენილ ბრალდებებზე ძმების საქმის განხილვა 9 ნოემბერს გაგრძელდება.