ლევან ჟორჟოლიანი: პირველი სექტემბრიდან გამოვაცხადებთ დაახლოებით 3 000 ვაკანსიას პრემიერის მიერ ინიციირებულ ანაზღაურებად სტაჟირებაზე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი თაობა შემოვიდეს საჯარო სამსახურში

ლევან ჟორჟოლიანი

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი სისხლი, ახალი თაობა შემოვიდეს საჯარო სამსახურში, პირველი სექტემბრიდან გამოვაცხადებთ დაახლოებით 3 000 ვაკანსიას ანაზღაურებად სტაჟირებაზე, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, წინა წელს სტაჟირების მონაწილეთა თითქმის 50%-მა ან გააგრძელა სტაჟირება, ან დასაქმდა სახელმწიფო უწყებაში, სადაც სტაჟირება გაიარა.

„ამ პროგრამით სრულიად ახალი თაობა, მოტივირებული ახალგაზრდები შემოდიან საჯარო სტრუქტურებში, რომლებიც უნდა ემსახურონ საკუთარ ქვეყანას, მიიღონ გამოცდილება, კვალიფიკაცია აიმაღლონ და მიიღონ კიდევ უფრო მეტი ცოდნა. მერწმუნეთ, საჯარო სექტორში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ცხოვრების ყველა ეტაპზე, შეიძლება, მათ შორის ბიზნესშიც გამოადგეთ ამ ახალგაზრდებს და ძალიან ვგულშემატკივრობთ ამ პროგრამას. ეს პრემიერის ინიციატივაა. ჩვენ მუნიციპალიტეტებს ვთხოვეთ, გაეზარდათ კვოტები სტაჟირების მიმართულებით, რათა უფრო მეტ ახალგაზრდას ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარ რეგიონში გაიაროს ანაზღაურებადი სტაჟირება“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.