ზოდიაქოს 5 ნიშნის ცხოვრება უახლოეს დღეებში 180 გრადუსით შეიცვლება
1732220968
ქალაქ რუსთავში, რვა წლის წინ, ერთ ოჯახში, წელიწადისა და ოთხი თვის განმავლობაში ხატებს მირონი სდიოდათ.
78-მა მირონმდინარე ხატმა ბევრი სასწაული მოახდინა. ადამიანები კომიდან გამოვიდნენ, უშვილო დედებს შვილები მიეცათ, სმენადაქვეითებულთ - სმენა აღუდგათ, ბავშვები თუ დიდები ეტლებიდან წამოდგენენ, ლეიკემიით დაავადებული ბავშვები განიკურნენ... მირონს ადგილზეც ისვამდენენ და თან მიჰქონდათ.
ბევრი ახლაც სტუმრობს ოჯახს მოსალოცად. თუმცა სასწაულმოქმედი ხატები, უკვე რა ხანია ამ სახლში აღარ არიან დავანებულნი. ამიტომ ქალბატონი მარინე "პრაიმტაიმთან" საუბრისას, თხოვნით აღნიშნავს, რომ ვინაიდან მირონმდინარე ხატები მათთან აღარ არის, მოლოცვის მსურველები ტყუილად არ გაისარჯონ.
მარინე: ჩვენთან 78 ხატს სდიოდა მირონი. ეს ხატები სულ ჩემი შეძენილი იყო საეკლესიო მაღაზიებში. დღემდე მოდიან მადლიერი ადამიანები, ვისაც ჩვენთან მოლოცვამ სასწაული მოუვლინა. იმ დღესაც ყოფილა ცოლ-ქმარი (მე სახლში არ გახლდით) და კვიპროსიდან ჩამოტანილი ხატები ჩვენთან მოუბრძანებიათ. შვილი არ ჰყოლიათ 16 წელი და ჩვენ ხატებთან მოლოცვის შემდეგ შეძენიათ. ბოდიშები უხდიათ, შვილი შვიდი წლისაა უკვე და აქამდე ვერ მოვედითო... და მადლიერების ნიშნად ხატები შემოგვწირეს.
ჩვენს ოჯახში მოლოცვის შემდეგ დაახლოებით 672 ბავშვი გაჩნდა... უამრავი სნეული განიკურნა.
816 ხატი მქონდა. პირველად ღვთისმშობლის ხატს დაეწყო მირონდენა და ყველაზე მეტს, სწორედ დედა ღვთისმშობლის ხატს სდიოდა მირონი. მირონს თითქმის ყველა მომლოცველი იცხებდა, მაგრამ კურთხევა ძირითადად, სნეულ ადამიანებზე იყო.
მამა გაბრიელის ბევრი ხატი გავაჩუქე. ჩვენთან მოსალოცად მოსული ბიჭებიდან, ბევრი გაბრიელი იყო... მქონდა ჩემი შვილის ნაჩუქარი ერთი ხატი, არ მეგონა თუ მამა გაბრიელის იმ ხატს გავაჩუქებდი, მაგრამ მომიწია. შემდეგ მეზობელმა მომცა თავისი ხატები, გააჩუქე, ბევრი ხალხი დადის შენთანო.
ამ ხატებს შორის იყო ისეთივე ხატი მამა გაბრიელის, რომელიც გავაჩუქე. ვიფიქრე, ამ ხატს ჩემთვის დავიტოვებ-მეთქი. ძალიან მიყვარს კონკრეტულად ეს ხატი და არ მხვდებოდა, რომ შემეძინა. ერთხელ ბათუმიდან მოვიდა ოჯახი. ორი წლის ბიჭი მოიყვანეს, მძიმე დიაგნოზით. გულში ვამბობ, ნეტა გაბრიელი არ ერქვას-მეთქი. მოილოცეს და რა ქვია-მეთქი? ვიკითხე. გაბრიელიო, მამამ მიპასუხა. სხვა გზა არ იყო, უნდა მეჩუქებინა ხატი. გავაცილე ესენი და შემოდის ჩემი შვილის მეგობარი, მარინა დეიდა, ხატი ეგდო მიწაზეო, მანქანის საბურავი იყო გადატარებული ზემოდან და მაწვდის მამა გაბრიელის ხატს, რომელიც გავატანე ამ ოჯახს. ხელიდან დავარდნიათ... ავიღე ხატი და გამიხარდა! ჩემგან წასვლა არ უნდოდა-მეთქი, ვიფიქრე. შემოვიტანე და საძინებელში პატარა კუთხეში დავდე.
ორი კვირის შემდეგ მრევლი მოსალოცად მივდიოდით (ან მცხეთაში, ან ყინწვისში, ზუსტად ვერ ვიხსენებ). თავსაფარი ავიღე და ეს ხატი გადმოვარდა. არც ორპირი იყო, თითქოს არც შევხებივარ. ვერ მივხვდი, საიდან როგორ ჩამოვარდა. ამ დროს დამირეკეს, მანქანა მოვა და გამოყევიო. მე ვუთხარი, პირველი წავიდეს, მე მეორეში ჩავჯდები-მეთქი. რაღაც მოვიმიზეზე იმისთვის, რომ ხატისთვის მოსაბოდიშებლად პატარა ლოცვა წამეკითხა. მოკლედ, ლოცვისთვის შევყოვნდი... და ის პირველი მინივენი ავარიაში მოჰყვა... (საბედნიეროდ ყველა უვნებელი გადარჩა)
მამა გიორგი პავლოვთან მამა გაბრიელის ეს ხატი წავაბრძანე და ისტორია მოვუყევი. ჩარჩოს გავუკეთებ, პატარა წიგნში მიდევს და ხატს თხელი გვერდები ეცრიცება-მეთქი, ვუთხარი. მარინე, დიდი წიგნი არ გაქვსო? მივედი და დიდ წიგნში ჩავდე ხატი. დღემდე მაქვს ჩარჩოს გარეშე, ამ ისტორიებით და ისევ ძველი ნაიარევით.
შემდეგ მოძღვარმა თქვა, ოჯახში ამდენი ხატი არ არის გამართლებული, ხმაურია, სიგარეტის კვამლია, დიდი პასუხისმგებლობააო. და ერთ დღეს მოვედი და ხატები ჩამოხსნილი დამახვედრა ჩემმა ვაჟმა, პატარა კუთხე დამიტოვა. ისტერიკა მქონდა. ვერ ველეოდი ხატებს. ყველა ხატი მოგონებასთან და კონკრეტულ ისტორიასთან იყო დაკავშირებული.
და რვა წლის წინ, ჩემ ხატებს მირონდენა შეწყვეტილი ჰქონდათ, როდესაც მონასტრებს შევწირე, ზოგი მამათა მონასტერს, ზოგი დედათა მონასტერს.
მას შემდეგ ვაგრძელებთ ცხოვრებას, განსაცდელებითა და ყოველდღიური საზრუნავით. მადლობა უფალს, ცოცხლები ვართ.
სასწაულებს აღარ ვეძებ. ჩვენ ადამიანები, ისედაც ყველანი მოსიარულე სასწაულები ვართ. მამა გრიგოლი იყო ჩვენთან სახლში. ვიღაცამ ჰკითხა, ამ სასწაულს როგორ ახსნითო. კარებში იდგა ორსული გოგონა. და მამაომ მასზე მიუთითა, შეხედეთ, მას მუცელში ცოცხალი არსება ჰყავს. ამიხსენით, ეს სასწაული და მერე მეც გეტყვით ამ სასწაულზეო.
ისეთ განსაცდელს არ გვიგზავნის უფალი, რასაც ვერ გადავიტანთ. ჩემს მოძღვარს მარტყოფში ვეუბნებოდი, ამდენი განსაცდელი გადავიტანე-მეთქი. და რა გინდა, შენი ბარბარე ხომ უძლებს იმ პატარა განსაცდელს, რაც აქვსო?!
ჯანმრთელი იქნები თუ ავადმყოფი, მდიდარი თუ ღარიბი, უფლის გარდა არავის იმედი არ უნდა გქონდეს. ყოველთვის ვიცი, რომ ბოლოში გასულს, მაინც უფალი მხვდება. ყველა განსაცდელი ჭკუის სასწავლებელია. მეს ეს გზა აუცილებლად უნდა გამევლო...