ნიკოლოზ წულუკიძის და ტარიელ ხარხელაურის ემოციური შეხვედრა - ნახეთ რა ლექსი წაუკითხა შვილმკვდარმა პოეტმა ნიკოლოზს 

ტარიელ

ნიკოლოზ წულუკიძე, პოეტ ტარიელ ხარხელაურს ესტუმრა. „საერთო ტკივილმა დაგვანათესავა, განსაკუთრებულად ვემზადები და მიხარია მასთან შეხვედრა“, აღნიშნა ტელესახემ ინტერვიუს დაწყებამდე.

ტარიელ ხარხელაურმა ის ლექსი წაიკითხა, რომელიც ნიკოლოზს ტრაგედიის შემდეგ დაუწერა:

„არ გკადრებ, არ გაგამხნევებ,

არც სიმშვიდეს გთხოვ სულისას,

შენს თავს შენ უნდა უწამლო 

წამალს სხვას ნუ სთხოვ წყლულისას,

ბინდისფერობამ სოფლისამ

დღე მრავალს გადაუნისლა,

მეც ამ ტკივილმა დამიდნო

თხელი კედლები გულისა,

დამლია წუთისოფელმა,

ამღვრევამ სიყვარულისამ...

მოვთქვამ, ასეთმა ამინდმა

ლამის ჭკუიდან შემშალოს,

გადმოდი, მოვთქვამ ძილშიაც -

ცრემლო! თვალებთან შემშრალო,

ერთსა გთხოვ მამა-შვილურად -

მზე მაგ გულში არ შეცვალო!

მტერს ლაღი უნდა ეგონო -

ტკივილით მიწის მკბეჩავო...

დრო სიმღერას გთხოვს? იმღერე!

ჯავრმა არ გაგაბეჩავოს.

შვილო! ჭრელია საწუთრო,

ზნეს არ დაიგდებს თავისას,

ბევრჯერ აგიშლის გონებას

ჩქამი სულეთის კარისა,

ბევრჯერ ცრემლებით დაჰხვდები

ცაზე გადმოსვლას მთვარისას,

ბევრჯერ აჰხედავ ეჭვითა

ზნეს უფლის სამართალისას...

უნდა იბრძოლო! სიკვდილთან

შეკვრა არ გმართებს ზავისა,

არცა გთხოვ გვერდის აქცევას

მთიდან მომსკდარი ზვავისას,

ცრემლისთვის ღამე დაზოგე -

დღე რომ აბჯარი აისხა!..