„საფრთხეა თქვენი ჯანმრთელობისთვის“ - სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1763489688
უკრაინისთვის მიუწვდომელ და არარეალურ სამხედრო გარიგებებზე ხელის მოწერა ვერ იქნება პასუხი მოახლოებულ პოლიტიკურ და სამხედრო კრიზისზე, - ამის შესახებ გამოცემა The Telegraph წერს.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ბოლო კვირის განმავლობაში უკრაინის დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა პუტინის რაკეტებისა და დრონების მიერ კიდევ ერთი ძლიერი დარტყმის ქვეშ მოექცა. თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკი კორუფციულ
სკანდალში გაეხვა, რომელშიც მისი ზოგიერთი უახლოესი მოკავშირე ომისგან სარგებლის მიღებაშია დადანაშაულებული. მისი რეაქცია იყო პარიზში გამგზავრება, რათა ემანუელ მაკრონისთვის მხარი დაეჭირა და ხელი მოეწერა 100 ფრანგული Rafale-ის თვითმფრინავის, ასევე Ground Fire 300 რადარისა და SAMP/T საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენის შესახებ წერილზე.
რამდენიმე დღით ადრე ზელენსკი შვედეთის მთავრობასაც დაჰპირდა 150 უახლესი Gripen-ის გამანადგურებლის შეძენას. მან ასევე დადო შეთანხმება საბერძნეთთან ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტის შესახებ სამხრეთ-დასავლეთ უკრაინის მომარაგებისთვის.
"ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი საკმაოდ გონივრულად ჟღერს. საფრანგეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მოკავშირეა. კიევს, უეჭველად დასჭირდება გამანადგურებლები მომავალი თავდაცვისთვის. უკრაინის იაფფასიან რუსულ გაზზე დამოკიდებულების დასრულება უკვე დიდი ხანია სტრატეგიული ამბიციაა. მაგრამ არსებობს ფუნდამენტური პრობლემა: ყველა ეს გარიგება უბრალოდ ფანტაზიას წარმოადგენს. კიევს არ აქვს საკმარისი ფული თავისი 60 მილიარდი დოლარის ბიუჯეტის შავი ხვრელის შესავსებად, რომ აღარაფერი ვთქვათ მილიარდობით თვითმფრინავის შეძენაზე. უკრაინას, საკუთარი აღიარებით, თებერვლისთვის ფული არ ექნება, თუ ევროკავშირი არ დათანხმდება 140 მილიარდი ევროს სესხის გაცემას, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება რუსული აქტივებით, რომლებიც ძირითადად ბელგიის Euroclear-ის საერთაშორისო საბანკო საცავშია განთავსებული", - წერს The Telegraph.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ამ სესხის დაფარვის იმედი არ არსებობს, "თუ კრემლი რატომღაც არ იქნება იძულებული გადაიხადოს ომის რეპარაციები - რაც ძალიან შორეული შესაძლებლობაა". ამავე დროს, ხაზგასმულია ისიც, რომ მაშინაც კი, როდესაც ზელენსკი და მაკრონი ერთად დაესწრნენ აღლუმს და ხელი მოაწერეს მემორანდუმებს პარიზის ვილაკუბლეის საჰაერო ბაზაზე, საფრანგეთი კვლავ ადასტურებს, რომ ეწინააღმდეგება რუსული აქტივების კონფისკაციას, რადგან ეშინია სამართლებრივი შედეგების და ინვესტორების მიერ ევროპიდან მათი ფულის გატანის.
გამოცემის თანახმად, კიევში კორუფციული სკანდალი, ზუსტად მაშინ, როდესაც ზელენსკი აქტიურად ეძებს დაფინანსებას და იარაღს, ძნელად თუ შეიძლება იყოს უარესი. დასავლეთის მიერ მხარდაჭერილმა, უკრაინის დამოუკიდებელმა ანტიკორუფციულმა ბიურომ, NABU-მ, ზელენსკის უახლოესი წრის რამდენიმე წევრი დაადანაშაულა უკრაინის დაუცველი ატომური ელექტროსადგურებისთვის საჰაერო თავდაცვის მშენებლობიდან ქრთამის აღების სახით 100 მილიონი დოლარის მოპარვაში.
"რადგან ქვეყანაში რუსული დარტყმების გამო ელექტროენერგიის გათიშვის ზრდაა, მსგავსი სავარაუდო სპეკულაციები განსაკუთრებით ამაზრზენია. ის ფაქტი, რომ ზელენსკიმ გასული წლის ივლისში სცადა NABU-ს გამოძიებების შეჩერება სააგენტოს მთავრობის კონტროლის ქვეშ მოქცევით, სანამ ქუჩის საპროტესტო აქციები აიძულებდა მას საკამათო კანონის შეცვლას, კარგ შთაბეჭდილებას არ ტოვებს", - აღნიშნულია სტატიაში.
The Telegraph-ის თანახმად, ზელენსკი სამშობლოში მხარდაჭერას კარგავს. მისი პარტიის ერთგულმა წევრებმა კი, პრეზიდენტის მარჯვენა ხელის, ანდრეი ერმაკის, გადადგომა მოითხოვეს. ერმაკი ადრე იყო ზელენსკის და ტიმურ მინდიჩის მიერ დაარსებული სატელევიზიო საპროდიუსერო კომპანიის "კვარტალ-95"-ის მთავარი მრჩეველი. მინდიჩი კი, NABU-ს კორუფციის საქმის ცენტრშია, რომელიც ისრაელში პროკურორების მიერ მის სახლში ჩხრეკამდე სულ რამდენიმე საათით ადრე გაიქცა. ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, ზელენსკის მიმართ ნდობა 20 პროცენტამდე დაეცა და ნაციონალისტები მის ახლო წრეში მყოფი "მოღალატეების" "ლიკვიდაციას" მოითხოვენ.