„ლევანი გარეთ გამოვარდა... რას ხედავს ჩემი თვალებიო და ცრემლმორეული დადგა...“ - უცნობი ისტორია ლევან რატიანზე

რატიანი

„პრაიმტაიმი“ წამყვანი ექიმების უცნობ ისტორიებს გაცნობთ.  ამჯერად, გთავაზობთ ინტერვიუს ქალთან, რომელიც 2 კვირის განმავლობაში გათიშული, რეანიმაციულ განყოფილებაში აპარატზე იყო შეერთებული. როგორც აღმოჩნდა, ის ლევან რატიანს ბავშვობიდან იცნობს, სწორედ მან მოყვა აქამდე ბევრისთვის უცნობი ისტორია ცნობილ ექიმზე.

სვეტლანა ხურცილავამ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში თვე და 20 დღე გაატარა, ხოლო მისმა მეუღლემ - 2 თვე.

„ვარ ადამიანი, რომელიც სიკვდილს გადავურჩი და 2 კვირა ვიმოგზაურე იმ ქვეყანაში, მართლაც რომ სიცოცხლე მშვენიერია. სიცოცხლე დედამიწაზე ფასდაუდებელია, რომელსაც არ ვაფასებთ. სამი რამ არის აუცილებელი სიცოცხლისათვის: რწმენა, სიყვარული და სიკეთე. როცა რწმენა გაქვს უფლისა, ყველაფერს აკეთებ. რწმენა შობს სიყვარულს, სიყვარული შობს სიკეთეს. სიკეთე არ იკარგება.

ახლგაზრდა ექიმს, ლევან რატიანს უფალმა სამივე ჭეშმარიტება მიანიჭა. ოჯახს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, სადაც გაიზარდა. ექიმების ოჯახის პატიოსანი შთამომავალია. ბიჭს, რომელსაც ინტერესი ჰქონდა, რომ გამხდარიყო ექიმი, მეხუთე კლასამდე ყველა ენციკლოპედია წაკითხული ჰქონდა. ეს მაშინ, როცა მისი თანატოლები ბურთით თამაშობდნენ. ბაბუის ბიბლიოთეკაში იჯდა და წიგნს კითხულობდა.

ლევანი ჩემი მაზლიშვილის კლასელი იყო, ერთ მერხზე ისხდნენ. მისი მეგობარი 18 წლის ასაკში ცხენიდან გადმოვარდა და თავის ქალის ტრავმა მიიღო. არამიანცის საავადმყოფოში იწვა. ლევანი მაშინ პირველკურსელი იყო და გვერდიდან არ სცილდებოდა. ის შედიოდა რეანიმაციაში თეთრი ხალათით, როგორც პრაქტიკანტი.

ეს ის პერიოდი იყო, როცა საქართველოს ძალიან უჭირდა: არც შუქი, არც წამლები, თეთრეულიც კი პატრონს მიჰქონდა. ახლა ყველაფერი მოწესრიგებულია. ოჯახს დიდი ხარჯი ჰქონდა, ძალიან უჭირდათ. სამი შვილი მივატოვე, მე ვუკეთებდი საჭმელს, დეზინფექციას ვუკეთებდი ყველაფერს.

ერთ დღეს გამწარებული ლევანი გარეთ გამოვარდა და დაიძახა: მე არ ვიყო ადამიანი, თუ რეანიმაცია საქართველოში ფეხზე არ დავაყენოო. ეს რას ხედავს ჩემი თვალებიო და ცრემლმორეული დადგა. გარეთ ხალხი, ნათესაობა კითხვებს უსვამდა, თუმცა, ლევანი იდგა და ხმას არ იღებდა.

იმ დღიდან, თავდაუზოგავი შრომით 20 წლის მანძილზე მიაღწია ასეთ პროფესიონალიზმს, იყო ექიმი ამას ჰქვია.

38 წელია ბაღში პედაგოგი ვარ, ვირუსი მთელ ოჯახს გადავდე, ნათესავებს, ძალიან ვნერვიულობდი. ნერვიულობის გამო მდგომარეობა დამიმძიმდა, მეშვიდე დღეს რეანიმაციაში გადამიყვანეს. 2 კვირა უგონო მდგომარეობაში ვიყავი. აღდგომის დღეებში, წითელ პარასკევს მოვედი გონს.

უფლის დახმარებით, ლევანმა ძალიან დიდი შრომა გაწია. მეც და ჩემი მეუღლეც ფილტვის 24%-იანი დაზიანებით ვიყავით. დავსივდი, ქორწინების ბეჭედი მოვიხსენი და ლევანის მივეცი, ჯიბეში ჩაიდო და შემდეგ ჩემი მეუღლისთვის პალატაში გადაუცია. მეუღლემ იფიქრა, რომ მე გარდავიცვალე. რეანიმაციიდან ცნობები მარტივად არ გამოდიოდა. ყველა ღონეს ხმარობდნენ ექიმები ჩემს გადასარჩენად.

დაუფასებელი ღვაწლი და შრომა აქვთ ექიმებს, პირი კარგად გამოირეცხონ, სანამ მათ ახსენებენ. ის სიტუაცია გამოსცადონ და მერე ილაპარაკონ“, - უთხრა „პრაიმტაიმს“ სვეტლანა ხურცილავამ.