„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
პანდემიის დაწყებიდან დღემდე „პრაიმთაიმი“ ვირუსთან მებრძოლ, წინა ხაზზე მდგომ ექიმებს სულ სხვანაირი რაკურსით გაცნობთ. ვცდილობთ, ზღვა ნეგატიური ინფორმაციის ფონზე წინ წამოვწიოთ ამბები მათ ინტერესებზე, ოჯახებზე, შვილებზე და ა.შ.
წამყვან სპეციალისტებს შორის ერთ-ერთი ლევან რატიანია, რომელსაც უამრავი მადლიერი პაციენტი ჰყავს, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი, ასევე უცნობი ადამიანები.
მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბევრი რამით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, აერთიანებთ მთავარი - ლევან რატიანის უზარმაზარი ძალისხმევა და მეორედ ნაჩუქარი სიცოცხლე.
„პრაიმთაიმი“ გაგაცნობთ ადამიანებს, რომლებმაც მძიმე მიმდინარეობის ვირუსი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დაამარცხეს.
თამარ პეტრიაშვილი: კორონავირუსის პირველი ტალღის დროს დედაჩემი დაინფიცირდა. მოვხვდით ლევან რატიანთან, რომელმაც აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა, იზრუნა მაქსიმალურად რომ გადარჩენილიყო. 80 წელს მიტანებული ქალისთვის რომ იბრძოლა ასე, წარმომიდგენია ახალგაზრდებისთვის რას აკეთებს.
იქვე იყო ჩემი ძმაც. ორივე ერთად დაინფიცირდა.
პანდემიის დაწყების შემდეგ გავიგეთ ლევან რატიანის შესახებ. დედაჩემი რომ უყურებდა მის ბრიფინგებს, ამბობდა, თუ დამემართა მე ვირუსი, ეს ბიჭი აუცილებლად გადამარჩენსო. მისი იმედი ჰქონდა და მართლაც მისი გადარჩენილია.
ირაკლი იმნაიშვილი კამერით რეანიმაციაში რომ შევიდა, პაციენტი დამძიმდაო რომ თქვეს, დედაჩემზე იყო საუბარი. სულ შემთხვევით შემხვდა გადაცემა ფეისბუკზე, ვნახე კადრები, როგორ გადაიყვანეს დედაჩემი პალატიდან, ვიცანი მისი დასაფარებელი. ვხედავდი როგორ ჩაიცვეს სპეც-აღჭურვილობა.
ჯერ სანამ დედა პალატაში იყო, ზარებსაც პასუხობდა ლევანი. არანაირი ნაცნობობა არ გვაკავშირებს. ლევანს ვთხოვე, თუ შეგიძლიათ, დედასთან შეხვიდეთ და დაენახოთ, იმდენად უყვარხართ, ამით უფრო მოძლიერდება მეთქი. მართლაც შემისრულა ეს თხოვნა. შემდეგ დედამ მითხრა, რომ ლევანი მართლაც ყოფილა შესული, გამამხნევა, ყველაფერი კარგად იქნება, ნუ გეშინიაო.
მეორე თუ მესამე დღეს დედა ვერ მელაპარაკა, სუსტად იყო. ლევანს მივწერე, თუ შეგიძლიათ შეხვიდეთ მეთქი. ახლავეო, ზუსტად მაშინ იყო ის კადრები გადაღებული, „რუსთავი 2“-ის ეთერში რომ გავიდა.
დედა 1 თვეზე მეტი იწვა ბატონ ლევანთან. მოვახერხე და ბრიფინგზე დავხვდი. ვუთხარი, ვინც ვიყავი. დამაიმედა და დამამშვიდა.
შემდეგ დედა გამოწერეს, ფეხზე ძლივს დადიოდა. ლევანი ყოველ დღე რეკავდა, კითხულობდა, მოვალ ვნახავო. ვუთხარი, გარეუბანში ვცხოვრობთ, ამ სიშორეზე როგორ მოხვალთ-თქო, თბილისის გარეუბანში კი არა დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი რაიონი დაასახელა, პაციენტის მოსანახულებლად იქ ჩავსულვარო.
ჩვენ ეს ყველაფერი ისე გვამშვიდებდა, ყოველ დღე კითხულობდა, თან კატეგორიულად მაფრთხილებდა, მდგომარეობა რომ შეიცვალოს 1 წუთითაც არ გადადო, დარეკე და მითხარიო.
ერთ-ერთი წამალი დეფიციტის გამო ვერ ვიყიდეთ, რას ნიშნავს ვერ იყიდეთ, მოდი ჩემთანო, მთლიანი ფირფიტა გამატანა.
იყო ერთი შემთხვევა, მომერიდა და ვერ დავურეკე. დედას ალერგიული გართულება ჰქონდა. მეორე დღეს დავურეკე და რომ მკითხა, როდის გამოვლინდაო და გაიგო 2 დღის წინ, მისაყვედურა. რატომ არ დამირეკე, რას ნიშნავს მოგერიდაო... შეეძლო, ასეთი თავდადებით არ მიდგომოდა დედაჩემის გამოჯანმრთელებას, მაგრამ მეტი რაღა უნდა ექნა, გაოგნებული ვიყავი.
2 კვირის წინ მე დავინფიცირდი. ვერავინ დამეხმარა, გართულებული კოვიდვითარების გამო სასწრაფოც ვერ მოდიოდა, ლევანთან დარეკვა მერიდებოდა, ახლობელი ექიმებიც ვერ მპასუხობდნენ. ტანზე მოლურჯო, ბადისებრი გამონაყარი მქონდა. იძულებული გავხდი, გავბედე და ლევანს დავურეკე. მითხრა, ახლავე მოდი და ინფექციონისტს ვაჩვენოთო. დამაწვინეს მიმღებში და მკურნალობის კურსი ჩამიტარეს. ღვთის მადლით კარგად ვართ.
ოთარ მაზმიშვილი: 67 წლის ვხდები. ფილტვების 14%-იანი დაზიანება მქონდა. რეანიმაციაში გამაქანეს. ჩავედი თუ არა, რატიანი მოვიდა პალატაში, მომინახულა. სასწრაფოდ ავიყვანოთ რეანიმაციაში, 4 დღეში მოვარჩენო. მართლაც, 4 დღე ვიყავი იქ, შემდეგ ქვემოთ ჩამომიყვანეს. სულ 11 დღე ვიწექი. თავს მევლებოდა ყველა: ექიმი, ექთანი, სანიტარი. რატიანი ბუნჩულა, ძალიან კარგი პიროვნებაა.
ჩემი მეგობარი თვე-ნახევარი ინფექციურ კლინიკაში იწვა, ძლივს გადავარჩინეთ. რომ გამოვიდა, სადღეგრძელო შემოიღო: სანიტრებს, ექთნებს გაუმარჯოთო. მეც მაგ სიას დავემატე. ძალიან მომზადებული ხალხია. ყველაზე გასახარი ისაა, რომ ახალგაზრდა გოგო-ბიჭები დაფრინავენ, რეანიმაციაში გავლა-გამოვლაზე ზოგი ტაბლეტს მტენიდა, ზოგი ნემსს მიკეთებდა.. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.
ირაკლი გოგინავა: ფილტვის 24%-იანი დაზიანება მქონდა, ლევან რატიანი რომ არა, ცოცხალი არ ვიქნებოდი. სიტყვებს ვერ ვპოულობ, როგორ გამოვხატო მადლიერება არ ვიცი. 10 დღე რეანიმაციაში, 10 დღე პალატაში ვიმყოფებოდი. სარკეში არ ვიხედები ალბათ იმდენჯერ, რამდენჯერაც ლევან რატიანი შემოდიოდა და მნახულობდა. მხოლოდ მე კი არა, ყველა პაციენტი მისი ყურადღების ქვეშ იყო.