მიზეზი, რის გამოც მიხეილ სააკაშვილს ხშირად უწევს გვარის დამალვა

mikheil saakashili

თელავში, სააკაშვილების ოჯახში დაბადებულ ბიჭს, მიხეილი შემთხვევით, დედის სურვილით დაარქვეს, თუმცა, გვარ-სახელის გამო საზოგადოების ყურადღებას მუდმივად იქცევდა.

სამი წლისა, ერთ-ერთი ღვინის ქარხნის გახსნაზე ჩასულ სეხნია საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრია კიდეც. „პრაიმტაიმთან“ საუბარში მიხეილი ამბობს, რომ შეხვედრა არ ახსოვს და მხოლოდ ოჯახის წევრების მონაყოლი იცის.

„იმდროინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქარხნის გახსნაზე ყოფილა ჩამოსული. ვინ მიმიყვანა იქ, არ ვიცი. ხელში აგიყვანაო, ოჯახში მიყვებოდნენ, თუმცა მე არ მახსოვს, ძალიან პატარა ვყოფილვარ. 12 წლის ასაკში, დედასთან და დებთან ერთად, თელავიდან ახალციხეში გადასვლა მოგვიწია. ჩემი გვარ-სახელის გამო, სკოლაში პედაგოგები ერთმანეთს ეცილებოდნენ, ჩემთან გამოუშვითო”- იხსენებს მიხეილი.

 

ასევე დაგაინტერესებთ: არ დავმალავ, ჩემთვის ამის მიღება ადვილი არ არის - ლიზა იასკო

 

16 წლის მიხეილ სააკაშვილი ესპანეთში, მამასთან გაემგზავრა. გვარისა და სახელის გამო ყურადღების ცენტრში მგზავრობის დროსაც მოექცა. ამ შემთხვევას იუმორით იხსენებს.

„ჩემი გვარ-სახელის გამო, კურიოზები სულ მქონდა. საქართველო და თურქეთი მშვიდად გავიარე. უკრაინაში რომ ჩავედი და გვარ-სახელი ნახეს, კარგა ხანს მამოწმებდნენ. როგორც ჩანს, ვერ იჯერებდნენ. გადამოწმების შემდეგ აეროპორტის დაცვა დამყვებოდა, ალბათ ბოლომდე მაინც ვერ დარწმუნდნენ, რომ ამ გვარითა და სახელით სხვაც არსებობს”.

ორი წლის განმავლობაში, მიხეილი ესპანეთის სკოლაში სწავლობდა. ენასაც სრულყოფილად დაეუფლა, პროფესიული განათლებაც მიიღო და საქართველოში დაბრუნდა.

ამჟამად ახალგაზრდა ახალციხეში, საბანკო სფეროში მუშაობს. მიხეილი ხუმრობს, რომ ზოგჯერ ქოლ-ცენტრის მომხმარებელს საკუთარ გვარს არ ეუბნება.

„ზოგჯერ სახელით ვეცნობი მხოლოდ, დარწმუნებული ვარ, ბევრს ხუმრობა ეგონება და არასერიოზულ დამოკიდებულებაში ჩამითვლის. ოჯახურ ტრადიციას თუ შევხედავთ, ზაზა უნდა მერქვას, მაგრამ დედის გადაწყვეტილებით, ასეა”.

ახალგაზრდა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პროცესს უბრალოდ თვალს ადევნებს. თვლის, რომ მთავარი სახელმწიფოში ეკონომიკური, სოციალური სტაბილურობაა და მნიშვნელობა არა აქვს, რომელი პოლიტიკური ძალა მიაღწევს ამას.

„ესპანეთში სხვაგვარადაა და ძალიან მომწონს, რომ ადამიანებს არ აინტერესებთ პოლიტიკა, არც სჭირდებათ, ჩართულები იყვნენ. მთავარია, სახელმწიფოში ყველაფერი რიგზე იყოს, რა მნიშვნელობა აქვს, ამას ვინ გააკეთებს. მაქსიმალურად ვცდილობ, თავი ავარიდო პოლიტიკურ ამბებს და უბრალოდ, თვალი ვადევნო, როგორც პროცესს. დღეს კი, მიხეილ სააკაშვილს და ყველას, ვუსურვებ ჯანმრთელობას”.

მომავალში ახალგაზრდა სააკაშვილი კვლავ ესპანეთში წასვლას გეგმავს.