„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე...“ - შორენა ბეგაშვილი მიმართვას ავრცელებს
1728848230
მამა თეიმურაზ ქორიძე თბილისიდან სოფელ დიდ ჩაილურში, ღვთისმშობლის შობის ტაძარში გადაასვენეს.
ხვალ, 23 აგვისტოს, წირვის დაწყებამდე, მას საგარეჯოში, წმ. დოდო გარეჯელის სახ. ტაძარში გადაასვენებენ.
დაკრძალვა შაბათს 24 აგვისტოს, წმ. დოდო გარეჯელი სახელობის ტაძრის ეზოში 14:00სთ-ზეა. სამუდამო განსასვენებელს დაიდებს ტაძრის ეზოში, სადაც 21 წლისა მივიდა და ცხრა წელი იმსახურა.
***
30 წლის მოძღვრის მოულოდნელმა გარდაცვალებამ სრულიად საქართველო დაამწუხრა. ფეისბუქი სრულიად მოიცვა მამა თეიმურაზის ინტერვიუების ნაწყვეტებმა, მისმა საინტერესო ქადაგებებმა... განსაკუთრებით თვალშისაცემია ის, რომ ამ კუთხით სასულიერო პირები აქტიურობენ. დიდი სიხშირით აზიარებენ მის ვიდეოებს. ახალგაზრდა მღვდელმა თითქოს ერთიანად გამოაფხიზლა ერიც და ბერიც...
ასე ზეცა ჩაგუბებული და გაცისკროვნებული თვალებით, იშვიათად გაგახსენდება მოძღვარი...
სხივი ჰქონდა. იქაური. ზეციური...
კამერა მგრძნობიარეა, სულს რეკლავს თვალებში. პირისპირ, ალბათ, ეს სხივი კიდევ უფრო ხილულად გამოკრთოდა მისგან...
რატომ დაგვწყდა ასე გული? რამ გვატირა? მისმა ახალგაზრდობამ, გულწრფელობამ, სიყვარულის მქადაგებლის წასვლამ, სინათლის მატარებელი გულის გაჩერებამ... თუ უღმერთოდ ყოფნაარჩეულმა სამყარომ?...
***
გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს "სოფლის მოძღვრის" ცხოვრებიდან; მოძღვრისა, რომელმაც 12 წლის ასაკში "აღმოაჩინა" თავისი ღმერთი და მას შემდეგ, უფლისკენ მიმავალ გზაზე, ბევრი ჩააგდო რწმენაში და მოაქცია.
"12 წლის ბავშვი მუხლებზე ლოცულობდა მცხეთის ჯვრის მონასტერში. იცოდა, რომ უნდა გამოსულიყო უბრალო ადამიანების მოძღვარი, მათი, ვინც სოფელში, მიწაზე მუშაობენ, საკუთარი ოფლით მოჰყავთ სარჩო-საბადებელი. მისი სიტყვებია, "მინდოდა სოფლის მოძღვარი ვყოფილიყავი."
როდესაც გავიცანი, ვიგრძენი, რომ მასზე წიგნი უნდა დამეწერა. ვუთხარი, ჩემს მეშვიდე წიგნს გვერდით გადავდებ და დავწერ წიგნს, რომელსაც დავარქმევ სოფლის მოძღვარს-მეთქი. დამეთახმა... ეს წიგნი არის მოძღვრის როლზე ქრისტიანის ცხოვრებაში" - ამბობს ციცი გურიელი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ გამოსცა წიგნი სწორედ ამ სახელწოდებით - "სოფლის მოძღვარი". წიგნში მოძღვრის ლექსებსა და მოთხრობებს გადააწყდებით.
მაინც რატომ ნატრობდა პატარა ბიჭი სოფლის მოძღვრობაზე?
მღვდელი თეიმურაზ ქორიძე: როდესაც სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე, იქ დავინახე, ადამიანები ტოვებდნენ სოფლებს და მოდიოდნენ ქალაქში. დიდი შემოდინება იყო ქალაქში. სოფლები ცარიელდებოდა. სანამ ჯერ კიდევ ენთო შუქი ერთ ოჯახში, მინდოდა თუნდაც იმ ერთი ადამიანისთვის მემსახურა სოფელში.
ჩემი აზრით, სასულიერო პირობა თავგანწირვაა. რაღაც უნდა გააკეთო სხვისთვის. ქალაქში უამრავი სასულიერო პირია, რაიონებში კი, სიმცირეა სასულიერო პირების. რთულია გაიგო რა ტკივილთან, ოფლთან გიწევს შეჭიდება, როდესაც სოფლის მოძღვარი ხარ. ჩვენი ცხოვრება მსხვერპლის გაღებაა. მაცხოვარი ბრძანებს, მე მოვედი, რათა გემსახუროთ. მღვდლის მოვალეობაც ესაა, იმსახუროს და არა თავად მოიმსახუროს სხვები. ჩემი მიზანიც ეს იყო, კენჭისოდენა აგური დამედო იმ საქმეში, რასაც სოფლის მოძღვრობა და სოფელში ადამიანის დახმარება ჰქვია.
თხოვნის სახით ვიტყვი, არასდროს დაივიწყონ ადგილი, სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ. იქ სჭირდება აღორძინება. განვითარებული და აღორძინებული სოფელი, ქალაქსაც და ქვეყანასაც დიდ საქმეს გაუკეთებს. მონდომებაა საჭირო იქ აკეთო შენი საქმე, სადაც ყველაზე მეტად სჭირდება. დღეს სოფელში კვალიფიცირებული ექიმი ჭირს.
ჩემი ნატვრა იყო სოფლის მოძღვრის პოპულარიზაცია მომხდარიყო, ამ სიტყვის კარგი გაგებით.
დიდ ჩაილურში რომ ჩავედი, იქ არაფერი იყო. საღვთისმსახურო წიგნებიც კი არ იყო, არც მედავითნე, ცხადია. ორი ადამიანი დადიოდა წირვაზე. და ჩვენ ორნი ვატარებდით წირვას.
დღეს ასზე მეტი მაზიარებელი დადის ტაძარში. სისტემატიურად მაზიარებელი აღმსარებელი. სოფელ მზისგულში ჩადი, ხალხს მიხედეო, რომ მითხრა მეუფემ, ჩავედი და დამხვდა მხოლოდ მინდორი. რა გამეკეთებინა? ტრაპეზი შევჭედე, მზისგულში, მზის გულზე დავიწყე წირვა. მერე ნელ-ნელა გადაიხურა, ამოშენდა, ორ მოხუც ბებოს ნელ-ნელა მიემატა ახალგაზრდები, მასწავლებლები... 21 წლის ვიყავი.
რამდენჯერ ყოფილა რომ სოფელში ტაძრამდე ხან ტრაქტორით ავსულვარ, ხან ცხენით, ხანაც - ვირით. რა მნიშვნელობა აქვს, რითი მიხვალ. მთავარია ტაძრამდე მიხვიდე.
***
ბავშვობაში ფეხბურთს ვთამაშობდი. მეგობარმა მითხრა, ჯვრის მონასტერში დახმარება სჭირდებათო. დაახლოებით 12-13 წლის ვიყავი. მთელი გუნდი მივედით. იქ გავიცანი მამა გრიგოლ ქოჩიაშვილი, რომელიც ჩემამდე საოცარი სიახლოვით მოვიდა. ჩემთან ერთად გახდა ბავშვი. ეს დიდი იმედის მომცემი იყო. მამა გრიგოლი ჩემი მოძღვარი გახდა. დავიწყე ჯვრის მონატერში სიარული. 14 წლის ვიყავი, როდესაც ვმედავითნეობდი. აღდგომის მარხვას ჯვრის მონასტერში ვატარებდი. თუ ფეხბურთში ვარჯიში მქონდა, ჩამოვდიოდი თბილისში. მამებიც ხელს მიწყობდნენ ამაში. იქიდან დაიწყო ჩემი ფიქრი და ნატვრა, რომ ვყოფილიყავი სოფლის მოძღვარი. დავინახე, რომ ადამიანისთვის სულიერი ცხოვრება აუცილებელია. აუცილებელია ტაძარი, რომ უფრო მეტად ძლიერი იყო, ვიდრე ხარ.
***
მე და ჩემმა მეუღლემ 15 წლის ასაკში გავიცანით ერთმანეთი და იქიდან მოყოლებული ერთად ვართ. არც ერთი ცხოვრებისეული გადაწყვეტილება შეუთანხმებლად არ მიგვიღია. ჩვენს ოჯახში ყველა გადაწყვეტილება შეჯერებული, გაანალიზებულია. ადამიანი ბედნიერია, როდესაც ის თავისუფლებას საყვარელი ადამიანისგან იღებს.
მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი გადაწყეტილება - სოფლის მოძღვარი ვყოფილიყავი, მეუღლისთვის დაბრკოლება არ იქნებოდა. ოჯახმა მალე აუღო ალღო სოფელში ცხოვრებას. ერთად მივდივართ, მოვდივართ წირვაზე. ბავშვები გზაში, მანქანაში გაიზარდნენ.
ჩემი მეუღლის მამაც მოძღვარია. მან იცოდა, როგორია სასულიერო პირის ოჯახში ცხოვრება და რთული იყო მისთვის. დედაჩემს არ სურდა სასულიერო სემინარიაში ჩამებარებონა. გურული ვარ, ცოტა ჯიუტი. ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა.
ყველაზე მთავარი ჩემთვის, როგორც მოძღვრისთვის, ადამიანთან ურთიერთობის შემეცნებაა. რთულია, მაგრამ სიკეთის მომტანი, როგორც მრევლისთვის, ისე საკუთარი თავისთვის. ნუგეშის მიცემა, პრობლემიდან რომ გამოიყვან და ბედნიერი თვალებით მიდის. შეუდარებელია.
რამდენ ადამიანს ვაზიარებთ, ვერ ვიმახსოვრებთ მოძღვრები, ბევრია აღმსარებელი. დიდ შაბათს 250 აღსარება ჩავიბარე. რთულია დამახსოვრება.
ერთხელ მოვიდა ერთი ადამიანი. ითხოვა, ახალგაზრდა, გამხდარი მამაო რომ არის, მისი ნახვა მინდაო. გავედი. ვერ ვიცანი. მე თქვენ სიკვდილს გადამარჩინეთო, მითხრა. საგარეჯოში, საავადმყოფოში მძიმე სნეულებით დაავადებულებისგან ვიბარებ აღსარებას და ვაზიარებ ხოლმე. ერთ-ერთი იმათგანი აღმოჩნდა. მეგონა, ისევ სჭირდებოდა დახმარება, ან აღსარება უნდოდა ჩაებარებინა. მაგრამ არა, მხოლოდ იმისთვის მოვედი, რომ მადლობა მინდა გადაგიხადოთო. აი, ეს სიხარული გაძლევს იმ ძალას, რომ შემდეგში ისევ იშრომო, მეტი ჩადო. ერთი მადლობა რამდენიმე თვეს გაძლებინებს. მუხტით ხარ.
***
"თავისუფალ დროს ჩემი ხუთი წლის ვაჟთან ერთდ ფეხბურთის თამაში მიყვარს. ეს არის განმუხტვაც და დასვენებაც ჩემთვის. იოანე ფეხბურთზე ახლახან შევიდა და უხარია."
***
მამა თეიმურაზს აქვს კრებული "ჩემო მაცხოვარო", რომელიც წლების წინ გამოუშვა. მაისში საპატრიარქოს არხზე სტუმრობისას თქვა:
"მაქვს ბევრი პირადი ჩანაწერი, რომელიც მხატვრულ ნიშნებს შეიცავს. მინდა გამოვცე წიგნი "მღვდლის დღიურები". იმედია, ღვთის წყალობით განვახორვციელებ. მინდა მოძღვრის ცხოვრების შესახებ ბევრი იცოდეს საზოგადოებამ. ზოგჯერ ჰგონიათ, რომ ჩვენ ციდან ჩამოფრენილი ანგელოზები ვართ. ასე არ არის."
მამა თეიმურაზ ქორიძე იყო სამი ტაძრის წინამძღვარი - საგარეჯოს წმინდა დოდო გარეჯელის სახელობის ტაძრის, დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის და მზისგულის მოციქულთა ტაძრის წინამძღვარი.
სექტემბერში პოსტ კოვიდური გართულებით მართვით სუნთქვაზე ერთი თვის მანძილზე იმყოფებოდა. ერი მის გამოჯანმრთელებას სთხოვდა უფალს. ეს უკვე მეორედ დაუძვრა სიკვდილს. პირველად ადრე, მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევისას, ბეწვზე რომ გადარჩა.
სიყვარულის გარეშე ამაო და ფუჭია ყველაფერიო, ქადაგებდა გაცისკროვნებული თვალებით.
"მაშინ, როდესაც სიკვდილის სარეცელზე ხარ, ერთადერთი, რაც კი დაგრჩენია და რაც კი მიგაქვს, არის სიყვარული.
დანარჩენი ამქვეყნიური და ამაოა. სადღაც ელოდები ღმერთთან შეხვედრას და იმედი გაქვს, რომ მას აუცილებლად იხილავ, რადგან ამის იმედით ცხოვრობ ადამიანი. მაგრამ ერთადერთს დანამდვილებით ხვდები, არაფერი არ არის ადამიანის ცხოვრება სიყვარულის გარეშე. სუნთქვა სიყვარულით უნდა გაჟღინთო და ყველას უნდა მიანიჭო სიყვარული. სიტყვა ძალიან ძვირფასია, ყველა წარმოთქმულ სიტყვას უნდა გაუფრთხილდეს ადამიანი. მუშტმა შეიძლება ისე ვერ გავნოს, როგორც სიტყვამ. ეს სიტყვები რჩება და მიგვყვება მარადისობაში...
იმდენად საშინელი ტკივილები მქონდა, ამ ქვეყნიდან გაყვანას ვთხოვდი უფალს. მაგრამ უფალმა ეს არ ინება. მეუღლეს დავპირებივარ, რომ დავბრუნდებოდი. ჩემი გადარჩენის ერთი პროცენტიც არ არსებობდა. მაგრამ აქ ვარ და მხნედ. ამან ერთი რამ დამანახა, ადამიანი არაფერი არ ხარ, ერთ წამში დამთავრდება ყველაფერი. თუკი ხარ, ხარ მხოლოდ გაცემული სიყვარულის გამო. დანარჩენი ამაოა..."
და 30 წლის მოძღვრის უკანასკნელი ქადაგება მხოლოდ ეს სიტყვები იყო - "მე თქვენ მიყვარხართ..."