„მართლა მთელი ცხოვრება გავიდა. ლაწირაკი ბავშვი ჩამოვედი, აბსოლუტურად გაუკვალავ გზაზე - „ვუსურვოთ „რუსთავი2“ის ვაშინგტონის ბიუროს დიდხანს სიცოცხლე“ - დავით ნიკურაძე

davit nikuradze

ჟურნალისტი დავით ნიკურაძე, რომელიც „კურიერის“ ვაშინგტონის ბიუროს წარმოადგენს, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. როგორც ჩვენი კოლეგა წერს, ამ თვეში რუსთავი 2-ის ვაშინგტონის ბიუროს 18 წელი შეუსრულდა. „პრაიმტაიმი“ ჟურნალისტის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„უი, წმინდაო ვიაჩესლავ, ამასობაში რუსთავი 2-ის ვაშინგტონის ბიურო სრულწლოვანი გამხდარა. 18 წელი შეუსრულდა ამ თვეში.

ასე მგონია, მთელი ცხოვრება გავიდა კი არა, მართლა მთელი ცხოვრება გავიდა. ლაწირაკი ბავშვი ჩამოვედი, აბსოლუტურად გაუკვალავ გზაზე და არაფერი ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, საიდან დამეწყო და რისთვის მომება თავი. ჩამოსვლიდან ზუსტად 1 წლის შემდეგ, უკვე ამერიკის პრეზიდენტთან ინტერვიუ მქონდა ჩაწერილი თეთრ სახლში. მაშინ ვერ მივხვდი. მართლა ვერ გავაცნობიერე რა იყო ეს.

იტალიაში ვიყავი, რომის პაპის, იოანე პავლე მეორის გარდაცვალებას და ახალი პაპის არჩევნებს ვაშუქებდი, ვაშინგტონიდან რომ დამირეკა მეგობარმა. დევიდ ხომ აქ ხარ, პრეზიდენტთან ინტერვიუ დადასტურდაო. ახლა იტალიაში ვარ, პაპის სატირალში მეთქი. მოიცა, რა იტალია, წამოდი ჩქარა, ბუშთან ინტერვიუს წერო. ისეთი გადარბენა და სიგიჟე მქონდა რომში, მაშინაც ვერ გავაცნობიერე, რას მეუბნებოდა. რედაქტორს კი დავურეკე, წამოვალ აქედან 2 დღეში და ამიღეთ უკან, ამერიკაში დასაბრუნებელი ბილეთი, ვაშინგტონში ბუში უნდა ჩავწერო მეთქი. „ეკაიფე ვის, იცი?“ - იყო პასუხი.

მოკლედ, დავბრუნდი ვაშინგტონში, ჩავწერე პრეზიდენტი და ინტერვიუ ეთერში რომ გავიდა, ინგა გრიგოლიამ დამირეკა. ვუპასუხე თუ არა, დაიწყო: არც საბჭოთა და არც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსგავსი არავის არაფერი გაუკეთებია. ასე, რომ ახლა შეგიძლია ან მოკვდე ან პენსიაზე გახვიდე, რადგან რისთვისაც უნდა მიგეღწია, მიღწეული გაქვსო.

არა, არ მოვკვდი და არც პენსიაზე გავსულვარ. ვის ახსოვდა ბუში, როდესაც 2 თვეში, ისევ რომში, ვია დეი კონდოტიზე ბულგარის სასახლეში ვიყავი და მსოფლიოს ყველაზე დახვეწილი საიუველირო სახლის მფლობელთან, ბულგარების დინასტიის მართლაც ყველაზე გამორჩეულ წარმომადგენელთან, ანა მარია ბულგარისთან ინტერვიუს ვწერდი. ვის ახსოვდა ძველი მასალები, როდესაც 2 თვის შემდეგ, ქარიშხალ კატრინასგან განადგურებულ ნიუ ორლეანში დავდიოდი და ვუყურებდი სახლებზე წითელი საღებავით მიწერილ ციფრებს, თუ რამდენი ცხოვრობდა იქ და რამდენი დაიღუპა. ამის შემდეგ მოყვა და მიჰყვა, ბრეივიკის თავდასხმები ოსლოში და კუნძულ უტოიაზე.

სტრესულ ვითარებაში მუშაობა და ინტერვიუ ქვეყნის პრემიერთან, იენს სტოლტენბერგთან, შემდეგ ბრეივიკის გასამართლება, მაიკლ ჯექსონის და უიტნი ჰიუსტონის ამბები, მანამდე ავღანეთის და ერაყის კამპანიები, ბუში უმცროსიდან მოყოლებული ყველა საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქება ამერიკაში, ინტერვიუები დიქ ჩეინისთან ვაიომინგში და არაერთხელ სენატორ მაკკეინთან, შეხვედრა ნიუ-მექსიკოში ლეგენდარული ჯერონიმოს შვილიშვილთან, რომელიც იელის უნივერსიტეტის უძველეს, საიდუმლო საზოგადოება „Skull and Bones“ ბაბუის თავის ქალის მოპარვაში ადანაშაულებდა, ოსკარების ცერემონია ჰოლივუდში, „მანდარინები“ და გადაღებები არაჩვეულებრივ ზაზა ურუშაძესთან.

ვაშინგტონელი სნაიპერის, ჯონ ალენ მუჰამადის სიკვდილით დასჯა ვირჯინიის გრინსვილის ციხეში, დოკუმენტური ფილმები ალასკაზე, გადაღებები სიეტლის ბოინგის ცენტრში და KLM-ის ულამაზესი პირველი სამი შვიდიანი, სენდი ჰუქის სკოლის ტრაგედია, აფეთქება ბოსტონის მარათონზე, ქართველი მიგრანტების დაღუპვა ჩრდილოეთ ატლანტიკის გაყინულ წყლებში, კანადაში შეღწევას რომ ცდილობდნენ, გადაღებები სირიის ამბებზე, როდესაც ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ ქვეყანას ათიათასობით დევნილი ტოვებდა, გადაღებები ტიტანიკის დაღუპვის 100 წლისთავზე ჰალიფაქსში, სადაც ტიტანიკის მგზავრები არიან დაკარძალულები და სადაც საზღვაო მუზეუმში დაღუპული გემის საოცარი ექსპონატები ინახება, გადაღებები კანადის წმინდა მარგარეტის ყურეში, სვისეარის 111-ე რეისის დაღუპვის ადგილას.

სამიტები, სამიტები, სამიტები... დიდი ოცეული, დიდი შვიდეული, ნატო. აი, პრაღის სამიტიდან მოყოლებული, ჩიკაგომდე. რა თქმა უნდა, ტრამპის ცხელი პოლიტიკური 4 წელი და აალებამდე მისული ტრანსატლანტიკური ხიდები. ბევრი ამბავი აღარც კი მახსოვს, იმდენი იყო. მართლა არ მახსოვს, რაღაცები მავიწყდება. იმ დღეს სადღაც თვალი ჯორჯ რობერტსონს მოვკარი და გამახსენდა, ნატოს გენერალური მდივანი რომ იყო, ბრიუსელში მასთან ინტერვიუ მაქვს ჩაწერილი. ერთი ერთზე, დამჯდარი ინტერვიუ. რომ არ დამენახა, არც გამახსენდებოდა

მოკლედ... ვუსურვოთ რუსთავი 2-ის ვაშინგტონის ბიუროს დიდხანს სიცოცხლე და კიდევ ის, რომ ინფორმაციის ღმერთის წყალობა არ მოჰკლებოდეს. Happy Anniversary!“- წერს დავით ნიკურაძე.