საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
1732302170
სვეტიცხოვლის გიდი, კოლორიტი ციცინო 68 წლის გახდა. ამ დღესაც სვეტიცხოველში იყო. გამოიძახეს. "პრაიმტაიმთან" ამბობს, რომ დაბადების დღის გადახდა არ უყვარს. ცოტა ასაკზე წაიწუწუნა, სიბერე შემომეპარაო, ძველებურად შემართული აღარ ვარო.
ციცინო ზივზივაძე: არ ვარ ახალგაზრდა, დავბერდი, ძველებური შემართება და ენთუზიაზმი აღარ მაქვს. ასაკი მაინც ასაკია. რა ყოჩაღად არ უნდა იყო, დროს მაინც ვერ შეაჩერებ. მაინც გეტყობა... დაბადების დღეების გადახდა არ მიყვარს. ეს დღეც ჩვეულებრივ გავატარე. დისშვილებმა ტორტი და სუნამო მომართვეს და ეგ იყო... მერე გამომიძახეს ტურისტებისთვის და წავედი. რუსები იყვნენ.
რუსებს ყოველთვის ვეუბნები ვინც არიან. ოკუპანტები რომ არიან. სიმართლეს ვეუბნები. მე პატრიოტი ვარ, ისტორიკოსი ვარ და ჩემი ქვეყნის ისტორიას ხომ არ გავაყალბებ?!
ზოგიერთ ქართველს არ სიამოვნებს რუს ტურისტებს რომ ვეუბნები, ოკუპანტი ხარ-მეთქი. თურმე, ტყუილი უნდა ვუთხრა და მონობა უნდა მიხაროდეს. მოსკოველი რუსი განათლებულია და მან ისტორიაც კარგად იცის და თავისი ქვეყნის ოკუპანტობაც, როგორ ანადგურებდა ქართულ კულტურას. ისინი მაქებენ კიდეც, ყოჩაღ, პატრიოტი ხარო! ასე რომ, მე სიმართლეს ვამბობ, მართალი ადამიანი კი სალ კლდეზე მაგარია.
პომადა და შლაპა: თავს პომადით ვიახალგაზრდავებ. ასაკში აღარ მომწონს ჩემი თავი, არ ვვარგივარ და ტუჩსაცხს ვხმარობ. ვისვამ ვარდისფერ ან იასამნისფერ პომადას. მჩუქნიან ხოლმე, მეც ვისვამ... შლაპების კოლექცია მაქვს. მიყვარს ქუდები.
სამშობლო: სამშობლო ყველაფერია. სამშობლოს სიყვარულმა მიმიყვანა 9 აპრილს მიტინგზე. მთავრობის სასახლესთან ვიდექი, როდესაც რუსული ტანკები თავს დაგვესხნენ. იქ ან მოვკვდებოდით, ან გადავრჩებოდით. წავედით თავგანწირვაზე. თავს ყველაზე უძვირფასესს ვწირავდი, ანუ სამშობლო ყველაფერია. პატრიარქმა დაშლისკენ მოგვიწოდა. ჩვენ არ შეგვშინებია. წინა ხაზზე ჩემს დასთან, დარეჯანთან ერთად ვიდექი. ის შეეწირა ცხრა აპრილს, მე ნიჩბით დავიჭერი. ნაკერები დამადეს. იარა დამრჩა... თხემის არეში თმა ფარავს...
სვეტიცხოველში არავინ რომ არ შედიოდა, იმ დროიდან ვესწრებოდი წირვა-ლოცვას. სამთავროს დედათა მონასტრიდან ოთხი მონაზონი ესწრებოდა წირვას და მე. საერო მონაზონს მეძახდნენ. კომკავშირელები მიშლიდნენ იქ სიარულს. დირექტორი მავიწროებდა ამის გამო. მაგრამ მე არ ვეპუებოდი, მაინც დავდიოდი...
ვიცნობდი მამა გაბრიელს. მის კელიაში რომ შეხვიდოდი, ქადაგებდა. იცოდა ძველი და ახალი აღთქმა. უკეთილშობილესი იყო. საოცარი ქადაგება იცოდა. ჭეშმარიტი ბერი იყო. რასაც გეტყოდა, უნდა მიგეღო. ყველაფერს გეტყოდა, რასაც იმ დროს ფიქრობდა...
სასწაული: სასწაულია ის, რომ ცნობილი გავხდი. მე ჩემთვის, ჩუმად ვშრომობ, ვმუშაობ. წლებია მცხეთის ისტორიულ არქიტექტურულ მუზეუმში ვმუშაობდი. ბოლო წლებია დამოუკიდებელი გიდი ვარ. და ამ დროს ხალხმა გამხადა პოპულარული. მაქებენ, სხვადასხვა ეპითეტებით მამკობენ. ძალიან მრცხვენია. ეს წყალობაა თუ რისხვაა, ვერ გეტყვით. ცნობილი რომ გავხდი, ალბათ, უფრო სასწაულია. მე არც დიდი მწიგნობარი ვარ და არც მჭევრმეტყველი, არც ენები ვიცი, მაგრამ ღმერთის ნება იყო, რომ ხალხს გავეცანი... პატრიოტი ვარ და შემართული ვყვები ჩვენი ქვეყნის, სვეტიცხოვლის ისტორიას. ალბათ, ეს მოსწონთ. თორემ პოპულარობაზე რა გითხრათ, ამას რომ მეუბნებიან, სად წავიდე აღარ ვიცი.
ასევე დაგაინტერესებთ:
იცოდით, რომ მომაკვდავის მონათვლა მღვდლის გარეშეც შეგვიძლია? ამ სიკეთეზე უნდა იცოდეთ