„მაგან მე ტიციანი მომიკლა და პაოლო" - ვაშლის გამყიდველი სტალინზე

vashli

"რა ქვეყანაში გვიცხოვრია და არა გვცოდნია... პოეზიისა და ლიტერატურის უზომოდ მოყვარული ვაშლის გამყიდველების ქვეყანაში​" - ასე ეხმაურება ჟურნალისტი ლელა ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში ხილის გამყიდველთან საუბრის ისტორიას.

სანამ ჟურნალისტი "ბროწკის" არჩევდა, გამყიდველი ჯერ კარალეთზე, მერე მწერალ-პოეტებზე ესაუბრა და ბოლოს, საბჭოთა ტირანიის შედეგებზეც...

"ქვემოთ, ეზოში გარე მოვაჭრეს, ხანში შესულ კაცს ვაშლი ავაწონინე. „ბროწკი“... სულ ნაღები... ჩემი ბაღისააო... გორის რაიონიდანა ვარ, კარალეთი თუ გაგიგიაო. როგორ არა-მეთქი..,

"გაგონდება თუ არა კარალეთის დღეები"... დავიწყე მე და დაასრულა მან... ბოლომდე ზეპირად თქვა... ისეთი აღტაცებით...ნიკოც ძალიან მიყვარს სამადაშვილიო... ჩვენებური კაციო... სულ ზეპირად ვიციო... ძალაუნებურად მამახსოვრდებაო... მანქანაში ვათევ ღამეებსო...

წიგნებითა მაქვს სავსეო... ვკითხულობ... გულს ვაყოლებო... ჩემი დარდის წამალი ეგააო... გვერდზე რომ კაცი დგას ძველ წიგნებსა ყიდის. მე მიტოვებს ხოლმე და „ულისე“ ექვსჯერ წავიკითხე, ყიასაშვილის თარგმანიო...

- ძიაკაცო, ერთი ეს მითხარი, სტალინზე რა აზრისა ბრძანდები-მეთქი.. მაინც გორელი რახან იყო..

-  რა აზრისა უნდა "ვიყვე", მაგან მე ტიციანი მამიკლა და პაოლო მამიკლაო...

წამოვედი ამაყად. რა ქვეყანაში გვიცხოვრია და არა გვცოდნია... პოეზიისა და ლიტერატურის უზომოდ მოყვარული ვაშლის გამყიდველების ქვეყანაში!" - წერს ლელა ჩხარტიშვილი.