„მკლავს და მენატრება ჩვენი განსხვავებული სიყვარული... შეხვედრამდე, ჩემო ერთგულო მეუღლევ და მეგობარო" - ერმალო მაღრაძის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა

ermalo

13 ნოემბერი ერმალო მაღრაძის გარდაცვალების დღეა. რეჟისორი 79 წლის ასაკში, კორონავირუსით გამოწვეულ ფილტვების უკმარისობას, ორი წლის წინ ემსხვერპლა. 

გულუბრყვილო, გამორჩეულად სუფთა და პოზიტიური - ასეთად დარჩა რეჟისორი ყველას მეხსიერებაში.

"ორი წლის წინ, იმ საბედისწერო ღამეს შენთან ერთად ჩემი გულისცემაც უნდა შეწყვეტილიყო, ემი!  ვერ დავამარცხეთ სიკვდილი... უზომოდ მიყვარხარ და მენატრები. 
შეხვედრამდე, ჩემო ერთგულო მეუღლევ და მეგობარო" - წერს ფეისბუქზე რეჟისორის მეუღლე, მანანა ხიდაშელი.

22 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ამ უეცარმა და ტრაგიკულმა განშორებამ, მანანა ხიდაშელს დიდი სტრესი მიაყენა. როგორც გვიყვება, მეუღლეს ძალიან ათამამებდა, სიყვარულით დათლილ ხილს, საწოლში მიართმევდა, სამსახურიდან მისულს, ცხელ სადილს ახვედრებდა, ქმარი კი, საყვარელ ფრაზას არ უგვიანებდა - ვის ჰყავს ცოლი ჩემისთანაო.

რეჟისორსა და პედაგოგს შვილი არ ჰყოლიათ. ბატონი ერმალო ცოლს ობოლი დისშვილის გაზრდაში ეხმარებოდა. 

კლინიკაში სცენარი ჰქონდა წაღებული, ტელეფონების ბლოკნოტებთან და ავტოკალმებთან ერთად. ნეტავ, ვისთან უნდოდა დარეკვა?..

ერთხელ რიხით დამირეკა, მანანა, კარგად ვარო. მერე ნაწყვეტებად საუბრობდა. ბოლოს ცუდად ვარო, მითხრა. აღარაფრის თავი აღარ ჰქონდა. მერე წერილებს ვუგზავნიდი: გთხოვ, არ მიღალატო, ბოლომდე იბრძოლე-მეთქი, ვწერდი. ექთნები აკითხებდნენ. ჯიუტობდა თურმე, გვერდზე არ წვებოდა. აფორიაქებულიაო, ექთნებს მოჰქონდათ ამბავი.

13 ნოემბერს გარდაიცვალა. ექიმებმა ვერ გაბედეს და ვერ შემატყობინეს ეს საზარელი ამბავი და ისევ ჩემმა დისშვილმა მითხრა.

იმაზე დიდი საშინელება არ არსებობს, საყვარელ მეუღლეს რომ უკანასკნელ გზაზე ვერ აცილებ.

მე ისევ კლინიკაში ვიწექი და მესენჯერით ვუყურებდი, ჩვენს ახალ და კოპწია სახლში, როგორ დაასვენეს ჩემი ერმალო. ჩვენი ტაძრიდან, ყოველდღე ხუთი მგალობელი მიდიოდა და საგალობლებს გალობდნენ.

ჩვენ ორივეს საერთო მოძღვარი გვყავდა, მამა მელიტონი. ბოლო დღეს ეკლესიაში დაასვენეს და მამაომ წირვა ჩაუტარა. ფეხზე ძლივს ვიდექი, მაგრამ მისთვის ლოცვებს ვკითხულობდი. პალატიდან მესენჯერით ვუყურებდი, როგორ გამოასვენებს ტაძრიდან ჩემი ერმალო…

გეტყვი, რომ მკლავს და მენატრება ჩვენი განსხვავებული სიყვარული, შენი ხმა... ვგრძნობ, რომ შენი სული მშვიდადაა ნათელში იმქვეყნად.

შეხვედრამდე, ჩემო ემი!

 

ასევე დაგაინტერესებთ:

შე ჩემის თვრამეტიანოს" დაბადებაში, ალბათ, ცოტა ხუმრობაც ერია..." - აკა მორჩილაძე იუბილარია

„უარყოფით პერსონაჟებს თამაშობდა, ცხოვრებაში კი ძალიან წესიერი კაცი იყო. ბოჰემაში ტრიალებდა და ხომ შეიძლებოდა, რაიმე ცუდი ეთქვათ მასზე, მაგრამ არასდროს გამიგია“ - გოგი მაღალაშვილი მამაზე

"ყველა მედავებოდა, რატომ მოგეცი ეს როლი...“ - ნახეთ, რას პასუხობდა "დათა თუთაშხიას" რეჟისორი თენგიზ არჩვაძის ფანებს

"საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია..." - ბესიკ ხარანაული დღევანდელ მოვლენას ეხმიანება