Exclusive: უკრაინის პირველი ლედი ჩემი შეკერილი სამოსით დადიოდა... - ავთანდილი უკრაინაში გატარებულ წლებზე

avtandili

ავთანდილ ცქვიტინიძეს უკრაინასთან საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს. როგორც დიზაინერი "პრაიმტაიმთან" ამბობს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთში აწყობილი კარიერა დაანგრია და უარი თქვა იქ მოღვაწეობაზე. ადგა და უკრაინაში გადავიდა...

ავთანდილი: მე ვიყავი მოსკოვის მოდის კვირეულის დიზაინერთა საუკეთესო ათეულის წევრი. რამდენიმე წელი  მოსკოვის მოდის კვირეულში ვმონაწილეობდი. მაგრამ 2008 წლის ომის შემდეგ, უარი ვთქვი მათთან თანამშრომლობაზე, აწყობილი კარიერა დავანგრიე და გადავბარგდი უკრაინაში.

უკრაინის მოდის კვირეულის მესვეურებს მოსკოვიდან ვიცნობდი, ჩემს ჩვენებებს ესწრებოდნენ. ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მე უკრაინაში მათთან სათანამშრომლოდ გადავიდოდი.

კიევში ჩასვლის დღიდან ისეთი პოპულარული გავხდი, რომ არ დაგესიზმრება. მაშინდელი პრეზიდენტი, ვიქტორ იუშჩენკო თავისი ოჯახით, საოცარი ადამიანები... ჩემს ჩვენებებს ესწრებოდნენ, სადილებზე მეპატიჟებოდნენ. წარმოიდგინეთ, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად "ბორშჩს" გეახლებოდით. და ეს ხდებოდა, არა ოფიციალურ წვეულებაზე, არამედ, ჩვეულებრივ ოჯახურ სადილებზე.

შეიკრა დიდი სამეგობრო წრე. პირველი ლედი ჩემი სამოსით დადიოდა...

კიევში მქონდა ორი მაღაზია. მერე ომის დროს დაინგრა...

რაც შეეხება უკრაინელ ხალხს, იცით, როგორები არიან?! შეუძლიათ ნიჭიერებით აღფრთოვანდნენ. ამას გამოხატავენ და გაფასებენ. როცა სერიოზულ ნაბიჯებს დგამ, ყველგან მტრად და კონკურენტად აღგიქვამენ. უკრაინაში ასე არ არის. საოცარი ხალხია. ყველა ერთიანად გიღებს.

ომის რომ დაიწყო, ყველას ისტერიულად ვწერდი, როგორ ხართ-მეთქი, ვკითხულობდი მოდელებიდან დაწყებული, ყველა იქაურ მეგობარს.

ეს ომი ყველას გვეხება. არარეალურ რეალობაში ვართ ამწუთას. ხვალ შეიძლება მსგავსი რამ ყველას დაგვემართოს. უკრაინის ომი მთელი სამყაროს ნგრევაა...

ინერციის დონეზე ვარ. თითქოს ომის დროს, ფუნქციას ვკარგავთ ადამიანები.

ჯერ იყო და პანდემიამ გამოგვკეტა ნაჭუჭში, შიში, გაორება, აგრესია, ნევროზი დაგვმართა. გამოცდა მოგვიწყო. ახლა შიში, სიმამაცე და პროტესტი ერთმანეთს გადაება და ინერციით გვატარებს. თავში დუღილია. ეს გეგმა გაქვს, ის გეგმა გაქვს და უცებ ომი გახსენდება და გირტყამს, ხომ არ ღადაობ? რა გეგმა? რა გეგმა გაქვს, ავთო? მოდი, ვიცინოთ... რას დაგეგმავ ამ ვითარებაში?..

ამდენად, თუ ეს ომი ახლა ვინმეს არ ადარდებს, კითხვა უნდა დავსვათ, ადამიანი არის საერთოდ?