„მამინაცვალმა დედას ისე სცემა, ინსულტი მიიღო, ერთხელ, უკვე ინსულტგადატანილს სცემა“ - რას უყვება „პრაიმტაიმს“ 11 წლის ბიჭი, რომელიც დედას უვლის

გაჭირვებული

51 წლის თამარ ყურაშიძეს, რომელიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლია, ხუთი იშემიური ინსულტი აქვს გადატანილი.

ავადმყოფი ქალი, ასევე ძალადობის მსხვერპლი, არასრულწლოვანი შვილების ანაბარაა დარჩენილი.

თამარ ყურაშიძეს გადაადგილება და მეტყველება უჭირს, ამიტომ მისი თანხმობით, ოჯახის უმძიმეს მდგომარეობაზე, " პრაიმთაიმს" 11 წლის ბიჭი უყვება.

„ძალიან პატარები ვიყავით, მამამ რომ მიგვატოვა და მასზე აღარაფერი ვიცით. მერე ლოთ მამაინაცვალთან ვცხოვრობდით, რომელიც ჩვენზე ძალადობდა. ერთი ცემის დროს, დედას თირკმელი გაუჩერდა და ინსულტმა დაარტყა. ერთხელ, უკვე ინსულტგადატანილს სცემა და ისევ გაუმეორდა. ჩვენზეც ფსიქოლოგიურად ძალადობდა, ზედ იწევდა და დედა გვეფარებოდა. პოლიციაში წახვალ და ბავშვებს თვალწინ დაგიხოცავო, ემუქრებოდა. ხუთი წელი ვიცხოვრეთ ამ უბედურებაში“, -ჰყვება ბიჭი.

ხუთწლიანი ძალადობის შემდეგ თამარ ყურაშიძემ, შვილებთან ერთად გაქცევა გაბედა და ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, სოფელს შეეკედლა.

„ბოლოს დედამ გაბედა და გამოვიქეცით. აქ ერთმა კარგმა ადამიანმა შემოგვასახლა. რთული პირობებია, ძალიან გვიჭირს. სახლს ფანჯრები არ აქვს, მხოლოდ დენი გვაქვს, გაზი არ არის და ღუმელზე ვაკეთებთ საჭმელს. ისიც, რა საჭმელია, ნეტავ გაჩვენათ. არის შემთხვევები, როცა მე და ჩემი 16 წლის და, მხოლოდ პურზე ვართ. გვშია, მაგრამ დედასთვის წამლები გვირჩევნია. ჩვენ ვუვლით, წამლებს ვასმევთ, ვუცვლით, ვურეცხავთ. ახლა ორი დღეა, წამალი არ გვაქვს და ფეხზე ვერ დგება"- გვეუბნება არასრულწლოვანი.

მოძალადე მამინაცვალს, სასამართლომ ხუთწლიანი პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობის ორი წელი უკვე გავიდა და ბიჭი ამბობს, რომ ავადმყოფ დედას მამინაცვლის დაბრუნების შიში აქვს.

„დედას ეშინია, როცა გამოვა, არ მოგვაკითხოს. შეგეხვეწათ, არ დაწეროთ, სად ვცხოვრობთ. ამბობს, შვილებზე მეშინია, თორემ რომ მომკლას კიდეც, დავისვენებო. მე არ მეშინია, დიდი ვარ უკვე, ყველას დავიცავ. ეს არ მაფიქრებს, ოღონდ დედას წამლები ჰქონდეს, რომ საწოლში არ იწვეს. საავადმყოფოდან 36 კილო გამოვიყვანეთ, ბოლოს, ინსულტი ქუჩაში დაემართა"- ამბობს ბიჭი.

ყურაშიძეების შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარება და ინვალიდობის პენსიაა, რომელიც ძვირადღირებულ მედიკამენტებსაც არ ჰყოფნის.

არასრულწლოვანი და- ძმა, იმავე სოფლის სკოლაში დადის, სადაც ოჯახს თავი აქვს შეფარებული. ბიჭი ჰყვება, რომ ტანსაცმლით და სხვა აუცილებელი ნივთებით, ზოგჯერ კეთილი ადამიანები ეხმარებიან.

ყველაზე მეტად, 11 წლის ბიჭს საზოგადოების მოლოდინი აქვს, რომელიც მისი ოჯახის მძიმე ისტორიას წაიკითხავს და ავადმყოფ დედას, დახმარების ხელს გაუწვდის.