"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი

ნუგზარ კვაშალი

მუსიკოსი ნუგზარ კვაშალი, მისი შემოქმედებიდან გამომდინარე, რამდენიმე თაობისთვის მხოლოდ დადებით ემოციებთან ასოცირდება. მან ქართულ სცენაზე დაუვიწყარი სახეები შექმნა. ყოველთვის ხალისიანი ადამიანია, თუმცა, მის ცხოვრებას რთული პერიოდებიც ახლავს. რომლის შესახებაც თითქმის არსად საუბრობს. რამდენიმე წლის წინ, მის ცხოვრებაში ტრაგედია მოხდა, მუსიკოსის ძმა, ქალაქის კოლორიტი ალეკო კვაშალი გერმანიაში ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. გარდაცვლილი ძმის შესახებ მუსიკოსი «პრაიმ ტაიმს» ესაუბრა.

- ერთხელ, ღამე გამეღვიძა და მინდოდა, ჩამეწერა ის ადამიანები, ვინც ამქვეყნად აღარ არის, როცა 800 ადამიანზე ავედი შემეშინდა. ზოგი მიდის, ზოგი რჩება, მაგრამ ცხოვრება ანგრევს ყველაფერს და გრძელდება. როგორ წარმოვიდგენდი, თემურ წიკლაურის და ალექსანდრე ბასილაიას გარეშე ცხოვრებას?! ძალიან მაგარი "სასტავია" იქ და აღარ მეშინია. ღმერთმა დაიფაროს ყველა, შვილის გარდაცვალებისგან! რა ემართება მშობელს მაგ დროს, არ ვიცი, მაგრამ ხომ ვიცნობ ასეთ ადამიანებს?! ყველა მშობელი უბედურია, რომელიც მოესწრება შვილის სიკვდილს. როცა ჩემი ძმა წავიდა, საიდან გამომგლიჯეს გული, თუ სხვა ნაწილი, არ ვიცი.

- მოულოდნელი იყო თქვენთვის ძმის დაკარგვა?

- ღვიძლის პრობლემა ჰქონდა, გერმანიაში მიდიოდა, ვიცოდი, მძიმე მდგომარეობა იყო, მაგრამ იმედიანად წავიდა. მეგობრებიც დაგვეხმარნენ. ბოლოს რომ დარეკა, არ მესიამოვნა, რაც მითხრა, ბიჭებმა იმდენი თანხა მომცეს, საქართველოში ცოცხლად ჩამოსვლა ტეხავსო... ოპერაცია დასრულდა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ვიქეიფეთ კიდეც თბილისში და ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო. ახლა ხშირად დავდივარ მის საფლავზე, მშობლებთან დავკრძალეთ, იყო საშუალება, სხვაგან დაგვესაფლავებინა, მაგრამ მაინც ასე გადავწყვიტეთ. მივდივარ, ველაპარაკები მას და მშობლებსაც. კი, ვიცი, რომ იქ არავინ არის, მაგრამ მაინც მივდივარ. ჩემი ძმა ყოველთვის ჩემთან იქნება.