დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ომი დაიწყო თუ არა, გიგი დედალამაზიშვილის უკრაინელი ცოლის, მარინა კარპის ემოციური ვიდეო გახსოვთ, ალბათ. ფოტოგრაფის აცრემლებულმა კადრებმა სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება პოვა.
"მგზავრების" სოლისტმა და მარინამ ერთმანეთი კიევში გაიცნეს და მალევე იქორწინეს. წყვილს ორი შვილი ჰყავს.
გიგის დედა, მუსიკოსი ციცი ფალავანდიშვილი გვიყვება, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე, რაც მარინა მათი რძალია, ზაფხულს უკრაინაში ატარებენ და ეს საოცარი ქვეყანა, დანგრეული და ნაომარი, ვერ წარმოუდგენია.
ციცი ფალავანდიშვილი: მარინას მშობლები კიევში ცხოვრობენ. 20 წლის ძმა ჰყავს, ანგელოზივით ბიჭი. ზუსტ ადგილსამყოფელს არც ვეკითხები, ზუსტად გამიგეთ. ვკონტაქტობთ. ერთ-ერთს თუ მოგვწერეს, უკვე ბედნიერებაა.
მარინას ორი ასაკოვანი ბებია ჰყავს. იცით, რა მითხრეს? ჯარისკაცებისთვის სადილებს ვაკეთებთო. ალუბლის პელმენშიკებს და კომბოსტოს ღვეზელებს ვაცხობთო. ცოცხლად ინახავენ ალუბალს და უგემრიელეს ვარენიკებს ამზადებენ. ბებოებთან ერთად, მარინას დედაც ამზადებს სადილებს და ჯარისკაცებთან ჩააქვთ.
როგორმე ჩამოდით-მეთქი, მარინას ოჯახის წევრებს რომ ვუთხარი, იცით, რა მიპასუხეს: ეს ჩვენი სამშობლოაო!..
პასუხი ვერ გავეცი. ისეთი კონკრეტული იყო ეს პასუხი, შემრცხვა რატომ შევთავაზე ჩამოსვლა-მეთქი. საოცარი ხალხი და საოცარი ქვეყანაა... მშვიდობა მისცეთ ღმერთმა.
მიჯაჭვულები ვართ ტელევიზორს. მე ნაკლებად. ბოლო დროს აღარ ვუყურებ.
მარინას არ ვაწუხებ ზედმეტად. ვიცი, რასაც განიცდის და რა ვკითხო? ზედმეტად ჩემი ემოციებით არ ვტვირთავ. გიგის მეშვეობით ვეკონტაქტები. ისიც გრძნობს ჩემს დამოკიდებულებას და დედასი მადლობელი ვარო, ამბობს.
ჩაფრენილია გიგიზე. ორივეს ძალიან უყვართ ერთმანეთი. მე ამით ვარ ბედნიერი.
"მგზავრებს" მარტში კონცერტი უნდა ჰქონოდათ უკრაინაში, გიგი ემზადებოდა...
ჩემი ლამაზი უკრაინა ნაომარი და ასეთი განადგურებული ვერ წარმომიდგენია...
ეს თორმეტი წელია, რაც მარინა ჩვენი რძალია, ზაფხულობით, მე ჩემს შვილიშვილებთან - გიგის და ნინის შვილებთან ერთად ჩავდიოდი კიევში, ყირიმში, კარპატებში...
გიგის ლიზი ექვსი წლისაა, ნიკუშა - სამის. ჩემი ნახევრად უკრანელები... უფროსმა შვილიშვილმა, ცხრა წლის ელენემ ისწავლა უკრაინული. არ მინდა ხელებით ველაპარაკო ირასო (მარინას დედას). კედლებზე უკრაინის დროშები დამიხატა.
მე არ მინდა ბავშვებს აგრესია განუვითარდეთ ვინმეს მიმართ. ვუხსნი, რომ ეს ომი ერთი ცუდი ადამიანის ბრალია-მეთქი. მინდა სიყვარულით გაიზარდონ.
დუმბაძის ოლღა ბებიასი არ იყოს, რაც მე პუტინს ვწყევლი, რაფერ უდგას სული პირში.
ბოროტება დამარცხდება. მანამდე უნდა გავუძლოთ. სინათლეს უკეთ დავინახავთ, უკეთ მოვეფერებით და ხელს ჩავკიდებთ ერთმანეთს. ასე მგონია.